დეპუტატები სხდომებს აცდენენ, მაგრამ ხელფასს დანაკლისის გარეშე იღებენ

დეპუტატები სხდომებს აცდენენ, მაგრამ ხელფასს დანაკლისის გარეშე იღებენ

2013 წლის 1-ელი აგვისტოდან მიმდინარე წლის 13 მარტის ჩათვლით, პარლამენტის პლენარულ და საკომიტეტო სხდომებზე 1 701 გაცდენა დაფიქსირდა. თუმცა, ხელფასის 10 პროცენტი რეგლამენტისამებრ, მხოლოდ როლანდ ახალაიას დაექვითა.

ამ მოწვევის პარლამენტის „აქილევსის ქუსლი“ კვორუმია, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვა საკანონმდებლო ორგანომ რატომღაც ახლა დაიწყო.

თუ აქამდე საკომიტეტო სხდომის დაწყების მიზნით, დეპუტატთა „თხოვება“ ხდებოდა და ამ გზით კვორუმის შევსება, ბოლო პერიოდში, ამა თუ იმ კომიტეტის აპარატის თანამშრომლები დეპუტატებს შენობის ფლიგელებში ეძებენ და მათ დასწრების ფურცლებზე ხელს აწერინებენ, რის შემდეგაც სხდომა გახსნილად ცხადდება. სხდომა კი, ორი-სამი დეპუტატის მსჯელობის ფონზე მიმდინარეობს, მაშინ, როდესაც კომიტეტებში კანონმდებელთა რაოდენობა 13-15 დეპუტატით განისაზღვრება.

კვორუმის პრობლემის თაობაზე for.ge-მ რამდენიმე მასალა გამოაქვეყნა და საკითხის შეფასება რამდენიმე თვის წინ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ვთხოვეთ. მაშინ, სპიკერმა გვირჩია, რომ შეგვემოწმებინა დეპუტატები სხდომებს რეალურად „ოჯახური მდგომარეობის“ გამო აცდენდნენ, თუ სხვა მოტივით.

დავით უსუფაშვილის რჩევა ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ, რადგან 150 კაციანი შემადგენლობის გაკონტროლება ჩვენთვის ძნელია, მაგრამ როგორც ჩანს, კვორუმის პრობლემამ პარლამენტის თავმჯდომარე ისე შეაწუხა, რომ მან საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი კახიანს გაცდენების რაოდენობის აღნუსხვა და რეკომენდაციების შემუშავება დაავალა.

გიორგი კახიანმა დავალება შეასრულდა და მის მიერ გატარებული სამუშაოებიდან ირკვევა, რომ გაცდენების 80 პროცენტის შემთხვევაში, დეპუტატების მხრიდან მითითებულია საპატიო მიზეზი.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საპატიო გაცდენებთან დაკავშირებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია „ოჯახური მდგომარეობის“ გამო გაცდენა, რაც 61 პროცენტს შეადგენს, 16 პროცენტი გაცდენა დაფიქისირებულია მივლინების გამო, 9 პროცენტი ავადმყოფობის გამო, ერთი პროცენტი შვებულების გამო, ხოლო 4 პროცენტი პოლიტიკური შეხედულებების გამო.

კახიანის ცნობით, ზემოთ აღნიშნულის გარდა, გაცდენების დროს რეგლამენტით გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც გამოიკვეთა.

„ისეთი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც პარლამენტის წევრი მიუთითებს, რომ „ოჯახური მდგომარეობის“ გამო, ის კომიტეტის სხდომას ვერ ესწრება, მაგრამ იმავე დღეს, აღნიშნული დეპუტატი პლენარულ სხდომაში მონაწილეობს“, - განაცხადა კახიანმა, რომელიც for.ge-ს ინფორმაციით, ენზელ მკოიანს გულისხმობდა.

თუ როგორ გადაჭრის საკანონმდებლო ორგანო კვორუმის პრობლემას, ამ საკითხზე მომავალ სასესიო კვირას, ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ და არ არის გამორიცხული, გარკვეული რეკომენდაციების შემუშავება მოხდეს, მაგრამ გაურკვეველია ის, პარლამენტის ხელმძღვანელობა თუ რატომ არ სარგებლობს რეგლამენტში არსებული იმ ჩანაწერით, რომელიც სხდომის გაცდენის საპასუხოდ, დეპუტატს ხელფასის 10 პროცენტს აჭრის.

ჩვენს მსგავსად, ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატების მიმართ პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი სანქციების გამოყენება არ ხდება. კანონმდებელის განცხადებით, სანქციების მიმართულებით რეგლამენტში დამატებითი ნორმების შემოღება საჭირო არ არის და სჯობს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ის სანქციები აამოქმედოს, რასაც მოქმედი რეგლამენტი ითვალისწინებს. მისი თქმით, დეპუტატებისათვის ხელფასის დაქვითვა არ ხდება, როდესაც ისინი არასაპატიო მიზეზით სხდომებს აცდენენ.

„ორი შემთხვევა დავაფიქისირე, როდესაც პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისას სხვისი პულტის გამოყენებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ სათანადო სანქციები ამ შემთხვევაში გამოყენებული არ იყო. მინდა გითხრათ, რომ სანქციების მეშვეობით ხელფასიდან დაქვითული თანხებით წინა პარლამენტების შემთხვევაში, საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმეები კეთდებოდა. მაგალითად, სწორედ ამ თანხით ვერის პარკში მერაბ კოსტავას ბიუსტი გაკეთდა“, - აღნიშნავს გოგორიშვილი, რომლის გუნდის წევრებიც ხშირად „ოჯახური მდგომარეობის მოტივით“ მანიპულირებენ.

თუ ხშირად, კომიტეტების სხდომებს უმრავლესობის წევრები სიზარმაცის გამო არ ესწრებიან, ნაციონალები სხდომებში მონაწილეობას პრიორიტეტული საკითხების მიხედვით იღებენ.

ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ სასესიო კვირის პარასკევს, ქუთაისში გამჭირვალე შენობას პირველები ნაციონალები ტოვებენ და თუ მათ მმართველი გუნდის რამდენიმე წევრმაც მიბაძა, ამ შემთხვევაში, კენჭისყრაზე კანონპროექტები ვარდება. ასე მოხდა გასულ სასესიო კვირასაც, როცა „საარჩევნო კოდექსი“ ჩავარდა.

კომიტეტების სხდომების გაცდენის მიზეზებს ყველა დეპუტატი თავისებურად ხსნის, მაგრამ პასუხისმგებლობა კომიტეტის თავმჯდომარეებს ეკისრებათ. ასე მაგალითად. ჩვენი მასალის საფუძველზე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტის წევრებს სხდომებზე დასწრება კატეგორიულად მოსთხოვა, მას შემდეგ კი, რაც რიგმა დეპუტატებმა მისი რჩევა არ გაითვალისწინეს, ნანა ყეინიშვილსა და გუგული მაღრაძეს ბინის დადება სხვა კომიტეტში მოუწიათ.

გაურკვეველია, ყეინიშვილ-მაღრაძის ბედს გაიზიარებს თუ არა ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილი, რომელიც ხმამაღლა აცხადებს, რომ თუ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი სხდომა მისთვის საინტერესო არ იქნება, ის სხდომას არ დაესწრება, თუნდაც, პარლამენტიდან გარიცხონ.

„ეს კომიტეტი ტყემალზე ზის. კომიტეტი ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით არასაინტერესო სხდომებს ატარებს, ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი კანონპროექტების განხილვა დაჩქარებული წესით ხდება და ასეთ ვითარებაში, საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. თუ კომიტეტის სხდომა ჩემთვის არასაინტერესო იქნება, ასეთ კომიტეტის სხდომაზე არ ვივლი, თუნდაც გამრიცხოთ პარლამენტიდან“, - განაცხადა ოქრიაშვილმა, რომლის ფრაქციამაც უმრავლესობას კენჭისყრაზე „შრომის კოდექსი“ ჩაუგდო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სხდომა დროზე ადრე, ზვიად ზვიადაურმა დატოვა, რომლის ხმასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ოქრიაშვილის ე.წ. ბიზნესმენთა ფრაქციამ კოდექსს მხარი არ დაუჭირა.

კვორუმის პრობლემის გადასაჭრელად, თუ რა ზომებს მიიღებს პარლამენტი და რამდენად ეფექტური იქნება ის, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ როგორც ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარე განსაკუთრებით იმ ფაქტმა გააღიზიანა, როდესაც გასულ კვირას, უცხოეთიდან ჩამოსული დელეგაციების წევრებს კანონმდებელთა ნაწილი არ შეხვდა.

„როცა ვიცი, რომ ეს კაცი კონფერენციაზე მოვა და გავიხედავ და ეს ადამიანი ვერ მოვიდა, ეს უხერხულია. საკითხისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემა არ მინდა. ოპოზიცია ცალკე გავესაუბრები, მაგრამ ყველასთან მექნება მოთხოვნა, რომ სხდომებს დაესწროთ. დელეგაციებთან შეხვედრას ვინც არ დაესწრო, ამჟამად, მათ გვარებს არ ვასახელებ, მაგრამ განმეორების შემთხვევაში, მათ გვარებს ვიტყვი. მეტი სანქცია არ გვაქვს გარდა იმისა, რომ უხერხულობა შევქმნათ“, - განაცხადა გასულ კვირას ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა, რომელმაც დეპუტატების გაცდენების გამო, უკმაყოფილება არ დამალა.