ზეწოლა მიწების გამო

ზეწოლა მიწების გამო

გუშინ ბათუმი-სარფის ცენტრალური მაგისტრალის გონიოს მონაკვეთზე დაახლოებით ერთკილომეტრიანი საცობი გონიოს მოსახლეობის საპროტესტო აქციამ გამოიწვია. ამ ადამიანებს საპროტესტოდ მართლაც აქვთ საქმე, რადგან წინა ხელისუფლების გამოისობით ასეულობით ოჯახს საკუთრებაში არსებული მიწები ერთი ხელის მოსმით ჩამოართვეს. აღსანიშნავია, რომ ასეთი დღეში მხოლოდ გონიოს მოსახლეობა არ არის. უსამართლობის გამო, ხშირად უმიწოდ რჩებოდნენ სხვადასხვა რეგიონის (ანაკლია, საირმე) მოსახლეობა.

მოსახლეობა ითხოვს გონიოს მიწების საკუთრებაში დაკანონებას. „მიწა ეკუთვნის გლეხს და ის უნდა დაგვიკანონდეს“, - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები და გზის გახსნას არც კი აპირებდნენ. გზის გადაკეტვამ სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მძღოლთა უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც საათობით გაჩერებული იყვნენ კილომეტრიან საცობში.

მოგვიანებით, გონიოში გამართულ აქციაზე აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი თეიმურაზ კუპატაძეც მივიდა და მოსახლეობას გზის გათავისუფლებისაკენ მოუწოდა. მან აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ იმ საცობში, რომელიც გზის გადაკეტვის შედეგად შეიქმნა, შესაძლოა, ყოფილიყვნენ გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე ადამიანები, რომლებიც დაზარალდებოდნენ. კუპატაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გზის ერთ მხარეს გადასულიყვნენ და სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობის საშუალება მიეცათ.

აქციის მონაწილეებმა პატრულთუფროსის თხოვნა ყურად არ იღეს და განაცხადეს, რომ გზას არ გაათავისუფლებენ, ვიდრე მათ აქციას აჭარის მთავრობა არ გამოეხმაურებოდა. საბოლოოდ, გონიოელებმა თავისი გაიტანეს და მათი საკითხით თავად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაინტერესდა.

არჩილ ხაბაძემ პირობა დადო, რომ გონიოს მიწების საკითხზე შერეული სამთავრობო კომისია შეიქმნება. „მიუხედავად იმისა, რომ გონიოში მცხოვრებმა 271-მა ოჯახმა სასოფლო-სამეურნეო მიწების ჩამორთმევასთან დაკავშირებით სასამართლოს სამივე ინსტანცია წააგო, ჩვენ გამოვიჩინეთ კეთილი ნება და მზადყოფნა, რომ თავიდან შევისწავლოთ გონიოს მიწების საკითხი. ვიცით, რომ ძალიან ბევრი არის კანონდარღვევით ჩამორთმეული“, - განაცხადა ხაბაძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, უკვე ორშაბათიდან შერეული სამთავრობო კომისია შეიქმნება, რომელიც შეისწავლის თითოეულ საქმეს და რეკომენდაციას დადებს ამ მიწებთან დაკავშირებით. კომისიის შემადგენლობაში იქნება აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, უმაღლესი საბჭოს, არასამთავრობიების და დაინტერესებული პირების (გონიოს მოსახლეობა) წარმომადგენლები.

„დღის ბოლომდე დაინტერესებულმა მხარემ უნდა წარმოგვიდგინოს სამი წარმომადგენელი, რომლებიც შევლენ აღნიშნულ კომისიაში. ამის შესახებ განცხადება კვირის დასაწყისშიც გავაკეთეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, გარკვეული ძალებია დაინტერესებული ამ ადამიანთა გაღიზიანებით“, - განაცხადა ხაბაძემ.

ცნობისათვის, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინ, გონიოში მცხოვრებ 271 ოჯახს საკუთრებაში გადასცა ის მიწები, რომლითაც ოჯახები იჯარით სარგებლობდნენ. მოგვიანებით კი, 2010 წელს მესაკუთრეებს მიწები ჩამოართვეს. გონიოს მცხოვრებნი სწორედ ამ ჩამორთმეული მიწების დაბრუნებას ითხოვენ.