მთავრობა მასშტაბური სამშენებლო პროექტის განხორციელების პირობებს ამარტივებს. როგორც აღმოჩნდა, ეს აუცილებელიცაა, რადგან ბოლო დროს ხელისუფლებას მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებაში ადანაშაულებენ. იმისათვის, რომ მიმდინარე წელი შარშანდელს არ დაემსგავსოს, ცვლილებები საჭიროა.
ეკონომიკისა და მდგარდი განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრები კატეგიორიულად უარყოფენ ბრალდებას, რომ ქვეყანაში შეჩერებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. მინისტრებმა „ნაცმოძრაობის“ განცხადებას ბრალდება და პიარ-კამპანია უწოდეს.
„მთავრობის ყველა სხდომაზე ვიხილავთ საკითხებს. უამრავ ბიზნესმენს შემხვედრი წინადადებებით მივმართავთ იმისათვის, რომ დარიცხული ჯარიმები ვაპატიოთ, ვადა გავუხანგრძლივოთ ვალდებულებების შესასრულებლად. დღესაც განვიხილეთ მსგავსი პროექტები და მათ ყოველდღიურ რეჟიმში განვიხილავთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი განმარტებით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის გარდა სხვა დიდი პროექტები შეჩერებული არ არის. „თუ კი რამე არის სხვადასხვა პრობლემების გამო შეჩერებული, გაშვებულ იქნას ისევ ეკონომიკაში. დიდი პროექტები რაც იყო, პრინციპში, თბილისის შემოვლითი რკინიგზის გარდა, არც ერთი დიდი პროექტი გაჩერებული არ არის“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
„ძალიან ბევრ პროექტში, რომელიც ჩვენ წინა ხელისუფლებისგან გადმოვიბარეთ, მათ შორის, თელავში, წყალტუბოსა და სხვა მუნიციპალიტეტებში, დაგვხვდა ბევრი ხარვეზი, მათ შორის ფინანსური პრობლემები იყო კომპანიებშიც. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია ამ კომპანიებისთვის ხელშეკრულების გაწყვეტა და ხელახალი სატენდერო პროცედურების გავლა, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ გასულ წელს 130 მილიონი ლარით მეტი ღირებულების პროექტები შეასრულა ჩვენმა სამინისტრომ, ვიდრე მათი მმართველობის პერიოდში იყო 2012 წელს“, - განაცხადა რეგიონალური ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.
იმისათვის, რომ მინისტრების სიტყვა უბრალო საუბრად არ იქცეს მთავრობა მართლაც აპირებს სამშენებლო მიმართულებით მდგომარეობის შეცვლას. ეს პირველ რიგში, კანონმდებლობას და ნორმატიული აქტების გამარტივებას ეხება.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებაში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით გამარტივდება მასშტაბური სამშენებლო პროექტის განხორციელების პირობები. ცვლილება უკავშირდება მხოლოდ მე-5 კლასის ხაზობრივ ნაგებობებს (მაგალითად: მაგისტრალური გზა, მაგისტრალური წყალსადენი და ა.შ.) და არ ეხება ჰესების ან რომელიმე კონკრეტული ობიექტის მშენებლობას. იგი ასევე არ ეხება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ან სხვა რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოდან მოსაპოვებელი შეთანხმების თუ დასკვნის პროცედურას.
ცვლილების მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებაში ბოლომდე არ არის გათვალისწინებული პრაქტიკაში არსებული ყველა ნიუანსი, რაც აფერხებს სახელმწიფო მნიშვნელობის მასშტაბური სამშენებლო პროექტების განხორციელებას. მაგალითად, ნებართვის მაძიებელისთვის, პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება მოკლე ვადებში მშენებლობის ზონაში მოყოლილი ყველა მესაკუთრეს დადგენა და არსებული ნაკვეთების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
დადგენილებაში ცვლილების შეტანის შემდეგ მასშტაბური სამშენებლო პროექტის ნებართვის მაძიებელს მიეცემა პირობიანი ნებართვა, რომლის საფუძველზეც ის შეძლებს პროექტის შეუფერხებლად განხორციელებას. კერძოდ, ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობის დროს ნებართვის მაძიებელს შესაძლებლობა მიეცემა დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც მოიპოვებს საკუთრების თუ სარგებლობის უფლებას, ხოლო ამ სამშენებლო ზონის - ტრასის კოორდინატებში უძრავი ქონების მესაკუთრეთა იდენტიფიცირებას, უძრავ ქონებაზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების მოპოვებას, სტატუსის შეცვლას, რეგისტრაციას, აგრეთვე სხვა საჭირო გარემოებათა დაზუსტებას მოახდენს მშენებლობის პარალელურად.
როგორც აღვნიშნეთ, მთავრობის დადგენილებაში შესატანი ცვლილების მიზანი მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობაა.