თანამშრომლობის რა ფორმა არსებობდა ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით რუსეთთან, ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს. ცნობილია, რომ სოჭში ტერაქტების საფრთხე აშშ-თან, საფრანგეთთან, გერმანიასა და საქართველოსთან ერთად აღიკვეთა. ინფორმაციას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბორტნიკოვი ადასტურებს. მისი განცხადებით, რუსეთი გერმენელ, ავსტრიელ, ფრანგ, გერმანელ და ქართველ კოლეგებთან ერთად მუშაობდა.
ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სოჭის ოლიმპიურ ობიექტებზე ტერორისტული შეტევების აღკვეთა სწორედ ერთობლივი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი და ტერორიზმთან ბრძოლა მხოლოდ ყველა ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევითაა ეფექტური.
„ამის მაგალითია კონკრეტული ერთობლივი მუშაობა ამერიკელ, ავსტრიელ, ფრანგ, გერმანელ და ქართველ კოლეგებთან ერთად იმ პირთა მიმართ, რომლებიც სოჭში ოლიმპიურ ობიექტებზე ტერორისტული აქტების განხორციელებას აპირებდნენ“, - აღნიშნა ალექსანდე ბორტნიკოვმა.
თანამშრომლობის რა ფორმა არსებობდა ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით რუსეთთან, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება საქართველოს ხელისუფლებას არ გაუკეთებია. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე განმარტავს, რომ სამი მიმართულებით თანამშრომლობა შეიძლება ვახსენოთ.
„ერთი ის, რომ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი სულ მუდმივ კონტაქტში იყო ორგანიზატორებთან. მისი თქმით, ყველა დეტალი იყო განხილული გუნდის სოჭში ჩასვლასთან, იქ ყოფნასთან დაკავშირებით. რაც, მისი თქმით, გულისხმობდა გარკვეული უსაფრთხოების რეჟიმის დაცვასაც. მისი თქმით, მივლენილი იყო საკონსულო თანამშრომელი იყო.
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალურად მოსკოვიდან სოჭში მიავლინა საკონსულო თანამშრომელი, რომელიც მთელი ამ ოლიმპიადის მსვლელობის დროს დახმარებას უწევდა ჩვენს სპორტსმენებს და ადგილობრივ ორგანიზატორებთან იყო მუდმივ კავშირში სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით.
მესამე არის ის, რომ თვითონ ოლიმპიადის პერიოდში მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დამატებითი უსაფრთხოების ზომები იყო მიღებული კანონიერების ფარგლებში, მათ შორის აეროპორტებში, სასაზღვრო ზოლებში, დამატებითი კონტროლი და დამატებითი ყურადღება იყო ოლიმპიადის დროს“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
აბაშიძე არ აკონკრეტებს, რაში გამოიხატა ქართულ და რუსულ სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობა, რაზეც ალექსანდრე ბორტნიკოვმა ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიღებული იყო დამატებითი ზომები.
„საკმაოდ ყურადღებით იყვნენ ჩვენი სამართალდამცველები, საზღვარზე შემომსვლელი და წამსვლელი გაძლიერებულად კონტროლდებოდა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდებოდა“, - ამბობს აბაშიძე.
იყო თუ არა, ეს ქართული მხარის მიერ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილებები, თუ ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურთან, აბაშიძე განმარტავს, რომ დამალული არაფერი იყო.
„იყო გარკვეული ფორმით თანამშრომლობა, ხომ გეუბნებით ჩვენი ოლიმპიური კომიტეტეტები რომ მსჯელობდნენ მონაწილეობაზე, ეს რაღაც უსაფრთხოების რეჟიმის გათვალისწნებას საჭიროებდა. მერე ჩვენი საკონსულო ჩავიდა. ასე რომ, ეს ცოტა არ არის, მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა?!“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველომ მონაწილეობა მიიღო სოჭის ოლიმპიადაში, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ძალიან სწორად მოიქცა. თუმცა, ამის მიუხედავად, მინისტრს არ გააჩნია ინფრომაცია რა სახის თანამშრომლობა შედგა.
„ისევ და ისევ, ეს კითხვა კომპეტენტურ ორგანოებს უნდა დაესვას. რუსეთის მხრიდან ითქვა, რომ უსაფრთხოება იყო დაცული და მათ შორის იყო შეთანხმება საქართველოსთან. შესაბამისად, ე.ი. რაღაც ღონისძიებები ხორციელდებოდა, რომელზეც ინფორმაცია აქვს შესაბამის სამსახურებს. მე არ გახლავართ კომპეტენტური ვიცოდე ზუსტად, რა ფორმით ხორციელდებოდა უსაფრთხოების დაცვა.
ფაქტია, საქართველომ თავისი პირობები შეასრულა, რომ ჩვენს ინტერესებში იყო მშვიდობიანად, უსაფრთხოდ ჩატარებულიყო ოლიმპიური თამაშები. ჩატარადა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის საქართველოს სერიოზული ჩართულობა და სერიოზული წვლილი ოლიმპიადის ჩატარებაში. ოლიმპიადა არ ყოფილა რუსეთის, ეს იყო ოლიმპიადა, რომელიც ჩატარდა რუსეთის ტერიტორიაზე“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
იმ ფონზე, როდესაც ორ ქვეყანას შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები, რამდენად სწორი სვლა იყო საქართველოს მხრიდან, მონაწილეობა მიეღო ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ამბობს, რომ ტეროროზმთან ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად თანამშრომლობაც აუციელებლია.
„მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, ეს არ იყო შეცდომა. თვით ომის შემთხვევაშიც გარკვეული კონტაქტები შეიძლება შენარჩუნდეს. ეს მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს იმისათვის, რომ არ მოხდეს საქართველოს ინტერესების შელახვა. მაგრამ, თვითონ თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში არ უნდა იქნას გამორიცხული ურთიერთობის არც ერთ ეტაპზე. ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული და მოვლენა, რომელსაც ყველამ უნდა ვებრძოლოთ. ამაში პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ. ეს ის ფორმაა, რომელიც ორივე ქვეყანას წაადგება და ეს შედის საქართელოს ინტერესებში“, - ამბობს გიორგი თავდგირიძე.
„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის - საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე ბესო ალადაშვილი: „ტერორიზმთან ბრძოლა მსო ფლიო პრობლემაა და ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთი დასავლეთ ევროპის ყველა ქვეყანასთან თანამშრომლობს. აქ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ პოლიტიკური განცხადებები და რეალობა. რეალობა კი ისაა, რომ თავიდანვე ჩვენმა ხელისუფლებამ, სოჭის ოლიმპიადის დაწყებამდე გააკეთა განცხადება, რომ ოლიმპიადის ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებში ითანამშრომლებდა რუსეთთან. ალადაშვილი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების ამ განცხადებას წინ უძღოდა კონსულტაციები ჩვენს პარტიორებთან და თანამშრომლობა უფრო დიპლომატიურ ხასიათს ატარებდა. მისი შეფასებით, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა საკმაოდ საფრთხილო საქმეა, რადგან არავინ იცის, სად იქნება ხაფანგი დაგებული.
„აქ არის ერთი მომენტი. ეს მოხდა ყირიმის მოვლენებამდე. მაშინ დასავლეთიც გარკვეულწილად კეთილგანწყობით შეხვდა საქართველოს ხელისუფლების კეთილგანწყობას რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შესახებ. ამ შემთხვევაში, ხელისუფლება, ალბათ, გამოუვალ მდგომარეობაში იყო. ტერორიზმთან ბრძოლა არის მსოფლიო პრობლემა და აქ თუნდაც, ფორმალურ თანამშრომლობაზე უარის თქმა არ გამოდიოდა. არ ჩაჯდებოდა იმ მოდელში რაც ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია“, - აცხადებს ალადაშვილი.
ალადაშვილი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას მოჰყვეს. მისი თქმით, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს საქართველოს სპეცსამსახურებში, რომელიც დამოუკიდებლად არსებობდა, იყო ორი ფრთა. ხელმძღვანელობის ერთი ფრთა ძალიან კარგ კონტაქტში იყო რუსეთის სპესამსახურებთან, მეორე ფრთა ხელმძღვანელობისა - მინისტრის და მოადგილის დონეზე, კარგ ურთიერთობაში იყო ნატოსთან და აშშ-ის სპეცსამსახურებთან.
„არ არსებობს მეგობარი სპეცსამსახური, არსებობს მეგობარი ქვეყნის სპეცსამსახური. აქედან გამომდინარე, საფრთხილოა იმპერიული აზროვნებით შეპყრობილი ქვეყნის და ხელისუფლების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა, რადგან საფრთხები შეიძლება იყოს - დაწყებული დაშანტაჟებით, გადაბირებით დამთავრებული. მითუმეტეს გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთის სპესამსახურები მუშაობდნენ და დღესაც მუშაობენ საქართველოს პოლიტიკურ თუ ბიზნეს ელიტაზე, მათ სუსტ და ძლიერ მხარეზე, კომპრომატებზე და ა.შ.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ღია კონტაქტები ხელს უფრო გაუხსნის რუსეთის სპეცსამსახურებს, რომ აქტიურად ჩაერთონ და აქტიურად მოხდეს საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოში ხელმძღვანელი თანამდებობის პირების გადაბირებაზე მუშაობა, ეს არის რეალური საფრთხე.
ამას გარდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის სპეცსამსახურები საკმაოდ მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. მათ ინფორმაციის მიღების სხვადასხვა მეთოდები აქვთ, რასაც სამწუხაროდ ჩვენი არაპროფესიონალი სპეცსამსახურების ხელმძღვანელები, ვერ უპირისპირებენ კონტრღონისძიებას“, - აცხადებს ბესო ალადაშვილი.