ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებით, რუსეთს 2014 წლის ბოლომდე ხმის უფლება შეუჩერდა. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 145-მა, 21 დეპუტატი კი წინააღმდეგი იყო.
საკმაოდ ემოციური იყო ქართული და უკრაინული დელეგაციის გამოსვლები. „ბატონი პუტინი სისტემატიურად ასრულებს თავის მიზანს, შექმნას ალტერნატიული, იმპერიული ცივილიზაცია, რომელიც ეფუძნება ძალას და ძალადობას. მისი ამბიციები ნათელია - აფართოებს იმპერიას, აფართოებს წინა და უკანა ეზოების ტერიტორიებს, ადგენს საერთაშორისო თამაშის ახალ წესებს, ქმნის ალტერნატიულ, მის საერთაშორისო სამართალს. მან იცის რას აკეთებს და კარგად აკეთებს, ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ?“- განაცხადა PACE-ს ტრიბუნიდან დეპუტატმა თინა ხიდაშელმა.
რეზოლუციაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, რუსეთს ეკრძალება PACE-ს ხელმძღვანელ ორგანოებსა და სადამკვირვებლო მისიების მუშაობაში მონაწილეობა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებით, თუ რუსეთი ყირიმის ანექსიას არ შეწყვეტს, PACE სანქციებს გაამკაცრებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხილვის საკითხს რუსეთის დელეგაცია არ ესწრებოდა.
რამდენად შეაჩერებს რუსეთს ევროპული სანქციები ამ თემაზე ექსპერტი სოსო ცინცაძე გვესაუბრება.
ბატონო სოსო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებით, რუსეთს 2014 წლის ბოლომდე ხმის უფლება შეუჩერდა. ექნება რაიმე ეფექტი ამ გადაწყვეტილებას?
- ეფექტი იქნება ნულოვანი, ვინაიდან თავის დროზე ჩეჩნეთის ომთან დაკავშირებით ევროსაბჭომ რუსეთს 9 თვით შეუჩერა ხმის უფლება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია - პუტინი შევარდა ჩეჩნეთში, გადაუარა ტანკებით, „თავზე დაასვა“ კადიროვები, ჯერ - მამა, შემდეგ - შვილი და დღესაც მაგათი ბატონობის ქვეშ არის ჩეჩნეთი.
ერთადერთი სანქცია, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო შედარებით ეფექტური, ეს იყო ევროსაბჭოდან რუსეთის დროებით გარიცხვა, მაგრამ, როგორც ჩანს, ევროპელები ფულს დახარბდნენ.
23 მილიონი ევრო, რომელიც რუსეთს ყოველწლიურად შეაქვს ბიუჯეტში, როგორც ჩანს, უფრო მნიშვნელოვანია ინგლისელი ლორდებისთვის, ვიდრე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და იმ ფასეულობებისა და ღირებულებების დაცვა, რომელსაც ისინი მუდმივად, „მამაო ჩვენოსავით“ გვიმეორებენ.
სხვათა შორის, ბრიტანეთიც საკმაოდ მკაცრი განცხადებებით გამოვიდა რუსეთის წინააღმდეგ და სიტუაციის დეესკალაციისათვის გარკვეული ვადა მისცა. როდესაც ბრიტანეთიც კი სანქციების გამკაცრებით იმუქრება, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ევროპამ რეალური საფრთხე იგრძნო?
- ბრიტანეთი ყველაზე ნაკლებად არის დამოკიდებული რუსეთზე და ყოველთვის, მოყოლებული ჩერჩილიდან, ანტირუსულ კამპანიას აწარმოებდა. მთავარი დამცველი და მთავარი ადვოკატი პუტინისა ევროპაში, მერკელი და გერმანიაა.
ამიტომ, ბრიტანეთმა რა თქვა, რუსეთისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის პოზიცია. ჯერ არ არის გაშიფრული, ვინ ჩააგდო რუსეთის გარიცხვის პროექტი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ეს სამი ქვეყანა იქნებოდა და ალბათ, პლუს, ესპანეთიც.
არსებობს შეფასებები, რომ მალე რუსეთი ევროპის კარზეც მიაკაკუნებს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავისი გავლენის ქვეშ დაბრუნებას შეეცდება. თქვენი შეფასებით, ეს რეალური საფრთხეა?
- არა. ჩვენს ქართველ დიპლომატიას და პარლამენტარებს სურთ შეაშინონ ბებერი ევროპა, რომ აი, ახალგაზრდა ევროპასაც (ბულგარეთი, რუმინეთი უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკია ბალტიისპირეთი) წაიღებს რუსეთიო. ვერავის ვერ მოატყუებენ ესენი.
იქ მშვენივრად იციან, რომ რუსეთის ინტერესთა სფერო ამ ატაპზე არის მხოლოდ პოსტსაბჭოური სივრცე. პუტინი არც გიჟია და არც მთლად ჰიტლერი, მეგალომანიით იყოს შეპყრობილი მსოფლიო ბატონობისთვის. პუტინის ბროლის ოცნება ეს არის პოსტსაბჭოურ სივრცეში ბატონობა, მაგრამ არა საბჭოთა კავშირის მოდელი. ეს პუტინისათვის სრულიად მიუღებელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მაშინ მოუწევს შეინახოს ეს ღარიბი რესპუბლიკები. გაზი და დენი რომ ისევ 1-2 კაპიკი ღირდეს, ეს არასოდეს არ იქნება, ეს დრო წავიდა.
ამიტომ, არავითარი საფრთხე ევროპას უშუალოდ რუსეთისაგან არ ელის. უბრალოდ, საფრთხე ელის იმ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რასაც ევროპა ქადაგებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა, ადამიანის უფლებები, ყველა დავების მშვიდობიანი გზით გადაჭრა, ძალისმიერ მეთოდებზე, ანექსიაზე, უცხო ქვეყნის ტერიტორიებზე უარის თქმა და ა.შ. ამ ყველაფერზე დღეს ევროპა მხოლოდ რიტორიკულად საუბრობს.
დღეს ევროპამ მოახდინა საკუთარი უძლურების, ფსიქოლოგიური უძლურების დემონსტრირება, თორემ ევროპა საკმაოდ ძლიერია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევროპის უკან ამერიკა დგას და ევროპაში ამერიკული ბირთვული იარაღია.
სამხედრო ძალის შეფარდება არის 1/30-ზე - 1/40-ზე დასავლეთის სასარგებლოდ, მაგრამ ფსიქოლოგიუირი ძალის, ხასიათის სიმტკიცის თვალსაზრისით არის 1/50-ზე რუსეთის სასარგებლოდ.
აი, რა სიტუაციაში ვცხოვრობთ, იგივეა, რაც იყო გასული საუკუნის 30-იან წლებში. ამ პერიოდში გერმანია ბევრად უფრო სუსტი იყო, ვიდრე საფრანგეთი და ინგლისი, მაგრამ ფსიქოლოგიურად, პოლიტიკური ნებით და ნებისყოფით ჰიტლერი ბევრად ძლიერი იყო ვიდრე ჩემბერლენი დალადიე და სხვა დასავლელი ლიდერები.
როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რუსეთი ცდილობს უკრაინაში საკუთარი ქმედებები უკრაინის მიერ რუსულენოვანი მოსახლეობის დევნით და ნატო-ს ცივი ომის მენტალიტეტში დადანაშაულებით გაამართლოს. რასმუსენმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს ვალდებულება კოლექტიური თავდაცვისადმი ურყევია. ეს ნიშნავს თუ არა მუქარას?
- არავითარი მუქარა არ არის. რასაც რასმუსენი ამბობს, ქართულად რომ გავშიფროთ, არის - „თქვა რუქამ არაკი“. ის, რომ კოლექტიური უსაფრთხოებისადმი ურყევია ნება, გასაგებია და კოლექტიური უსაფრთხოება მოიაზრება მხოლოდ ნატო-ს ქვეყნებისათვის.
ჩვენ და უკრაინა არ შევდივართ ამ კოლექტიური უსაფრთხოების სივრცეში. არც ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა, არ შედის ამ სივრცეში, მაგრამ რუსეთს აქვს ისეთი იარაღი, რომლის გამანეიტრალებელიც ვერავინ ვერაფერი ნახა - ეს არის ენერგეტიკა.
ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა ერთ დღესაც ვერ იარსებებს რუსეთის გაზის გარეშე. პოლონეთის 55% რუსული გაზით მარაგდება. გერმანიამ კიდევ 15%-ით გაზარდა გაზის იმპორტი რუსეთიდან. ვიდრე დამოუკიდებელი არ გახდება ენერგეტიკის თვალსაზრისით ევროპა და ბალტიისპირეთი, მანამდე არაფერი შეიცვლება.
ბალტიისპირეთში როგორც იქნა, „თავი მოიფხანეს“ და ფინეთთან ერთად ტერმინალს აშენებენ თხევადი გაზის შესანახად - უბრალოდ დავაა, რომელ ქვეყანაში აშენდეს და ალბათ, გამონახავენ საერთო ენას.
დაახლოებით 5 წლის შემდეგ შეიძლება განხორციელდეს ეს პროექტი, თუმცა რუსეთს ესეც არ ადარდებს, რადგან მას გამოუჩნდა უძლიერესი ახალი მეგობარი ჩინეთის სახით. 100-მილიარდოლარიანი ყოველწლიური სავაჭრო ბრუნვაა რუსეთსა და ჩინეთს შორის. რამდენიმე დღის წინ იყო ჩინეთის ხელისუფლების განცხადება იმის შესახებ, რომ ორჯერ მეტი გაზი სჭირდებათ. ამიტომ რუსეთი მშვიდადაა.
უახლოეს სამ-ოთხ დღეში გაირკვევა, ლუგანსკში, დონეცკში როგორ განვითარდება მოვლენები - სადაც 200-300 კაცს მძევლად ჰყავს აყვანილი მთელი ქალაქი. იცის ამ ხალხმა, რომ როგორც კი ერთი ნაკაწრის გამო წვეთი სისხლიც კი დაიღვრება, მაშინვე რუსეთი შევარდება და იტყვის, ჩვენს თანამოქალაქეებს ხოცავენო. ვნახოთ, როგორ გამოვა უკრაინა ამ სიტუაციიდან.
როგორც ჩანს, საცდელი კურდღელი აღმოჩნდა დღეს უკრაინა და არ ვიცი, გვეყოფა ჭკუა ქართველ დიპლომატიას, რომ დავრწმუნდეთ, რისი იმედი შეიძლება გვქონდეს დასავლეთისგან რუსეთის აგრსიის შემთხვევაში? - ისევ RACE-ში მიიღებენ რაღაც გადაწყვეტილებას, რომელიც სიცილად არ ეყოფა რუსეთს, თუ იქნება ქმედითი მხარდაჭერა.
საქართველოს რა გამოსავალი აქვს?
- საქართველოს აქვს ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი. ძალზე ძნელია, რთული და ძალზე მაღალი დიპლომატიური ოსტატობა სჭირდება - დავიწყოთ რუსეთთან მოლაპარაკება ურთიერთობის ასე თუ ისე ნორმალიზაციამდე მისაყვანად.
მაგრამ ვიდრე ჩვენ ვეუბნებით ხალხს, რომ ძალიან კარგი მწერალია და ამიტომ ძალიან კარგი ელჩი იქნება ბატონი ქარუმიძე, არაფერი გვეშველება.
რასაც მე ვსწავლობ და სტუდენტებს ვასწავლი 30-35 წელია - დიპლომატია ხელოვნებაა - ყველაფერი წყალში გადამიყარეს. თურმე, ქარუმიძე იმდენად კარგი მწერალია, რომ ინგლისში ამაზე კარგ ელჩს ვერც ვინატრებთ - ამ დონის სარკაზმი არ მსმენია, სად წაიკითხეს და სად ისწავლეს არ ვიცი.
მაშინ როდესაც ბრწყინვალე დოპლომატი ჰყავს „ოცნებას“ თავის რიგებში თედო ჯაფარიძის სახით, ისეთ კაცს გზავნიან ელჩად, რომელსაც, ალბათ, დიპლომატიაზე ორი წიგნი არ აქვს წაკითხული და ალბათ, წარმოდგენა არ აქვს, ვინ იყო ჰილი, პალმერსტონი, დიზრაელი, გლადსტოუნი, ლოიდ ჯორჯი და ჩერჩილი და ა.შ. თვითონ როგორ ჰყოფნის გამბედაობა, თქვას რომ კარგი ელჩი იქნება, მიკვირს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტარების სიბრიყვისა, რომ ამტკიცებენ, რაკი კარგი მწერალია, კარგი ელჩი იქნებაო. ვიდრე ამ დონეზეა ქართული დიპლომატია, რუსეთთან კი არა, აფრიკის ყველაზე მიყრუებულ ტომთანაც ვერ დავამყარებთ ურთიერთობას.