წინასაარჩევნო აქციები კვერცხების თანხლებით

წინასაარჩევნო აქციები კვერცხების თანხლებით

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერს გიგი უგულავას საკონსტიტუციო სასამართლოს შენობიდან გამოსვლისას კვერცხები ესროლეს. დაცვის სამსახურმა ავტომობილი საკონსტიტუციო სასამართლოს გამოსასვლელთან ახლოს მიიყვანა და პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით, კორდონი გააკეთა, თუმცა, შენობიდან გამოსულ გიგი უგულავას ავტომობილში ჩაჯდომამდე აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი პარლამენტის წინააღმედგ თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის, გიგი უგულავას სარჩელს განიხილავდა. პროცესი 12:00 საათზე დაიწყო და სასამართლოს შენობასთან აქტივისტები შვიდ საათზე მეტხანს იმყოფებოდნენ. რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ წევრებსა და აქტივისტებს შორის. აქტივისტებმა პლაკატებიც გამოფინეს წარწერით - „უგულავა მკვლელია“ და სასამართლოსთან ცოცხი მიიტანეს.

გიგი უგულავამ სასამართლო პროცესის დროს მოსამართლეებს მიმართა, მისი უსაფრთხოების მიზნით პოლიცია გამოეძახათ. უგულავამ პროცესზე განმარტა, რომ სასამართლოს ეზოში აქტივისტები არიან შეკრებილნი, რომლებიც კვერცხების სროლას აპირებენ და პოლიციამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოდ გასვლა შენობიდან. ამის მიუხედავად უგულავას კვერცეხები არ აცდა.

„როგორც სააკაშვილი გაიქცა გორში, ისევე გაიქცა გიგი უგულავაც“, - სკანდირებდა აქციის მონაწილე ვახტანგ მითაიშვილი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე კი აცხადებს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე საკუთარი კაბინეტიდან აკვირდებოდა კვერცხების სროლას.

„ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქციები ანაკლიაში, თბილისში, თელავსა და წყალტუბოში ხმაურის, დაპირისპირების და კვერცხების სროლის ფონზე მიმდინარეობდა. „ნაცმოძრაობის“ წევრები თელავის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით აქცია-ბრიფინგის გამართვას აპირებდნენ, თუმცა ამის საშუალება ადგილობრივმა მოსახლეობამ და „ქართული ოცნების“ აქტივისტმა არ მისცეს.

მოსახლეობამ ღვინიაშვილს ცოცხი გადასცა და განუცხადეს, რომ მათი ხელისუფლება ციხეში ხალხს აწამებდა და უფლება არ ჰქონდათ თელავში აქცია გაემართათ. მეტიც, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატების გიორგი ღვინიაშვილისა და ლევან ბეჟაშვილის მანქანას თელავში კვერცხებიც ესროლეს.

თელავის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა და „ქართული ოცნების“ აქტივისტები სკანდირებდნენ „მკვლელები“. სიტუაცია სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„თელავში ჩამოვედით, რადგან ხელისუფებისთვის მოგვეწოდებინა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს დაწყებული თელავის აღმშლენებლობა გაეგრძელებინა. კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა რაიონებიდან მოიყვანა ზონდერჯგუფები და მათი მხარდამჭერები და მოაწყო ცირკი. ეს არის ზეწოლა „ნაციონალურ მოძრაობაზე“, - განაცხადა გირგი ღვინიაშვილმა.

ფიზიკურ დაპირისპირება მოხდა ანაკლიაშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაგეგმილი ჰქონდათ ბრიფინგი, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კოალიციის წარმომადგენლები მოითხოვდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანაკლიის ტერიტორია დატოვონ. „ქართული ოცნების“ მომხრეების განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები 9 წლის განმავლობაში ძალადობდნენ ხალხზე და მათ უფლება არ აქვთ, ანაკლიაში ბრიფინგი ჩაატარონ. გარდა ამისა, წინასაარჩევნო ღონისძიების ჩატარების საშუალება არ მიეცა თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას.

„პოლიტიკურ რეპრესიებსა და ძალადობაზე დამყარებული ტაქტიკის მორიგი გამოვლინებაა“, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის წარმომადგელების წინააღმდეგ განხორცილებულ მოქმედებებს. ყოფილი მმართველი ძალა ხელისუფლებას მოუწოდებს, კანონის მიხედვით პასუხი აგებინოს თავდასხმების მონაწილეებს.

ყოფილი მმართველი ძალა ამბობს, რომ თავდასხმები სამართალდამცავი სტრუქტურების ხელშეწყობით მოხდა. მათი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიმართ ხელისუფლების მიერ განხორციელებული უკანონო თვალთვალისა და მოსმენის გარეშე, სრულიად გამორიცხული იყო „ქართული ოცნების“ აქტივისტებს სცოდნოდათ, რომელ რეგიონში, რომელ კონკრეტულ ადგილას, რომელ საათზე გეგმავდა წინასაარჩევნო ღონისძიებებს „ნაციონალური მოძრაობა“.

„წინასაარჩევნო ღონისძიებების ჩაშლა ფიზიკური თავდასხმების გზით შეუთავსებელია დემოკრატიულ მმართველობასთან. თუკი ამ ტიპის ბინძური და უკანონო მეთოდების გამოყენებით ხელისუფლება შეზღუდავს ოპოზიციური პარტიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვერ შეფასდება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ეს კი სერიოზულ ზიანს მიაყენებს ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და ევრო–ატლანტიკური საგარეო კურსის პერსპექტივას“, - აცხადებენ პარტიის წევრები.