წინამძღვრიშვილის #9 -ში მცხოვრები მოსახლეობა კორპუსის წინ მდებარე ავტოსადგომის ტერიტორიაზე ჯიხურების განთავსებას აპროტესტებს.
როგორც მაცხოვრებლები აღნიშნავენ, გაურკვეველმა პირებმა რკინის კონსტრუქციები გვიან ღამით დაამონტაჟეს.
მოსახლეობა ჯიხურების დაუყოვნებლივ დემონტაჟს ითხოვს.
ვითარების ადგილზე გასაცნობად საკრებულოს ფრაქცია ,, ქართული ოცნება-თბილისელების’’ თავმჯდომარე მივიდა.
როგორც გულიკო ზუმბაძემ განაცხადა, იგი აღნიშნულ საკითხს ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე გაიტანს და თბილისის მერიას ჯიხურების აუქციონის გაუქმებისაკენ მოუწოდებს.
დეპუტატის თქმით, არსებობს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ ჯიხურების დასამონტაჟებლად გაცემულია ნებართვა, თუმცა გულიკო ზუმბაძის თქმით, ამის შესახებ აღნიშნულ სამსახურში ინფორმირებულები არ არიან. საკრებულოს წევრი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება თბილისის მთავრობის სხდომაზე დაჩქარებული წესითაა მიღებული და ამ საქმეში ქალაქის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი დავით ჭედია ურევია.
გულიკო ზუმბაძის თქმით, მაშინ, როდესაც დედაქალაქში ისედაც არსებობს პარკინგის პრობლემა, მერიამ ასეთი ტიპის გადაწყვეტილელები არ უნდა მიიღოს.