ჰესის მშენებლობის მომხრე-მოწინააღმდეგეების მორიგი შეთანხმება

ჰესის მშენებლობის მომხრე-მოწინააღმდეგეების მორიგი შეთანხმება

ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე ერთ ჯგუფთან მთავრობამ და სამშენებლო კომპანიამ შეთანხმებას მიაღწიეს. მართალია, ეს ხუდონის მიმართულებით არ მომხდარა, მაგრამ აჭარაში, ხულოს რაიანშო საკმაოდ მწვავე დაპირისპირებას დაესვა წერტილი. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხულოს რაიონში 175 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური მშენებლობა ინტენსიურად გაგრძლდება. ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ჰესების მშენებლობის თაობაზე დაპირისპირებული მხარეების კიდევ ერთი შეთანხმებაა.

ადგილობრივი მთავრობისა და „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პაქსაძეებისა და სოფელ გელაძეების მოსახლეობასთან გამართეს. შეხვედრის დროს, აღნიშნული სოფლების წარმომადგენლებმა ხელი შეთანხმებას მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, აჭარის მთავრობა დამატებით ვალდებულებას იღებს ჰესების მშენებლობის არეალში მდებარე სოფლების მოსახლეობის წინაშე.

აღნიშნული სოფლების მოსახლეობის გარდა, ხელშეკრულებას ხელი აჭარის მთავრობამ და „შუახევი-ჰესის“ მშენებელმა კომპანიამ, „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ მოაწერა.

საქმე ისაა, რომ ამ პროექტის წინააღმდეგ უკვე კარგა ხანია ადგილობრივი მოსახლეობა დაირაზმა. ისინი სამშენებლო კამპანიისაგან და აჭარის მთავრობისგან მტკიცე გარანტიებს ითხოვდნენ. მოსახლეობის ერთიანობამ სამშენებლო პროცესი შეაჩერა, ამიტომაც ადგილობრივი ხელისუფლება მოლაპარაკებებში უფრო ინტენსიურად ჩაერთო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გენო გელაძე შეთანხმების დეტალებს ასე აყალიბებს:

„1. პირდაპირი ან ირიბი ზიანის შემთხვევაში დაზარალებულებს ჩაასახლებენ აჭარის ტერიტორიაზე

2. ზიანის შემთხვევაში ქონების ღირებულებას აანაზღაურებს ხელისუფლება და კომპანია სოლიდარულად.

3. მშენებლობაზე დაასაქმებენ სოფლის მცხოვრებლებს შესაბამისი განათლებით.

4. იყო თხოვნა მშენებლობის არეალში ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებაზეც. თუმცა ეს უკანასკნელი ვალდებულების სახით ხელისუფლების წინაშე არ დამდგარა, ეს მხოლოდ თხოვნა იყო“.

დოკუმენტში დეტალურად იქნება აღწერილი, რა შემთხვევაში გასცემს სახელმწიფო კომპენსაციას: „თუ ჰესის გამო სოფელში მოსავლიანობა დაიკლებს, ხელისუფლება და კომპანია სოლიდარულად, ხალხს ამ ზიანსაც აუნაზღაურებს. მაგალითად, თუ ტენიანობა გამოიწვევს მოსავლის შემცირებას, მთავრობას ექნება ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე. გვეუბნებიან, რომ ასეთი ვალდებულება თითქოს კომპანიას ისედაც აქვს აღებული, მაგრამ შესაბამისი ხელშეკრულება ჩვენ არ გვინახავს“.

გენო გელაძის ინფორმაციას შეთანხმების შესახებ, ადასტურებენ აჭარის მთავრობაშიც. აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პარმენ ჯალაღონიას თქმით, ისინი სოფლის მოსახლეობას აქამდეც სთავაზობდნენ უსაფრთხოების გარანტიებს.

ხულოსა და შუახევში „შუახევიჰესის“ სამშენებლო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო. კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ უახლეს დღეებში ხულოს კიდევ ერთ სოფელში - წაბლანაში აპირებს „შუახევი ჰესისთვის“ საჭირო გვირაბის მშენებლობის დაწყებას. ამ სოფელში მეწყერმა 1989 წელს 23 ადამიანი იმსხვერპლა.