არჩევნებმა ხუდონჰესის მშენებლობა მცირე ხნით დააკონსერვა

არჩევნებმა ხუდონჰესის მშენებლობა მცირე ხნით დააკონსერვა

ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება გადავადდა, მაგრამ რა დროით, ამას არავინ აკონკრეტებს. ფაქტია, რომ წინასაარჩევნოდ სამეგრელო-ზემო სვანეთში ვითარების გაწვავება მთავრობას ხელს არ აძლევს. მით უფრო, რომ რეგიონში მმართველი პარტიის რეიტინგი არც თუ შთამბეჭდავია. შესაბამისად, რამდენიმე თვის განმავლობაში ხაიშელებს, სავარაუდოდ, არავინ შეაწუხებს.

ხუდონჰესთან დაკავშირებით აზომვითი სამუშაოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ენერგეტიკის სამინისტროში, დახურულ შეხვედრაზე ერთი კვირის წინ მიიღეს. ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განმარტა, რომ ეს მოსახლეობის ინეტერესებიდან გამომდინარე მოხდა.

„ჩვენი ხელისუფლების მოთხოვნა ინვესტორის მიმართ იყო, რომ 1 ლარად გადაცემული ქონების დაბრუნება და დარეგისტრირება მომხდარიყო. გამოიყო ჯგუფი, კანადური კომპანია „რეფლაინი“, რომელიც განახორციელებდა ამ სამუშაოებს. ამას მოჰყვა მოსახლეობის პროტესტი და მათ მოითხოვეს აზომვის პროცესის დროებით შეჩერება. მზად ვარ შევხვდე მოსახლეობას და დეტალურად ავუხსნა პროექტის დადებითი მხარეები“, - განაცხადა კალაძემ.

თუ რა ვადით შეჩერდა აზომვითი სამუშაოები, ენერგეტიკის სამინისტროში არაფერი იციან. როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ირაკლი გაფრინდაშვილმა განაცხადა, ის ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს და ამიტომ კომენტარს ვერ გააკეთებს.

ყოველ შემთხვევაში ის კი ნამდვილია, რომ ენერგეტიკის სამინისტრო „ხუდონჰესის“ ინვესტორ „ტრანს ელექტრიკასთან“ პროექტის ვადების გადაწევასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და აზომვითი სამუშაოები მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაგრძელდება.

„ტრანს ელექტრიკას“ ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა აზომვითი სამუშაოების განახლების ვადებს ვერ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ შეჩერებული სამუშაოები, შესაძლოა, მოსახლეობის მხრიდან მიწების დარეგისტრირების დასრულებამდე გაგრძელდეს.

ქონების რეგისტრაცია ამ დროისთვის ხაიშელების 50%-ს აქვს გავლილი. მირცხულავა არ გამორიცხავს, რომ პროცესი დროში გაჭიანურდეს, თუმცა აცხადებს, რომ ინვესტორი შეეცდება მოსახლეობასთან შეთანხმება მიაღწიოს და ხელშეკრულება გააფორმოს.

ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ხაიშში მიწების აზომვითი სამუშაოების პროცესის შეჩერებას უცნაურად მიიჩნევს. მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილთან ხელისუფლებამ კონსესუსს უკვე მიაღწია.

„იმედია, დაჩქარდება ეს პროცესი... ხელისუფლებამ რაც შეიძლება მალე უნდა მოაგვაროს ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა. მესმის, რომ საკითხი საკმაოდ სენსიტიურია, თუმცა მსგავსი პროექტები დროში არ უნდა იწელებოდეს“, - აღნიშნა „ბიპიენთან“ საუბრისას ლექვინაძემ.

მისი თქმით, ინვესტორი კომპანია „ტრანსელექტრიკა“ ყველანაირად მზად არის პროექტის განსახორციელებლად. ამასვე ადასტურებენ თავად კომპანიაშიც. როგორც „ტრანსელექტრიკში“ ამბობენ, ხელისუფლება ხაიშის მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს განაგრძობს. აქედან გამომდინარე, ისინი ვარაუდობენ, რომ მშენებლობის ნებართვას უახლოეს მომავალში მიიღებენ.

ენერგეტიკოსი მირონ ფირცხელანი ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე „ხუდონთან“ დაკავშირებით ყველანაირი პროცესი შეჩერებულია, თუმცა ამ მიმართულებით კომპანია ხელისუფლებასთან ერთად არჩევნების შემდეგ გააქტიურდება.

„ცდილობენ არჩევნებისთვის ასე თუ ისე შეანელონ დაპირისპირება. სამწუხაროდ, როგორც კი არჩევნები მორჩება, ისევ გააქტიურებას აპირებენ. ვისაც ამდენი ფული და ენერგია აქვს დახარჯული ამ პროექტისთვის, ცხადია, მას ასე იოლად ვერ შეელევა. ძალიან ცუდი საქმეა, მათი მხრიდან, ვინც ამას ცდილობს“, - ამბობს მირონ ფირცხელანი.