„საქართველოში სოკოებივით მომრავლდა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის პოლიტიკის „გაპრავებას“ ცდილობენ“, - აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია. ფაქტია, რომ ბოლო კვირეების განმავლობაში თვალშისაცემი გახდა „ევრაზიული კავშირის“ მომხრეების გააქტიურება.
ექპერტები კი მიიჩნევენ, რომ მათი გააქტიურების უკან რუსული ფინანსები დგას. გარდა ამისა, უკვე დაანონსდა, რომ „ევრაზიული კავშირის“ ანუ ე. წ. კოლაბორაციონისტების წინააღმდეგ გააქტიურებას გეგმავენ ქვეყნის ევროპული არჩევანის მხარდამჭერებიც. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ევროპული არჩევანის მხარდამჭერებში, მრავლად არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ან მათთან ახლოს მდგომი არასამთავრობო ორგანიზაციები.
მისი თქმით, ევროპელობა არ ნიშნავს „ევრაზიული კავშირის“ მცირერიცხოვან ჯგუფებთან მუშტებით დაპირისპირებას. ასეთი ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა დესტაბილიზაციის მცდელობა. როგორც პოლიტოლოგი ამბობს, ასეთ ვითარებაში ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, არ დაუშვას რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური ძალების ქუჩაში ურთიერთდაპირისპირება. ამგვარ დაპირისპირებას ქვეყნის შიგნით და გარეთაც შეუძლია გააჩინოს განცდა, რომ ქვეყანაში არასტაბილური ვითარებაა.
„დესტაბილიზაციისთვის ხელის შეწყობა შესაძლოა მოხდეს სხვა ფაქტორებით. იგივე სოციალური თუ კულტურული მიმართულებით. როდესაც ვამბობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ნიშნავს იმას, რომ თავიდან ავიცილოთ დესტაბილიზაციის ფაქტორები. ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ არ შეიქმნას გამოხატვის თუ სიტყვის თავისუფლების პრობლემა. ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ძალიან ფრთხილად და ძალიან მიზანმიმართულად. სიტუაცია ისედაც მძიმეა ჩვენს ირგვლივ. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილი, მაგრამ პრინციპული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ძალიან მგრძნობიარე და რთულ ეტაპზე, ხელისუფლება აკონტროლებს რა ნაბიჯებს დგამს ჩვენი არაკეთილმოსურნე. ირაკლი ლასანიას განცხადებით, ძალიან შეურაცხმყოფელია თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალებისთვის, რომ საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისგან ისმის განცხადებები, რომელსაც აქვს ამორალური ხასიათი, რომელიც ეხება რუსეთის პოლიტიკის „გაპრავებას“.
„მეხუთე კოლონის ჩამოყალიბებას საქართველოში არავინ დაუშვებს. 2008 წელს 169 სამხედრო შეწირა ქვეყნის დაცვას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის ოკუპირებული, უამრავი იძულებით გადაადგილებული პირი გვყავს და ასეთ პირობებში, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გამოდის და ამორალურ განცხადებებს აკეთებს და პრაქტიკულად ძირს უთხრის ყველაზე ძლიერს, ჯარს, შემაშფოთებელია.
თავდაცვის სამინისტრო სთხოვს ყველა მოქალაქეს, ძალიან წინდახედულად და პატრიოტული გრძნობით შეხედოს, თუ რა ხდება საქართველოში. სოკოებივით მრავლდება არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დიდი ეჭვი მაქვს, რომ ფინანსდებიან ჩვენი არაკეთილმოსურნეების მხრიდან და ეს არის დაუშვებელი. საქართველოს სახელმწიფო არ დაუშვებს ასეთი მეხუთე კოლონის ჩამოყალიბებას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯავახეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების დარიგების საფრთხე არ არსებობს. მისივე განცხადებით, სპეციალური სტრუქტურები, კონტრდაზვერვის სამსახური და შესაბამისი სხვა უწყებები ამ ყველაფერს აკვირდებიან და ამგვარი საფრთხე დღეს არ არსებობს. ალასანიას თქმით, საფრთხეებიდან გამომდინარე, უშიშროების საბჭოს შეკრების აუცილებლობა არ დამდგარა.
„რეგულარულად იკრიბება უსაფრთხეობისა და კრიზისების მართვის საბჭო პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ვაფასებთ საგარეო და შიდა საფრთხეებს, პრობლემებს და თუ როგორ უნდა გადავჭრათ გამოწვევები ქვეყნის წინაშე. ეს შეხვედრები ეძღვნებოდა როგორც უკრაინას, ასევე სხვა გამოწვევებს ქვეყნის წინაშე.
არსებობს კომპეტენციის სხვა სიმაღლე, მაგრამ თუ საფრთხეებიდან გამომდინარე აუცილებლობა დადგა, საბჭო პრეზიდენტთან შეიკრიბება. ასეთი აუცილებლობა ამ ეტაპამდე არ ყოფილა. უშიშროების საბჭოს აქვს თავისი პასუხისმგებლობის ზონა და იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელი გახდა უშიშროების საბჭოს პრეზიდენტის დონეზე შეკრება, ასეთი შეკრება მოხდება“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი, გიგა ბოკერია თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მოუწოდებს, მეხუთე კოლონა საკუთარი კოალიციის შიგნით ეძებოს.
„ვთვლი, რომ ასეთი აშკარა საფრთხეები არსებობს, მაგრამ თავდაცვის მინისტრმა ეს მეხუთე კოლონა უნდა ეძებოს, პირველ რიგში, საკუთარი კოალიციის შიგნით. თუ დააკვირდებით, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ცდილობენ, ჩაანაცვლონ ჩვენი ეროვნული კონსესუსი როგორც შიდაიდენტობის საკითხებზე, ისე საქართველოს საგარეო-პოლიტიკიურ კურსზე, ისინი ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ან ირიბად, მაგრამ აშკარად არიან ასოცირებულნი მმართველ კოალიციასთან და მთავრობასთან.
ე.წ. ოცნების პოლიტპატიმრები – ეს არის ის ხალხი, ვინც ასე იქცევა. ასევე - ის პოლიტიკური ძალები, ვინც ღიად კოალიციის გარეთაა, მაგრამ ხელდასმულია და ბევრ საკითხში ჰარმონიაშია დღევანდელ მთავრობასთან, ვგულისხმობ ნინო ბურჯანაძეს, ირმა ინაშვილებს და ა.შ. ვლაპარაკობ იმ ფაქტებზე, რაც საჯაროდ ითქვა წინა პრემიერ-მინისტრისგან და ქვეყნის დე ფაქტო მმართველისგან, სწორედ ეს ის ხალხია, ვინც მას მოსწონს.
შიგნით კოალიციაში, რამდენი ერთი განცხადება შეიძლება, რომ ჩამოვთვალოთ, ყველამ ვიცით, რომ მათემატიკური უმრავლესობა დეპუტატებისა მაინც არიან ამ განწყობილების ხალხი და ეს კარგად გამოჩნდა, თვითონ უკრიანაში მიმდინარე მოვლენების დროს - თუ ვისთან ახდენდნენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ხელისუფლების წარმომადგენლები“, -აცხადებს გიგა ბოკერია.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ მეხუთე კოლონის თემა საქართველისთვის სიახლეს არ წარმოადგეს. მისი თქმით, როგორც წესი, ქვეყნისთვის საფრთხეს მეხუთე კოლონის ის ნაწილი წარმოადგენს, რომელიც თავის ზრახვებს პირდაპირ და ღიად არ ამბობს.
„ჩვენ უნდა შევეცადოთ ერთმანეთისგან გავყოთ ეს ორი ნაწილი. ადამიანი შეიძლება სულაც არ წარმოადგენდეს მეხუთე კოლონას, მაგრამ მიაჩნდეს, რომ საქართველოს განვითარებისკენ ევრაზიული კავშირისკენ სვლა უმჯობესია, ვიდრე ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერა. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა მეხუთე კოლონასთან, არამედ ადამიანთან, რომელსაც საკუთარი აზრი გააჩნია“, - ამბობს ძაბირაძე.
მიუხედავად იმისა, რომ მეხუთე კოლონაზე საუბარი გააქტიურდა, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ რეალურად ისინი ქვეყნისათვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, რადგან საზოგადოებაზე რაიმე ქმედითი გავლენა, რომ ორიენტაცია შეცვალონ, ღირებულებებზე და ევროპაზე უარი თქვან, ეს გავლენა მათ არ გააჩნიათ.
„პრობლემა, რომ ისინი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას მოახდენენ, - არ დგას. აქ ვერც ხუბუტიას ფული უშველის და ვერც სხვა დაფინანსება. თუმცა, რა თქმა უნდა, არასასურველია როდესაც არალეგალურად შემოდის ფინანსები და საზოგადოებრივ ასპარეზზე ხდება მისი გამოყენება. სერიოზულ პრობლემას არა თანხები, არამედ სხვა ფაქტორი წარმოადგეს - მათ შეუძლიათ გარკვეული დესტაბილიზაციის ფაქტორი გახდნენ საქართველოში. აქ არ ვგულისხმობ მარტო იმ ნაწილს, რომლებიც ღიად საუბრობენ, რომ ევრაზიულ კავშირს საქართველსთვის მომავალი აქვს. აქ ვგულისხმობ იმათ, ვინც „ევრაზიული კავშირის“ მომხრეებს ევროპული ღირებულებებით უპირისპირდება და ქვეყანაში ერთობლივად ქმნიან დესტაბილიზაციის კერას. რომ არ არსებობდეს საფრთხე იმისა, რომ ამ დესტაბილიზაციას ვინმე საბაბად გამოიყენებს, არც ეს არ იქნება პრობლემა. მაგრამ, სწორედ ეს საფრთხე არსებობს ქვეყნის წინაშე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, თუ ამ ჯგუფის უკან კონკრეტული დავალება არ დგას, მაშინ ეს პროცესი სერიოზულ რეაქციას არ იმსახურებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კონკერტული დავალება არის, მაშინ ძალიან მკაცრად უნდა ამ პროცესს მოვლა.
„ვაკვირდებით, რომ გააქტურდნენ, ამას ვერ უარვყოფთ, თუმცა არის თუ არა ეს იმ გაგებით მეხუთე კოლონა, რითაც ვხმარობთ ხოლმე ამ ტერმინს, ჯერ კიდევ დასადგენია. ანუ, ისინი არიან კონკრეტული დავალებისა და კონკრეტული საფასურის ფონზე მოქმედი ჯგუფები, თუ რაღაცა მორიგი პოლიტიკური უმწიფრობის და უპასუხისმგებლობის ფაქტთან გვაქვს საქმე. ჯერჯერობით, ორივე დასაშვებია, სანამ გამოძიებას არ უთქვამს თავისი სიტყვა.
გამორიცხული არაა, ამ პროცესების უკან იგულისხმებოდეს ისეთი ნაბიჯები, სადაც სიმრავლეს მნიშვნელობა არ აქვს. თუნდაც მცირე ჯგუფი უჭერდეს მხარს და გავიხსენოთ როგორ მოხდა გასაბჭოება, უკვე რუსეთმა შეიძლება ჩათვალოს თავი ვალდებულად, რომ მისი ჯარისკაცის ჩექმამ გადმოლახოს საზღვარი. აი, ამ ყველაფერს უნდა გარკვევა. ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა გაარკვიოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.