საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც კრწანისის რაიონის გამგებლის მიერ დოკუმენტების გაყალბების საკითხს ეხებოდა, საკანონმდებლო ორგანოს უმცირესობის წევრები გამოეხმაურნენ.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-რეფორმატორების" თავმჯდომარემ თემურ გრიგალაშვილმა სარევიზიო კომისიის დასკვნა პოლიტიკური მესიჯების კრებულს შეადარა და აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისია სამართლებრივი ველიდან გაქცეულ საფრთხობელად გადაიქცა.
მისივე თქმით, გამგეობამ სარევიზიო კომისიაში გადმოაგზავნა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კომისია არაპროფესიონალებით არის დაკომპლექტებული.
გრიგალაშვილმა ქავთარაძეს მიმართა, უახლოეს პერიოდში დანიშნოს სარევიზიო კომისიის სხდომა, რომელზეც კომისიის მიერ მიღებული ყველა აქტის განხილვა მოხდება.
"სარევიზიო კომისიის არც ერთ სხდომაზე არც ერთი აქტი არ განხილულა. ეს კანონის დარღვევაა", - აღნიშნა თემურ გრიგალაშვილმა.
საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე, მიხეილ ქავთარაძემ საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ 18-24 მარტს კრწანისის გამგეობაში ჩატარებულ შემოწმებაზე ისაუბრა და კრწანისის რაიონის გამგებელი ხათუნა ბერძენიშვილი გამგეობის 12 მარტის სხდომის ოქმის გაყალბებაში და ფინანსურ მაქინაციაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.