მიხეილ ქავთარაძე ხათუნა ბერძენიშვილს სოციალურად დაუცველი პირების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

მიხეილ ქავთარაძე ხათუნა ბერძენიშვილს სოციალურად დაუცველი პირების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

კრწანისის რაიონში სოციალური შემწეობის მიმღებ პირებს, თბილისის საკრებულო დახმარებას არ შეუწყვეტს. ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ქავთარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კრწანისის რაიონის გამგებლის მხრიდან გრძელდება საკრებულოს დისკრედიტაცია და სოციალურად დაუცველი პირების დარწმუნება, თითქოს თბილისის საკრებულო მათ დახმარებას შეუწყვეტს.

მიხეილ ქავთარაძემ მაგალითვისთვის კომისიაში 260 სოციალურად დაუცველიადამიანის მიერ შეტანილი განცხადება მოიყვანა და განმარტა, რომ აღნიშნული ვითარება პირდაპირ მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ხათუნა ბერძენიშვილს შეცდომაში შეჰყავს რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირები.

სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ხათუნა ბერძენიშვილი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა კრწანისის რაიონის გამგეობის 12 მარტის სხდომის ოქმის გაყალბებაში და ფინანსურ მაქინაციაში.

ქავთარაძის განცხადებით, ამ სხდომის ოქმთან დაკავშირებით, საკრებულოს სარევიზიო კომისია კრწანისის რაიონში იყო შესული და 18-24 მარტის ჩათვლით არსებულ დოკუმენტაციებს იკვლევდა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ მხოლოდ ერთ დღეში 359 ადამიანს გადაეცა საგარანტიო ფურცლები, 7 ადამიანზე კი პირდაპირაა გაცემული ფინანსური დახმარება.

მიხეილ ქავთარაძის თქმით, გიგი უგულავამ ხათუნა ბერძენიშვილი15 მარტს კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატად დაასახელა. ქავთარაძე ამ ყოველივეს ბერძენიშვილის მხრიდან პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მცდელობად მიიჩნევს.

სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის თქმით, მოკვლეული მასალა მთავარ პროკურატურას ერთი კვირის წინ გადაეგზავნა.