აშშ ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გაათავისუფლებს. ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტს ამერიკა 2015 წლიდან დაიწყებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი აცხადებს, რომ ევროპაში ენერგეტიკული საკითხების მოსაწესრიგებლად აშშ-მა და ევროპამ კიდევ ბევრი უნდა იმუშავონ.
„ამაზე ბევრს ვმუშაობთ აშშ-ში. როგორც ბუნებრივი აირის მომპოვებელი და გაზის ექსპორტზე 7 ლიცენზიის მფლობელი ქვეყანა, საშუალება გვეძლევა, მოპოვებული ბუნებრივი აირი საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ. ჩვენ ველით ამას და ვიწყებთ 2015 წელს ექსპორტს“, - განაცხადა ჯონ ქერიმ. იგი ირწმუნება, რომ აშშ-ს იმის საშუალება აქვს, ევროპა ბუნებრივი აირის იმ რაოდენობით უზრუნველყოს, რამდენიც მას დასჭირდება.
როგორც ირკვევა, ამერიკელი ექსპერტების ოპტიმიზმი ფიქალის გაზის წარმოებას უკავშირდება. გაზის მოპოვების ახალი ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაციას ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ნახევარში ფლობდნენ და ცდებსაც ატარებდნენ, თუმცა ამ ტექნოლოგიამ დასრულებული სახე სულ რამდენიმე წელია მიიღო. ეს არის ბურღვის ახალი სისტემა, რომელიც ვერტიკალურთან ერთად ჰორიზონტალურსაც მოიცავს, შემდეგ კი, ჰიდრავლიკური აფეთქების მეშვეობით, ფიქალში ბზარები ჩნდება, საიდანაც ბუნებრივი აირი უკვე თავისუფლად გამოდის. მართალია, ტრადიციული მეთოდით წარმოებული გაზის თვითღირებულება 1000 კუბურ მეტრზე 20 დოლარს შეადგენს, ფიქალის კი - 100 დოლარს, სამაგიეროდ, ამ უკანასკნელის რესურსი გაცილებით დიდია. მისი მოპოვება რუსეთის მონოპოლიისგან თავის აცილების საშუალებას იძლევა. ამერიკის ამ ოპტიმისტური გათვლის მიუხედავად, „გაზპრომში“ ფიქრობენ, რომ აშშ-ის ფიქალის გაზის ინდუსტრია საპნის ბუშტია, რომელიც მალე გასკდება.
და მაინც, საინტერესოა, ტექნოლოგიურად როგორ მიაწვდის ამერიკა გაზს ევროპას? მით უფრო, რომ წინასწარი ინფორმაციით, ამერიკული გაზი გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე_რუსული.
ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი რევაზ არველაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამერიკამ სერიოზულად გაზარდა ბუნებრივი გაზის, უფრო სწორად, ფიქალის გაზის მოპოვება, რაც მას საშუალებას აძლევს, გაზის ექსპორტი დაიწყოს. ამისთვის საჭიროა გაზის გათხევადების ქარხნების აშენება, გემებით ამ გაზის ტრანსპორტირება ევროპაში და უკვე გათხევადებული გაზის ჩვეულებრივ გაზად გარდაქმნის საშუალება ევროპის პორტებში. ეს მიღებული და ცნობილი ტექნოლოგიაა, უბრალოდ, საჭიროა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა.
„ასეთ ბუნებრივ გაზს ამერიკა შუა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან იღებდა, ახლა აღარ სჭირდება ამ გაზის მიღება, რადგან თავისი გაზის მოპოვება ძალიან მკვეთრად გაზარდა. ამერიკა პირველ ადგილზე გავიდა მსოფლიოში გაზის მოპოვებით. რა თქმა უნდა, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების მთლიანად მოცილება ვერ მოხდება, რადგან რუსეთი ახდენს დაახლოებით 150-160 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებას ევროპაში. ცხადია, ამდენ გაზს ამერიკა ვერ მიაწვდის ევროპას, მაგრამ სერიოზულად შესუსტდება რუსულ გაზზე დამოკიდებულება“, - აცხადებს რევაზ არველაძე და არ გამორიცხავს, ამერიკამ ევროპას დისკონტურ ანუ შეღავათიან ფასებში მისცეს გაზი.
For.ge-სთან საუბარში ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე განმარტავს, რომ პოლიტიკოსები აცხადებენ ერთ რამეს, თუმცა რეალობა სხვაგვარია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთადერთი ლიცენზიაა გაცემული და ისიც 12 მილიონ ტონაზე. ეს 12 მილიონი ტონა კი ევროპამდე, სავარაუდოდ, მიაღწევს არა 2015, არამედ 2016 ან 2017 წელს, რადგან არ არის დასრულებული, ინფრასტრუქტურა გასაკეთებელია, ტანკერებია საჭირო და ა.შ.
გარდა ამისა, ამერიკას ევროპასთან არ აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ამდენად, მას შეუძლია გაზის მიწოდება მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული, კერძოდ, კორეასთან. ამიტომ ამერიკამ უნდა გადახედოს, პოლიტიკურად როგორ შეიძლება ამის გაკეთება.
„იმისთვის, რომ ევროპამ იაფი გაზი მიიღოს, ბევრი საშუალება არ არსებობს. დღეს ევროპაში რუსული გაზის ფასი 400 დოლარია, ეს არ არის ძალიან მაღალი ფასი, თუმცა ამერიკის შიდა ბაზართან შედარებით მაღალია. ამერიკული თხევადი გაზი ევროპის ბაზარს რომ მიაღწევს, მისი ფასი აიწევს, რადგან გათხევადებას და ტრანსპორტირებას დაახლოებით დამატებით 5-6 დოლარი სჭირდება. ამდენად, აქ ლაპარაკია 500 დოლარის ზევით თანხაზე, ანუ 600 დოლარზე. მთელი ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას ამერიკის სანაპიროზე, რომელიც დღეს არ არსებობს. საჭირო იქნება გაზის გათხევადება, ტრანსპორტირება, დამატებითი ტანკერების შექმნა ევროპამდე მისასვლელად. ძალიან ოპტიმისტური სცენარით, ევროპამდე შესაძლებელია 80 მილიარდი კუბური მეტრი ამერიკული გაზის მიტანა წლიურად, მაგრამ ეს ვერ იქნება იაფი გაზი. თუ გაზის საექსპორტო რაოდენობა გაიზარდა, ამერიკის შიდა ბაზარზე აუცილებლად გაზის ფასი აიწევს. ამას დაემატება ტრანსპორტირების, გათხევადების დანახარჯები და ეს გაზი ვერ იქნება იაფი ევროპის ბაზარზე“, - აცხადებს ლიანა ჯერვალიძე.
ამასთან, განმარტავს, რომ ევროპა ან უნდა შეეგუოს, რომ რუსეთზე დამოკიდებულების შეცვლით მიიღებს უფრო ძვირ გაზს თავის ბაზარზე, ან ამერიკამ თავად უნდა დაასუფსიდიროს ევროპისთვის გაზის მიწოდების ფასი, როგორც ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა მარშალის გეგმის მიხედვით მოქმედებდა ამერიკა და ევროპის აღსადგენად იაფი ქვანახშირი გამოიყენეს.
„ვწუხვარ, რომ ოპტიმისტურს ვერაფერს გეუბნებით. ვფიქრობ, ამერიკას ამ ეტაპზე არ აქვს ისეთი მდგომარეობა, ევროპა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან იხსნას. მე დავდივარ საერთაშორისო შეხვედრებზე, ამ პროცესს თვალყურს ვადევნებ და ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი“, - აცხადებს ექსპერტი.