რას დაჰპირდა ეკა ბესელია პოლიტპატიმრებს?

რას დაჰპირდა ეკა ბესელია პოლიტპატიმრებს?

"ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია ეჭვობს, რომ თათუხაშვილის გარდაცვალება შეიძლება იყოს დაკავშირებული "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებთან, რადგან დათა ახალაიას წინააღმდეგ თათუხაშვილი იყო სერიოზული მოწმე და მისი ლიკვიდაცია შედიოდა "ნაციონალების" ინტერესებში. მაისაია კონტრდაზვერვის დეპარტამენტში "მეხუთე კოლონის" შესახებაც საუბრობს. ის ამ დღეებში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას შეხვდა და ის ადამიანები დაასახელა, ვინც საქმეები გააყალბა და დღესაც ძალოვან უწყებებში მუშაობენ. დეტალების დასაზუსტებლად "ალია" ვახტანგ მაისაიას დაუკავშირდა", - წერს გაზეთი"ალია" სტატიაში სათაურით რას დაჰპირდა ეკა ბესელია პოლიტპატიმრებს?

"მე დავასახელე სამი გვარი, ესენი არიან: ვალერი ზუმბაძე, ლადო დათაშვილი და ოთარ ორჯონიკიძე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საქმეების გაყალბებაში. ეს ადამიანები რეალურ საფრთხეს უქმნიან საქართველოს სახელმწიფოებრიობას და უშიშროებას მით უფრო, რომ ეს ადამიანები მაღალი ჩინის მქონე ადამიანები არიან. ბუნებრივია, შსს ინფორმირებულია ამის შესახებ. რატომ აჩერებენ უწყებაში ასეთ ადამიანებს? ჩემთვის უცნობია, რა ფასეულობები გააჩნიათ ამ ადამიანებს და რა დამსახურების გამო ინარჩუნებენ სამსახურებს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამ ფაქტს არ ეშველა. ეს ადამიანები გასვრილები არიან. ასეთი ადამიანების დატოვება სამსახურში არაფრით არ შეიძლება. ადამიანებს, რომელთაც აქვთ გაყალბებული საქმეები, რომელიც ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას, სწორედ ამ მიმართულებით შეიცავენ საფრთხეს პირველ რიგში", - აცხადებს ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია.

"ეს გასვრილი ადამიანები ახალი ხელისუფლების ნებისმიერ დავალებას შეასრულებენ, რადგან მათთვის ეს ჩვეული ამბავია. მათ გააჩნიათ ისეთი რენომე, რომ ყველაფერზე ხელს მოაწერენ, ამიტომ ნებისმიერ ხელისუფლებას სჭირდება ასეთი ადამიანები, საჭიროების შემთხვევაში რომ გამოიყენოს. შეიძლება მაღალ დონეზე შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ დაბალი და საშუალო რგოლი იგივე დარჩა და აი, სწორედ აქ არის საფრთხეც", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

"კომიტეტის სხდომაზე მე მოვითხოვე, რომ გადაიხედოს თავიდან ჩვენი საქმე და ნახოს საზოგადოებამ, რა მბრალდებოდა. სახალხო დამცველთან უკვე დევს ეს საქმე და სწავლობენ, რა დონეზეა შეკერილი ჩემი საქმე. თავდაპირველად კი, ემზარ კვიციანს რომ მიენიჭება პოლიტდევნილის სტატუსი, ესეც დიდი გარღვევა იქნება. რაც შეეხება სხვა პოლიტპატიმრებს, მათ გავაცანი, რომ პარლამენტის კომიტეტის წინაშე დავაყენე ეს მოთხოვნა, რაც ჩვენ გვაქვს და რის შესრულებასაც ვითხოვთ. მათ შორის გამომძიებლებისა და პროკურორების დასჯას, პოლიტპატიმრების რეაბილიტაცია, ყადაღების მოხსნა, რაც ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, ჟვანიასთვის. ქონების დაყადაღება ზოგს არ გვეხება, მაგრამ ჟვანიას ეხება პირდაპირ, რადგან სახლიდან ასახლებენ და ღია ცის ქვეშ რჩება ძველი ბრალდების საფუძველზე", - განაგრძობს რესპონდენტი.

"სამუშაო რეჟიმში დაიწყება ამ საკითხების განხილვაო, თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ. მადლობის მეტი რა მეთქმის ეკა ბესელიასთვის, რომ ამ თემით დაინტერესდა. გამოიყოფა კომიტეტის წარმომადგენელი, რომელიც დაეკონტაქტება პოლიტპატიმრებს და ამ მოთხოვნებზე იმუშავებს. შემდგომში თითოეულ საკითხს განიხილავენ კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტის დაინტერესება უკვე კარგია, ამ ეტაპზე ამ საკითხების ინიცირებას დაიწყებს კომიტეტი. პირველ ეტაპზე სამუშაო იქნება რეაბილიტაციის პროცესის შესახებ", - დასძენს ვახტანგ მაისაია.