კვლავინდებურად დაძაბული რჩება ვითარება და განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება დონეცკიდან, ხარკოვიდან და ლუგანსკიდან, სადაც პრორუსულად განწყობილმა დემონსტრანტებმა იოლად გაარღვიეს პოლიციის კორდონები და ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს. დონეცკში შეკრებილმა ანტისამთავრობო დემონსტრანტებმა რეგიონის სტატუსის თაობაზე 11 მაისისათვის რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვეს.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არსენი იაცენიუკმა სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ძალადობრივი სცენარით დაწყებულ ანტისამთავრობო გამოსვლებს ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმის ნაწილი უწოდა:
„სავსებით ნათელია, რომ ამოქმედებულია ანტიუკრაინული დონეცკის წინააღმდეგ, ლუგანსკის წინააღმდეგ, ხარკოვის წინააღმდეგ მიმართული გეგმა. ეს არის ვითარების დესტაბილიზაციის გეგმა, გეგმა უცხოეთის ჯარებისათვის, გადმოჭრან საზღვრები და დაიპყრონ ქვეყნის ტერიტორია, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. დარწმუნებული ვართ, რომ ლუგანსკის, დონეცკისა და ხარკოვის მოსახლეობას ერთიან, უნიტარულ ქვეყანაში ცხოვრება სურს“.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი არსენი ავაკოვი მიავლინა ვითარების განსამუხტავად ხარკოვში, სადაც პრორუსულად განწყობილ მომიტინგეებს დაკავებული აქვთ ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობათა ნაწილი. მაგრამ ავაკოვის ჩასვლამ ხარკოვში სიტუაცია ჯერ ვერ განმუხტა. იქ, ქალაქის ცენტრში, რუსეთის მომხრე აქტივისტებსა და ევრომაიდნის მხარდამჭერებს შორის შეტაკებაც მოხდა, რომლის დროსაც, როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
„პუტინი! პუტინი!“ - სკანდირებდა ხარკოვის ადმინისტრაციის შენობასთან თავმოყრილი რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რომლებიც შეიარაღებული არიან ხელკეტებითა და ფარებით. დაძაბულია ვითარება დონეცკში, სადაც პრორუსულად განწყობილ აქტივისტებს დაკავებული აქვთ საოლქო ადმინისტრაციის შენობა და უშიშროების განყოფილება, მოწყობილი აქვთ ბარიკადები პოლიციის მხრიდან შესაძლო შტურმის მოსაგერიებლად.
უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში დაწყებულ გამოსვლებს ევროკავშირის ხელმძღვანელობა გამოეხმაურა. მაია კოჩიანჯიჩმა, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური უწყების ლიდერის კეტრინ ეშტონის პრესმდივანმა, დემონსტრანტებს მუწოდა, „საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლა მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით წარმართონ“. ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა კი განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების ექსპანსიის შემთხვევაში იგი მხარს დაუჭერს ნატოს სამხედრო ჩარევას.
„ამ შემთხვევაში მე მხარს დავუჭერდი არა მხოლოდ ევროკავშირის უფრო მკაცრ შესაძლო სანქციებს, არამედ ნატოს მხრიდან სამხედრო სამზადისს, სახელდობრ, ალიანსის სამხედრო ძალების შესვლას უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ორშაბათს ჩეხეთის საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში და ყირიმის ანექსიაზეც ილაპარაკა.
სიტყვიერი განცხადებების მიუხედავად, დასავლეთის სახელმწიფოები და ევროკავშირი უნდა შეთანხმდნენ, რომ ყირიმი თვალსაწიერ მომავალში არ დაბრუნდება უკრაინის შემადგენლობაშიო, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
რაც შეეხება ყირიმს, იქ წუხელ რუსმა სამხედროებმა უკრაინელი ოფიცერი სტანისლავ ხარჩევსკი მოკლეს - ოფიცერი, რომელიც საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა და უკრაინაში დაბრუნებას ელოდა, შელაპარაკების დროს ავტომატის ტყვიით ქალაქ ნოვოფიოდოროვკაში დაიღუპა. ინციდენტს წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, თუმცა რუსეთისა და უკრაინის წყაროები მომხდარის სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. ამასობაში ცნობილი გახდა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ყირიმიდან მატერიკზე 2000 სამხედრო მოსამსახურის ევაკუაცია დაასრულა. რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულზე მიტაცებული უკრაინის სამხედრო ქონებისა და ტექნიკის ღირებულება კი უკრაინის სამხედრო უწყებამ 127 მილიარდ ჰრივნად შეაფასა.