„თუ ნაციონალებმა მაიდნის ტიპის პროცესი დაიწყეს, ისინი ნუგზარ წიკლაურზე უარეს დღეში ჩავარდებიან“

„თუ ნაციონალებმა მაიდნის ტიპის პროცესი დაიწყეს, ისინი ნუგზარ წიკლაურზე უარეს დღეში ჩავარდებიან“

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში მაიდნის სცენარის განვითარებაზე მუშაობს, მათ ჩამოიყვანეს აქტივისტები, დაწყებულია ტრენინგები, საბურავების ყიდვა, იგეგმება კარვების გაშლა და მასობრივი არეულობა, რაც ხელისუფლებას უნდა დაბრალდეს“,- ასეთი სავარაუდო სცენარის შესახებ საუბრობს შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე.

მისივე ინფორმაციით, დესტაბილიზაციის პარალელურად, ნაციონალები შეეცდებიან, ევროპელ პოლიტიკოსებს მიაწოდონ ცრუ ინფორმაციები და ამით მოიპოვენ გარკვეული წრეების მხარდაჭერა. მიზანი შეიძლება იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობა, ხელისუფლების შეცვლა და სხვა. არის ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ამ სცენარის ამუშავება დაიწყონ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ან გარკვეული ნიადაგი მანამდეც მოსინჯონ.

„მათ სურთ რაღაც ზონდერ-ჯგუფების ჩამოყალიბება, შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებებთან ასოცირებული პირების მობილიზება. არის ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან გამოიწვიონ ქვეყანაში აურზაური და ეს კეთდება იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაამყარონ. მე მგონი, ამას თვითონ საზოგადოება არ დაუშვებს, რადგან დღეს ქვეყანა დგას სწორ გზაზე“, - აცხადებს ალექსანდრე ჭიკაიძე და განმარტავს, „ის, ვინც შეეცდება დესტაბილიზაციის მოხდენას და კანონის დარღვევას, უმკაცრესად დაისჯება!“

მინისტრის თქმით, ეს ინფორმაცია მედიაშიც მუსირებს. უფრო მეტიც, ნაციონალებს საფარქვეშ ჰყავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა, შემდეგ ისევ თავიანთმა ხალხმა ესროლოს ვინმეს და ეს დაბრალდეს ხელისუფლებას. იგეგმება, რომ გაშალონ კარვები, სადაც 300-400 კაცის მობიზილებას მოახდენენ.

ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება დამაფიქრებელია იმ ფონზე, როცა სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ სააკაშვილის ტონს მუქარა შეერია და დაკითხვაზე გამოცხადების ნაცვლად, დაიქადნა, რომ სულ სხვა მიზნით აპირებს „ჩამოაკითხოს“ ივანიშვილს, თანაც იმაზე ადრე, ვიდრე მას ეს წარმოუდგენია. მოგვიანებით მის ტონალობას აჰყვა ეკა ხერხეულიძეც - „მოემზადეთ ქართული მაიდანისთვის, იქ მიშა სააკაშვილი გელოდებათ!“

დღეს კი ნაციონალებს დაავიწყდათ თავიანთი დანაქადები. ამჯერად ისინი განაწყენებულნი არიან და შს მინისტრს უმცირესობის სხდომაზე იბარებენ, რათა პარტიის მიმართ ბრალდებები ფაქტებით გაამყაროს.

ირმა ნადირაშვილი ჭიკაიძის ნათქვამს „ასავალ-დასავალის“ სტილში სრულ ბოდვას უწოდებს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ალექსანდრე ჭიკაიძის თანაგუნდელებისთვის დამატებითი დეტალები არ არის ცნობილი, თუმცა განმარტავენ, რომ მაიდნის მოვლენების განვითარება საქართველოში შეუძლებელია, რადგან ხელისუფლება შესაბამის ზომებს მიიღებს.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ შს სამინისტროს აქვს თავისი კომპეტენცია, შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის კუთხით, ხოლო თავდაცვის სამინისტროს - თავისი კომპეტენცია და საგარეო საფრთხეებზე არის ორიენტირებული.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაციის მუდმივი ურთიერთგაცვლა, განსაკუთრებულად საგანგაშო აქ არაფერი არ არის, ხორციელდება სხვადასხვა ზომის მიღება, რომ იმ მომენტისთვის, როცა საქართველო მოაწერს ასოცირების შეთანხმებას ხელს და ნატოს სამიტისთვის, საქართველო იყოს სტაბილური ქვეყანა“.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, თუ ვინმეს აწყობს ამ ქვეყანაში არეულობა, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“. მათ არ აწყობთ, რომ კითხვები ჩნდება მათ მიმართ, რომ პასუხისგებაში არიან ის ადამიანები, ვისაც ჰქონდა კავშირი დანაშაულთან. ამდენად, მათი აზრით, არეულობა, ალბათ, ერთადერთი გზაა ქვეყანაში.

უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი ფიქრობს, რომ, ცხადია, შს მინისტრმა გაცილებით მეტი იცის, რადგან მას აქვს ოპერატიული ინფორმაცია ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობის თაობაზე. თუმცა იმერლიშვილს იმედი აქვს, მსგავსი რამ არ განმეორდება.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უცნობია, აქვთ თუ არა ნაციონალებს დასაყრდენი ქართულ საზოგადოებაში, რადგან საქართველოში არ არსებობენ ავტორიტეტული სოციოლოგიური კვლევითი კომპანიები, რომლებიც მოგვაწოდებდნენ ინფორმაციას არჩევნებიდან არჩევნებამდე ხალხის ცვალებადი განწყობის შესახებ. მისი თქმით, თუკი გაგრძელდება გაუყალბებელი არჩევნები, მაშინ ის მოგვცემს უტყუარ სურათს ამ განწყობის შესახებ. თუმცა ექსპერტი ფიქრობს, რომ წინა საპრეზიდენტო არჩევნების მიხედვით, საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ნაციონალებისადმი დადებითადაა განწყობილი. ეს კი „ქართული ოცნების“ მომხრეთა იმედგაცრუებით აიხსნება.

„ნაციონალთა პრინციპები იმდენად ახლომხედველურია, არ გამოვრიცხავ, ისინი მართლაც ემზადებოდნენ ამგვარი აქციების ჩასატარებლად, მათ აქვთ კარგი ორგანიზაციული სტრუქტურა, დიდი ფინანსური რესურსი და შეუძლიათ დესტაბილიზაციის გამოწვევა. ამას ემატება, რომ მალემრწმენია ჩვენი საზოგადოების ნაწილი. ისინი სწრაფ წარმატებას მოელოდნენ, რაც მალე არ დადგა. თუ მოსახლეობის 22% ისევ მხარს უჭერს ნაციონალებს, მათი განზრახულობა ჩვენ სერიოზულად უნდა მივიღოთ. რამდენადაც შს მინისტრი სერიოზული პოლიტიკური ფიგურაა და სათანადო ფაქტების გარეშე ასეთ დასკვნას ვერ გააკეთებს, გამოდის, ამის საფუძველი არსებობს. ნაციონალები ფიქრობენ, რომ ისინი ევრომაიდანს მაშინ მოაწყობენ, თუ საქართველო ევროინტეგრაციის კურსიდან გადაუხვევს, მაგრამ ევროინტეგრაციის კურსი ნაციონალების არჩევანი კი არა, ქართველი ხალხის არჩევანია. ჰიპოთეტურად რომც მოხდეს, რომ საქართველოს მოსახლეობამ ამ არჩევანიდან გადაუხვია, მაშინ ვის წინააღმდეგ წავლენ ნაციონალები - ქართველი ხალხის წინააღმდეგ? ეს უნიადაგო შეხედულებაა. ხილულ პერსპექტივაში არ ველოდები ამ კურსიდან გადახვევას“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.

ამასთან, განმარტავს, რომ, თუ ეს არის განწირული და მილევადი რეიტინგის მქონე პარტიის გაბრძოლება, რომელსაც ძალიან ასუსტებს მისი წევრების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, მაშინ ნაციონალებს ურჩევნიათ, საბურავების ყიდვის მაგივრად, თავიანთი პარტიული რიგების კათარზისზე იფიქრონ. მაიდანს კი, მინიმუმ, ხალხის მესამედის მხარდაჭერა მაინც სჭირდება.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ თბილისური მაიდნის მოწყობას ადრე სააკაშვილი შეგვპირდა, ზოგადად, ნაციონალებიც ხშირად ამბობდნენ, უფრო ადრე მოვალთ, ვიდრე გგონიათო. ჯერ კიდევ მერაბიშვილის გარეთ ყოფნისას ტრიალებდა ანალოგიური თემა, როცა მერაბიშვილს ეკითხებოდნენ, აჯანყებას აპირებთ თუ არჩევნებით მოხვალთო?!

„ბევრჯერ ხდებოდა ამგვარი თემის ამოტივტივება, საამისო რიტორიკაც ისმოდა, არიქა, ფაშიზმი დამდგარია. შესაძლოა, დესტაბილიზაციაზე ფიქრობდნენ ნაციონალები. ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ რამდენად რეალურია მისი განხორციელება?! თუ აქ დესტაბილიზაცია დაიწყო და, თუ პოლიციამ ხალხს არ შეუშალა ხელი, მე მგონი, ნაციონალების პოლიტიკური კარიერა მაგ ტიპის „მაიდნით“ დამთავრდება. ის უკმაყოფილება, რაც ამ ხელისუფლების მიმართ საზოგადოებას აქვს, ძირითადად სწორედ ნაციონალების დაუსჯელობასა და მათ გათამამებაში მდგომარეობს. თუ იქამდე მივიდა ეს სითამამე, რომ მათ მაიდნის ტიპის პროცესი დაიწყეს, ამ ხალხს ვერაფერი გააჩერებს, თვითონ გადაწყვეტენ სამართლიანობის აღდგენას და ნაციონალები წიკლაურზე უარეს დღეში ჩავარდებიან“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის- ზურაბ ჯაფარიძის მოსაზრებას, რომ, სავარაუდოდ, ალექსანდრე ჭიკაიძე მსუბუქი მოქმედების ნარკოტიკზეა შესამოწმებელი, როცა ასეთ განცხადებას აკეთებს.

„იგი თურმე საშიშროებას არ ელოდება რუსეთიდან, მაგრამ საშიშროებას ელის ქართული ევროინტეგრაციის პერიპეტიებიდან. ძველი რომაული სენტენცია მახსენდება, რომ ადამიანები ადვილად იჯერებენ იმას, რაც სურთ, ან იმას, რისიც ეშინიათ. პირველ ოქტომბრამდე პერიოდს შეიძლება დავარქვათ სურვილების პერიოდი, ადამიანებმა ადვილად დაიჯერეს „ოცნების“ დანაპირები, ეს ფობიები სწორედ ამ უნიათობით აიხსნება.

ევრომაიდანი იმიტომ მოეწყო, რომ უკრაინამ ევროპული კურსიდან გადაუხვია, ჰაკიმ ფაშას მცდელობა კი რუსულ ორბიტაზე დაბრუნებისკენაა მიმართული, რასაც აშკარად და ღიად ქართული საზოგადოება ვერ გრძნობს. თუკი ქართული სახელმწიფო დაიწყებს ევროპული კურსიდან გადახვევას, მაშინ, რა თქმა უნდა, „ოცნება“ მიიღებენ ევრომაიდანს, მაგრამ არა ნაცმოძრაობის ან რომელიმე ძალის ერთპიროვნული ინსპირირების შედეგად, არამედ, ზოგადად, ქართველი ხალხის მხრიდან“, - აცხადებს გიორგი თევდორაძე For.ge-სთან საუბარში.

რაც შეეხება სააკაშვილის ნათქვამს, რომ უფრო ადრე ჩამოვა საქართველოში, ვიდრე ეს ივანიშვილს წარმოუდგენია, გიორგი თევდორაძე ფიქრობს, რომ სააკაშვილი დღევანდელი ხელისუფლების წარუმატებლობას და ლეგიტიმური საარჩევნო გზით ხელისუფლების შეცვლას გულისხმობდა. ზოგადად, გიორგი თევდორაძე სოციალურ აფეთქებებსაც არ გამორიცხავს, რადგან ხალხს ძლიერ შია და მარტო სანახაობით საზოგადოების გადატარება შეუძლებელი იქნება.