„ერეკლე კოდუა იყო ამ სპეცოპერაციის ორგანიზატორი“

„ერეკლე კოდუა იყო ამ სპეცოპერაციის ორგანიზატორი“

დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეში გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, ირაკლი შოთაძე ადასტურებს. აღნიშნულ საქმეზე ბრალს სოდ-ის ყოფილ უფროსს ერეკლე კოდუას წაუყენებენ. ბრალი დაუმძიმდება ყოფილ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილსაც. რაც შეეხება ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, გამოძიება მას დეტუტატის წინააღმდეგ სპეცოპერაციის დაკევეთაში დასდებს ბრალს. ვალერი გელაშვილი საქმეში როგორც დაზარალებული ისეა ცნობილი. ის დარწმუნებულია, რომ მისი ცემის ფაქტზე ერეკლე კოდუას ბრალს წაუყენებენ.

For.ge. ვალერი გელაშვილს ესაუბრა.

პროკურატურა ამბობს, რომ თქვენზე განხორციელებული თავდასხმის საქმეში გამოძიება დასკვნით ეტაპზეა მისული. ცნობილია, რომ ბრალს წაუყენებენ ერეკლე კოდუას. თქვენ დაგკითხათ პროკურატურამ, შეგიძლიათ გვითხრათ ვის წინააღმდეგ მიეცით ჩვენება?

ვალერი გელაშვილი: ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე დღეში საქმე გაიხსნება და ბრალს წაუყენებენ ერეკლე კოდუას. არ გამორიცხავ, რომ ბრალი დაუმძიმდეს ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილსაც. ყველა კვალი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილამდე მიდის. მიხეილ სააკაშვილი იყო დამკვეთი, შემსრულებლები - ვანო მერაბიშვილი და ერეკლე კოდუა. თავდასხმიდან ორი თვის შემდეგ უკვე ვიცოდი საიდან მოდიოდა ეს ბრძანება და ვინ შეასრულა ეს ოპერაცია. ზუსტად ვიცი, რომ ამ საკითხზე ბრალს წაუყენებენ ერეკლე კოდუას.

თქვენ, მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და ერეკლე კოდუას წინააღმდეგ მიეცით გამოძიებას ჩვენება?

- რა თქმა უნდა, მათ წინააღმდეგ მივეცი ჩვენება. ამ სპეცოპერაციის ორგანიზებაში ბრალს ვდებ ამ სამეულს. რაც შეეხება ერეკლე კოდუას, ის 200 მეტრში იჯდა მანქანაში, ელიას ბაზრობასთან სიხლოვეს და იქიდან აკონტროლებდა ამ სპეცოპერაციას.

მხოლოდ ერეკლე კოდუას და ვანო მერაბიშვილს წაუყენებენ ბრალს?

- არა მგონია, რომ მარტო ერეკლე კოდუას წაუყენონ ბრალი. კოდუას გარდა, ამ სპეცოპერაციაში სხვებიც მონაწილეობდნენ, რომელთანაც კოდუას ჰქონდა სატელეფონო კონტაქტი. ჩემთვის უცნობია ვისთან ჰქონდა კოდუას სატელეფონო კონტაქტი, მაგარამ ეს ინფორმაცია უკვე ცნობილია გამოძიებისთვის. ბრალს ასევე წაუყენებენ ვანო მერაბიშვილს და მიხეილ სააკაშვილს. მაგრამ, ჯერ კოდუა უნდა ჩამოიყვანონ, რომ მან დაადსტუროს ყველაფერი. ანუ, უფრო კონკრეტულად, მან უნდა დაადასტუროს, რომ ბრძანება მოდიოდა ზემოდან. ერეკლე კოდუა თავის თავზე არ აიღებს ამ სპეცოპერაციის შესრულებას.

ეს სპეცოპერაცია, რომ ჩატარდა, მანქნაში მჯდომი ერკლე კოდუა შეამჩნიეს, რომელიც თვალს ადევნებდა სპეცოპერაციას. ასეთი სპეცოპერაციის დაგეგმვა მხოლოდ სპეცსამსახურებს შეუძლიათ. ყველაფერი მოწმობს, რომ ეს სპეცოპერაცია წანასწარ იყო დაგეგმილი. წინა დღეებში გაფუჭდა ჩემი დაჯავშნული მანქანა, მერე სერვისის ბლოკირება, რომ მანქნა არ გაეტარებინათ კომპიუტერში. ეს იყო წინასწარ ორგანიზებული სპეცოპერაცია, რაც მხოლოდ სახელმწიფო უშიშროების სამსახურს შეიძლებოდა გაეკეთებინა. მაშინ ერეკლე კოდუა სოდ-ის ხელმძღავნელი იყო.

ერეკლე კოდუას მეუღლემ რამდენიმე კითხვით მოგმართათ. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, მას უთხრეს, რომ იარაღით დაუნდობლად სცემეთ გიორგი ქართველიშვილი, ასევე ის ამბობს, რომ უცნობი ადამიანისგან შეიტყო, რომ თქვენ მფარველობას უწევთ პროტიტუციას... და კიდევ უამრავ ბრალს გიყენებთ. რას იტყვით ამ ბრალედებებზე?

- საერთოდ, პირველად მესმის ვინმე გიორგი ქართველიშვილის სახელი და გვარი. არ ვიცი ვინ არის. რამდენიმე დღეში ირაკლი კოდუას ბრალს რომ წაუყენებენ, მერე შემიძლია შევხვდე ნანუკა ჟორჟოლიანს და ყველაფერზე გავცე პასუხი. ერთი რამე მაინტერესებს - მთელი 9 წლის განმავლობაში აქ ვიყავი, თუ ასეთ რაღაცეებს ვაკეთებდი, „ნაციონალური მოძრაობა“ მაპატიებდა და ბრალს არ წამიყენებდა? ეს ხომ აბსურდია. ნანუკა ჟორჟოლიანს რეკლამას ნამდვილად ვერ გავუკეთებ, ყველამ თავის თავს და თავის ოჯახს მოუაროს.

ერეკლე კოდუა იყო ამ სპეცოპერაციის ორგანიზატორი, ამაში ეჭვიც არ მეპარება. აი, ბრალს რომ წაუყენებენ, მერე მელაპარაკოს ნანუკა ჟორჟოლიანი, მერე გავცემ ყველაფერზე პასუხს საჯაროდ მაგ ქალბატონს. ნანუკა თავის მეუღლეს უკვე ვეღარ უშველის. ახლა თავის შვილებს მიხედოს და წესიერად გაზარდოს. ვუსურვებ, რომ დედაჩემის დღეში არ ჩავარდეს.

კოდუამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა ქვეყანა. თქვენი საქმე არ იქნება ერთადერთი, რომელსაც წაუყენებენ კოდუას. მას ბრალი ერთ-ერთ ეპიზოდში უკვე წაყენებული აქვს. იმედი გაქვთ, რომ მისი ექსტრადირება მოხდება?

- რაც შეეხება ჩემს ეპიზოდს, პირის ლიკვიდაციამდე მიყვანა, ეს ის დანაშაულია, რომელსაც კოდუა ვერ გაექცევა. თუ არ ჩამოვა, ჩამოიყვანენ. ის არაა პოლიტიკური ფიგურა, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს. ის იყო სპეცსამსახურის ხელმძღვანელი და არა მგონია, რომ რომელიმე ქვეყანამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.

მაშინ, როდესაც თქვენზე განხორცელდა თავდასხმა ირაკლი ოქრუაშვილსაც ეკავა მაღალი თანამდებობა, ის არ მონაწილეობდა ამ საქმეში? მითუმეტეს, რომ ამ საქმეზე გასულ კვირას ის დაკითხა პროკურატურამ...

- ირაკლი გამოძახებული იყო, მაგრამ რა თემაზე დაიკითხა არ ვიცი, გამოძიება არ მეუბნება. სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი დავიწყე მოკვლევა, ვისი ორგანიზებული იყო ეს სპეცოპერაცია. ვიცოდი, რომ ან უნდა ყოფილიყო ოქრუაშვილი, ან მერაბიშვილი. როცა მივიღე ინფორმაცია, რომ ოქრუაშვილი ამაში მონაწილეობას არ იღებდა, ამიტომ უფრო ჩამოვედი. ოქრუაშვილი ისეთი ღვარძლიანი ადამიანია, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. მერაბიშვილი არაა ის ფიგურა, რომელიც დაწყებულ საქმეს ამთავრებს.

ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილმა ჩვენება მისცა სააკაშვილის, მერაბიშვილის და კოდუას წინააღმდეგ. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია რა ჩვენება მისცა ოქრუაშვილმა?

- ამ საქმის გახსნაში იარაკლი ოქრუაშვილის ჩვენება დამეხმარა.

მინდა გკითხოთ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტის შესახებ. თქვენ, საკუთარ თავზე გამოსცადეთნაციონალური მოძრაობისმხრიდან ანგარიშსწორება. შეგიძლიათ შეადაროთ ეს ორი ფაქტი ერთმანეთს?

- ძალადობის მომხრე არ ვარ. ისე, ცემასაც და ნაცემსაც გააჩნია. ვერ ვიტყვი მათ მიერ არის თუ არა ორგანიზებული, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. როცა სპეცსამსახურები გეგმავენ ასეთ სპეცოპერაციას, ეს შეიძლება ფატალურ შედეგამდე მივიდეს, რაც ჩემს შემთხვევაში მოხდა. თავის ქალა მქონდა გატეხილი, შემთხვევით დავრჩი ცოცხალი. წიკლაურის შემთხვევას რაც შეეხება, ეს სპეცსამსახურების მიერ რომ ყოფილიყო დაგეგმილი, არა მგონია, რომ ასე მსუბუქად გამოსულიყო. ამიტომ, რაღაცა ეჭვები არსებობს, მაგრამ მე ვერაფერს ვერ დავამტკიცებ. არის გამოძიება და გამოძიებამ დადოს დასკვნა, საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ.