დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ნატო-ს კვირეული ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ცერემონია ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გაფართოების ბოლო სამ ფაზას მიეძღვნა. კვირეულის გახსნას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო. ცერემონიის დასრულების შემდეგ კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო კონფერნეცია გაიხსნა. "გზა ნატოსკენ: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა გახსნეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სიტვით გამოვიდა კონფერენციაზე II პანელში "საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე; მზადება 2014 წლის ნატოს სამიტისთვის“. თავდაცვის მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელებული რეფორმები გააცნო. ირაკლი ალასანიამ სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს გაწევრიანება ნატოში. მისი თქმით, უელსის სამიტზე საქართველოს აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მიმართ პროგრესი იქნება დაფიქსირებული. „ყველა აღიარებს, რომ საქართველო არის იმ მომგებიან პოზიციაში, რომ ნატოს სამიტზე მოხდეს ახალი ინსტრუმენტის შეთავაზება საქართველოსათვის. მინდა გითხრათ, რომ უახლოეს თვეებში, ივნისის ჩათვლით, იქნება ძალიან მრავალმხრივი, დაძაბული დიპლომატიური და სამხედრო-დიპლომატიური საქმიანობა ჩასატარებელი, რომ მოვამწიფოთ ის პოზიცია, ის შედეგი ნატოს სამიტისგან, რასაც საქართველოს საზოგადოების დიდი უმრავლესობა ელოდება. ასე რომ, სამუშაო იქნება გასაწევი დღეიდან ივნისის ჩათვლით, და რაც მთავარია, გამოიკვეთა ის მიმართულებები, რაზეც ჩვენ აუცილებლად გვექნება, როგორც პარტნიორებთან, კონკრეტულ ქვეყნებთან დიალოგი, ასევე თვითონ ნატოს წარმომადგენლებთან. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ თავდაცვის რეფორმების შეფასების საბოლოო დოკუმენტი, სწორედ, ივნისისთვის იგეგემება რომ გამოქვეყნდეს, რაც უნდა გახდეს ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, კვალიფიკაციისთვის ნატოს სამიტზე. ბუნებრივია, სამხედრო კომპონენტი, თავდაცვის კომპონენტი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი".
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ მაღალი დონის სტუმრები ნატოს წევრი ქვეყნებიდან, ასევე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
კვირეულის მეორე დღეს, ბროშურის "საქართველოს მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში" პრეზენტაცია გაიმართება. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კი ქართული ჯარის განვითარების ისტორიის შესახებ გამოფენა მოეწყობა.
ნატოს კვირეული საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით იმართება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში. კვირეული 16 აპრილს დასრულდება.