კოალიცია „ერთიანი ოპოზიციის“ თბილისის მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე იქნება. შიდა კონსულტაციების შედეგად, მისი კანდიდატურა „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ოფისში ნინო ბურჯანაძემ წარადგინა. უცნობია, იხელმძღვანელა თუ არა ნინო ბურჯანაძემ იმ მოტივით, რასაც უწუნებდნენ დავით ნარმანიას, ანუ მის არათბილისურ წარმომავლობას, მაგრამ ერთი რამ ცხადია, დიმიტრი ლორთიფანიძე 1967 წლის 10 ოქტომბერს თბილისში დაიბადა და თბილისის მე-60 საშუალო სკოლა დაამთავრა. იგი ცნობილი უფლებადამცველი, პარლამენტის ყოფილი წევრი და მრავალშვილიანი მამაა. სხვათა შორის, ერთი პერიოდი, ჩვენს საზოგადოებაში აქტიურად მსჯელობდნენ, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე საუკეთესო იქნებოდა სახალხო დამცველის პოსტზე, მაგრამ ეს ადგილი უჩა ნანუაშვილმა დაიკავა.
ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ერთიანი ოპოზიცია“ („დემოკრატიული მოძრაობა“, „მემარცხენე ალიანსი“, „ქართული დასი“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“) გამარჯვებისთვის იბრძოლებს და გაერთიანებული ძალებით წარდგება საპარლამენტო არჩევნებშიც.
როგორი იქნება თბილისის მერობისთვის ძალთა ჭიდილი დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოჩენის შემდეგ და რას შეცვლის ეს კანდიდატურა ამ არჩევნებისადმი ნიჰილისტურად განწყობილი თბილისელი ამომრჩევლების თვალში?!
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძისთვის მერობის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძის დასახელება სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. ფიქრობს, რომ ერთიანმა ოპოზიციამ სწორი ნაბიჯი გადადგა და მშვენივრად შეარჩია კონკურენტუნარიანი კანდიდატურა, რაც ადასტურებს ძალზე მნიშვნელოვანი პროცესის დაწყებას. კერძოდ, ყალიბდება მესამე პოლიტიკური ცენტრი, რაც ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის აუცილებელია.
პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ალბათ, ნარმანია მაინც გახდება ქალაქის მერი, თუმცა გაერთიანებულ ოპოზიციას რეალური შანსი აქვს, დიმიტრი ლორთქიფანიძე გავიდეს მეორე ადგილზე, რაც კარგი სასტარტო პირობაა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე ორიენტირებული ძალისთვის.
„ამ არჩევნებზე ამომრჩეველი მივა. შესაძლოა, არა იმდენი, რამდენიც საპარლამენტო არჩევნების დროს, მაგრამ ეს იქნება ადგილობრივი არჩევნებისთვის სტაბილური რაოდენობა, სადღაც 400 ათასის ფარგლებში. ასე რომ, ნიჰილისტების არმისვლამ, შესაძლოა, ვიღაცის პროცენტი ცოტათი დასწიოს და ვიღაცის მოამატოს, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა შედეგებისთვის არ ექნება“, -აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან საუბარში.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძის მამასა და ბიძას ახლოს იცნობდა და მეგობრობდა მამისი, რომ არაფერი ვთქვათ, კლასიკოს მწერალზე ნიკო ლორთქიფანიძეზე, რომელიც დიმიტრი ლორთქიფანიძის ღირსეული წინაპარია.
„დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად პარლამენტში ერთ ფრაქციაში ვიყავი და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, ჩვენი ფრაქცია ერთადერთი იყო, რომლის ყველა წევრმაც ბოლომდე აღასრულა პარლამენტარის ფიცი, დაგვეცვა ადამიანის უფლებები, ეროვნული ინტერესები. ის მრავალშვილიანი ოჯახის მამა, ცნობილი იურისტი და ღირსეული კანდიდატია, განურჩევლად იმისა, ვინ წარადგენს მას. ნარმანია ჩემთვის მისაღები კანდიდატურაა, ვიცნობ, როგორც მეცნიერს, წესიერ ადამიანს, ყოველგვარი პოლიტიკური ამბიციების გარეშე. რაც შეეხება თბილისელთა ნიჰილისტურ განწყობას არჩევნებთან მიმართებით, ეს, უპირველეს ყოვლისა, „ოცნების“ მიმართ ნდობის კლებით და გაწბილებით აიხსნება და არა ვინმეს წარმომავლობით. ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს თბილისელებს უწოდებენ, თბილისელები არიან მხოლოდ პირველ ან მეორე თაობაში და ძალზე ცოტაა მესამე თაობის თბილისელი. ამიტომ ძირძველ თბილისელებს წარმომავლობის ირგვლივ პრობლემური მიდგომა არ აქვთ. თბილისი, როგორც ქვეყნის დედაქალაქი, ყოველთვის მდიდრდებოდა ჩამოსული ნიჭიერი ადამიანებით“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.
ამასთან, დოკუმენტურად ვერ ადასტურებს, მაგრამ ეჭვობს, რომ სახელისუფლებო ბლოკი შეეცდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რის შესახებაც მას ინფორმაციას აწვდიან მთელი საქართველოდან.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ არჩევნებზე ნიკა მელიას შანსი არ აქვს, რადგან ის დანაშაულებრივი კორპორაციის წარმომადგენელია.
„დიმიტრი ლორთქიფანიძე კი კარგი ქართველი, მრავალშვილიანი მამაა, ღმერთმა ამრავლოს, მაგრამ ქალაქის მერობისთვის ის მონაცემები, რაც ნარმანიას გააჩნია - მეურნის, მმართველის, მენეჯერის არ აქვს და ვფიქრობ, თბილისელები სწორ არჩევანს გააკეთებენ. ჯერ საარჩევნო კამპანია არ დაწყებულა, ნარმანიას თავისი პროგრამა არ წარუდგენია და, როცა მისი ცნობადობა გაიზრდება, დაინახავენ, რომ ის წესიერი კაცი, კარგი მეოჯახე და კარგი მენეჯერია, რომელიც ესოდენ სჭირდება თბილისს. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის და ნარმანიას არჩევა ამ პოსტზე ბევრ სასიკეთოს მოუტანს თბილისს“, - განმარტავს გიორგი ვოლსკი.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ უმრავლესობის კანდიდატი ნარმანია და ვითომდა ოპოზიციის - ბურჯანაძის კანდიდატი ლორთქიფანიძე, სინამდვილეში, ერთად შეთამაშებული ივანიშვილ-ბურჯანაძის ერთობაა რუსული კოორდინაციით.
„ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ საზოგადოებაში გამოფხიზლების კამპანიას, რომლის შემადგენელი ნაწილიცაა ნიკა მელიას წინასაარჩევნო კამპანია. ლოგიკური, რაციონალური და ქვეყნისთვის გამართული არც ივანიშვილის ნაბიჯი მინახავს, არც - ბურჯანაძის. მოქალაქეები თუ გააგრძელებენ ძილ-ბურანში ყოფნას და ადმინისტრაციული რესურსიც მაქსიმალურად ამოქმედდება, ამ არჩევნებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ხოლო, თუ ვიღაცას ქვეყნის ინტერესი ამოძრავებს, უნდა გამოფხიზლდეს და ერთობლივად უნდა ვიბრძოლოთ“, - ასეთია დავით დარჩიაშვილის პოზიცია.
დასასრულ, ჩვენ შევეცადეთ დიმიტრი ლორთქიფანიძისთვისაც გვეთხოვა კომენტარი, მაგრამ მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. თუმცა ცნობილია, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძეს გამარჯვების შინაგანი რწმენა აქვს და ამიტომაც ცდის თავს დედაქალაქის მერის პოსტზე. იგი ეროვნულად მოაზროვნე ძალების შემოკრებას აპირებს და მიიჩნევს, რომ ამ არჩევნებზე თბილისელებს ერთადერთი შანსი ექნებათ, დაარღვიონ მოჯადოებული პოლიტიკური წრე, მახინჯი კოაბიტაციის სახით. ამიტომ მესამე რეალურმა ოპოზიციურმა ძალამ უნდა ჩაანაცვლოს სახელისუფლო კონგლომერატი.