ნატო რუსეთთან ყველა ტიპის თანამშრომლობას წყვეტს

ნატო რუსეთთან ყველა ტიპის თანამშრომლობას წყვეტს

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთთან ნებისმიერი ტიპის სამხედრო და სამოქალაქო თანამშრომლობის შეჩერების შესახებ გამოაცხადა. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და რუსეთს შორის ძველი ურთიერთობა ვეღარ იქნება.

ამასთან, რასმუსენმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას კიდევ ერთხელ უწოდა ევროპის უსაფრთხოებისათვის ყველაზე სერიოზული საფრთხე. პარალელურად, გადაწყდა, რომ ნატოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა გაღრმავდება. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ პენტაგონმა შავ ზღვაში შესაძლოა, გემები გაგზავნოს და ნატოს ფართომასშტაბიანი წვრთნებიც მოამზადოს.

ნატოსა და დასავლეთის შემხვედრი სვლების პარალელურად, რუსეთი მაინც არ თვლის თავს კუთხეში მიმწყვდეულად და დაჟინებით მოითხოვს ნატოსგან პასუხს. კონკრეტულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთმა ნატოს წერილობით მოუწოდა, აუხსნას აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების ტერიტორიაზე საკუთარი სამხედროების მატების გეგმების შესახებ.

რუსეთის რეაქცია ამით არ ამოწურულა. განაწყენებულმა რუსეთმა ნატოდან თავისი სამხედრო წარმომადგენელიც გაიწვია. ეს მაშინ, როცა ნატოსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შეჩერების მიუხედავად, რუსეთი ნატოსთან, ელჩების დონეზე, კონტაქტს მაინც ინარჩუნებდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 2008 წლის ომის შემდგომ პარალელებსაც იშველიებენ და ნატოს შეახსენებენ, კარგად გაიხსენოს, რა მოჰყვა ნატოს მიერ რუსეთთან კავშირების გაწყვეტას. საუბარია იმაზე, რომ 2008 წლის 20 აგვისტოს შემდეგ ნატომ რუსეთთან საბჭოს ფარგლებში მუშაობა შეწყვიტა და რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება მოსთხოვა, თუმცა შემდგომ, როცა რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, 2008 წლის მიწურულს, ნატომ თავადვე აღადგინა რუსეთთან თანამშრომლობა.

ასე რომ, ამ წლების მანძილზე ნატო-რუსეთის უცნაური სვლები_ ეს იყო ურთიერთობა დაპირისპირებისა და თანამშრომლობის ზღვარზე.

ამის მიუხედავად, დასავლეთი ირწმუნება, რომ რუსეთის ამბიციების დასაოკებლად სხვა ხერხებსაც მიმართავს. კერძოდ, აშშ ევროპას გაზს 2015 წლიდან მიწვდის. „აშშ მიაწვდის უფრო მეტ გაზს, ვიდრე მთელი ევროპა მოიხმარს დღეს“, - პირობას დებს ჯონ კერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულისგან საბოლოო გათავისუფლებას იუწყება. როგორც ჩანს, პროცესები დროში გაწელვადი იქნება და, უბრალოდ, საქართველო და უკრაინა ჩქარობენ, თორემ დასავლეთს არსად ეჩქარება და მდორედ მიდის გამარჯვებისკენ.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ნატოსთვის უკვე ფასეულობათა გადაფასების დრო დადგა. თუ რამდენად ღრმად შევა რუსეთთან ურთიერთობის პროცესი, ამას დაახლოებით 2-3 თვეში ვიხილავთ, ან უფრო სწორად, - შემოდგომამდე, რადგან ახლა მაინც ზაფხული ახლოვდება, შვებულებების პერიოდი ემთხვევა, ევროპელი ჩინოვნიკები კი არ არიან მიჩვეულნი ივლის-აგვისტოს სიცხეებში დედაქალაქებში გამოხრუკვას. ამიტომ რუსეთთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, ყველაზე საინტერესო შემოდგომის პერიოდია. მით უფრო, რომ ნატოსგან ასეთი მკაცრი განცხადებები აგვისტოს ომის შემდეგაც მოვისმინეთ, მაგრამ სულ რაღაც სამ-ოთხ თვეში ნატო-რუსეთის კომისიამ ისევ განაგრძო მუშაობა.

ამჯერად როგორ განვითარდება მოვლენები, პოლიტოლოგის აზრით, ძნელი სათქმელია. თუმცა უკვე გავრცელდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი მდივნის განცხადება, რომ რუსეთის ეკონომიკა აშკარად გრძნობს სანქციების სიმძიმეს.

„მართალია, მოსკოვში იხტიბარს არ იტეხენ, თუმცა ახლახანს რუსეთის „ცენტრობანკის“ პრეზიდენტის ელვირა ნაბიულინას განცხადებაც გავრცელდა. ამ ქალბატონმა ბანკების ასოციაციის ყრილობაზე აღნიშნა, რომ რუსეთს შავი მომავალი ელის კაპიტალის გადინების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, ყირიმი გაცილებით მეტ კაპიტალდაბანდებას ითხოვს რუსეთისგან, ვიდრე ნავარაუდევი იყო. ხელფასები და პენსიები ოთხჯერ უნდა გაეზარდოთ ყირიმის მაცხოვრებლებს, ამას ემატება ინფრასტრუქტურის, თავდაცვის სფეროს რუსეთის სტანდარტებზე გადაყვანა, რაც ძვირი ფუფუნებაა. თუ აქამდე რუსეთიდან მთელ წელიწადში შეიძლება გასულიყო 20 მილიარდი დოლარი, მარტო პირველ კვარტალში უკვე გავიდა 20 მილიარდი. სხვათა შორის, გრიგორი იავლინსკის საინტერესო განცხადება გავრცელდა, რომ ახალი ცივი ომი იწყება ძველი შედეგებით. ცივი ომის ძველი შედეგი კი იყო საბჭოთა კავშირის დაშლა. იავლინსკი არც ჟირინოვსკია და არც ნემცოვი, ის სერიოზიული პიროვნება, კვალიფიციური ეკონომისტი და დასავლეთში მიღებული პოლიტიკოსია. თუ მართლაც საბჭოთა კავშირის დაშლის მსგავსი პროცესები მიმდინარეობს, მაშინ ამ ფონზე შეიძლება, ნატოც გათამამდეს, ბრიუსელმაც მეტი გაბედულება გამოიჩინოს, ვიდრე ეს იყო 2008 წელს“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ For.ge-სთან საუბარში.

მისივე თქმით, ამერიკის რამდენიმე გემია შემოსული შავ ზღვაში, რომელთა ყოფნის ვადაც მონტრეს ხელშეკრულებით ამოიწურა. ამიტომ ლავროვი მათ ეუბნება, მოაშორეთ თქვენი გემები, მონტრეს ხელშეკრულებას არღვევთო. თუმცა ამერიკა ამაზე არ რეაგირებს, ისევე, როგორც ნატო არ რეაგირებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამხედრო კონტინგენტის გაზრდის გეგმებზე. თუ ყველაფერმა ეფექტი იქონია, პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რუსეთს მართლაც აგრძნობინონ, რომ 21-ე საუკუნე არ არის პუტინის საუკუნე.

ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თორნიკე შარაშენიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოსთან ომის შემდეგ დასავლეთში განხორციელდა დაახლოება რუსეთთან, შენელებული პოლიტიკა, რომლითაც ეგონათ, რომ რუსეთს უფრო ცივილიზებულ მოთამაშედ აქცევდნენ, მაგრამ ეს არ მოხდა. ამიტომ, როცა დაინახეს, რომ არ გაჭრა რუსეთის მოფერებამ და ნორმალიზაციამ, ნატო სულ სხვანაირ პოლიტიკაზე გადავიდა.

„ამ პოლიტიკას თუ კიდევ მოჰყვება რუსეთის გამხეცება, მაშინ გამხეცდეს რუსეთი ბოლომდე და დაიწყოს კონფრონტაცია, რომლითაც, საბოლოო ჯამში, ისევ რუსეთი წააგებს, რადგან ორ ძალას შორის იგი უფრო სუსტია. ძალზე სწორი პოლიტიკაა, დასავლეთმა უნდა დაიწყოს მკაცრი ლაპარაკი. ლავროვის მუქარა და ახსნა-განმარტებები საერთოდ არავის არ აშინებს ნატოში. ერთდერთი, რაც შეიძლება გააკეთოს რუსეთმა, არის ის, რომ დაიწყოს შანტაჟი, ძირითადად, ბალტიისპირეთთან მიმართებით. ყველა შემთხვევაში, საქართველოც ამ სიაში აღმოჩნდება და ყველა ის სახელმწიფო, რომელიც შედარებით სუსტია. ის, რომ აშშ ევროპას გაზს 2015 წელს მიწვდის, ეს ერთადერთი რეალური საშუალებაა, რაც რუსეთის ბერკეტს გააქრობს. სხვა არანაირი ბერკეტი არ დარჩება პუტინს, მოსყიდვის, პატარა-პატარა შანტაჟის და დეზინფორმაციის გავრცელების გარდა“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე, რომლის აზრითაც, რუსეთი სამხედრო კონფრონტაციაში ვერ შევა და ომს ნატოსთან ვერ დაიწყებს. ეს მისთვის კატასტროფით დამთავრდება.

მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, დასავლეთს ენერგოდამოკიდებულების სახით ბოლო ბერკეტი აქამდეც გამოეცალა რუსეთისთვის, მაგრამ რატომღაც მიაჩნდათ, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა.