საქართველოს მთავრობის მეთაური ბოლო პერიოდში ძირითადად საზღვარგარეთული ვოიაჟებით იყო დაკავებული და ამერიკაში განხორციელებული წარმატებული ვიზიტის შემდეგ, ევროპაში გამართა მნიშვნელოვანი შეხვედრები. სამშობლოში დაბრუნებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები კარგია, მაგრამ უმთავრესი მაინც ადგილობრივი მოსახლეობაა და სწორედ მათთან შეხვედრის მიზნით, საქართველოს მასშტაბით ტურნეს მოწყობის პირობა დადო. შესაბამისად, პირობის ასრულების დრო დადგა და ღარიბაშვილი პირველად სამეგრელოს ეწვია.
პირველ რიგში პრემიერი სენაკის სამხედრო ბაზას ესტუმრა. ჯარისკაცებისგან მან პირადად მოისმინა ბაზაზე არსებული მდგომარეობა და მათ პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობად სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეების ღირსების დაცვა და მათი მხარდაჭერა მიაჩნია
სამხედრო ბაზის მონახულების შემდეგ იყო ვიზიტი ანაკლიაში. იქ პრემიერმა ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა და ხურჩის ახალი გზაც გახსნა. ღარიბაშვილს არ დაუმალავს, რომ ახალი გზა საგრძნობლად გააუმჯობესებს ენგურსგაღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების გადაადგილებას. მთავრობა გამყოფი ხაზის გასწვრივ, ძველისგან განსხვავებულ, სრულიად ახალ პოლიტიკას ახორციელებს და არა ისეთს, როგორიც წინა ხელისუფლების დროს იყო, მხოლოდ სიტყვებსა და პიარზე დაფუძნებული. სწორედ ეს იყო მთავარი მესიჯი იმ განცხადებაში, რომელიც პრემიერმა გააკეთა.
“ენგურსგაღმა მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. ამ მიზანს ემსახურება ხურჩის გზა. ეს 4-კილომეტრიანი გზა 3000-ზე მეტ ადამიანს გადაადგილების პირობებს გაუუმჯობესებს”...
გზის გარდა, ღარიბაშვილმა ანაკლიაში პორტის მშენებლობაც დაანონსა და სავარაუდოდ, სამეგრელოში მცხოვრებლებს ყველაზე მეტად ეს დაპირება გაუხარდათ.
“სამეგრელოში მასშტაბური პორტის არსებობა ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების გაჩენას. პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს მთელ ქვეყანას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში”,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ეს სამომავლო პერსპექტივას რაც შეეხება, თორემ ადგილობრივებს ისიც კარგად ახსოვდათ, წინასაარჩევნოდ ახალი საავადმყოფოს აშენების დაპირება რომ მიიღეს და ამის შესახებ ღარიბაშვილს პირადად დაეკითხნენ.
“ვაღიარებ, რომ სამეგრელოში საავადმყოფოს აშენება კოალიცია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირება იყო. 220 ადგილიანი კლინიკა მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა პაციენტს და ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება აფხაზეთის მოსახლეობისთვის, რადგან ისინი სწრაფად მიიღებენ კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას. პარალელურად, საუნივერსიტეტო კლინიკა სასწავლო ცენტრის ფუნქციასაც შეასრულებს, სადაც შესაძლებელი იქნება დიპლომის შემდგომი განათლების მიღება და ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლება”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
წინა ხელისუფლების პირობებში საუბარი იყო იმაზე, რომ ისტორიული დადიანების სასახლე სასტუმროდ გადაეკეთებინათ და მასში ღამის გათევა და ისტორიულ ლოგინებზე კოტრიალი 10 ათას დოლარად დაეფასებინათ. საბედნიეროდ, ისტორიის სარეცელზე ღლაბუცი წინა ხელისუფლებას არ დასცალდა. პრემიერმა პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში შემუშავდება სასახლის რესტავრაციის პროექტი და მისი განხორციელებაც დაიწყება. ეს დაპირება უშუალოდ სასახლის დირექტორმა და მომსახურე პერსონალმა მიიღო.
მოგეხსენებათ, დევნილთა პრობლემა ყველაზე მეტად სწორედ სამეგრელოში იგრძნობა და ღარიბაშვილმა უშუალოდ მოინახულა ის დასახლებები, სადაც დევნილები მასიურად ცხოვრობენ. მათ დაიჩივლეს, რომ ახლადაშენებულ სახლებში სერიოზული პრობლემებია და არც თუ ხარისხიანად არის გაკეთებული.
ისე ჩანს, ღარიბაშვილს ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და იქვე, დევნილების თვალწინ სამშენებლო კომპანია “ბლოკ ჯორჯიას” ხელმძღვანელობას ერთი თვის ვადა მისცა ხარვეზების აღმოსაფხვრელად და მორიგი, საინტერესო დაპირებაც გასცა.
“ახალი ხელისუფლების პირობებში 2000 დევნილი ოჯახი, ანი საშუალოდ 8000 ადამიანი, საცხოვრებელი ფართით უკვე დაკმაყოფილდა. მაისში ფართო მასშტაბის მშენებლობა დაიწყება თბილისსა და ქუთაისში, 2015 წელს კი დაიწყება კომპლექსის მშენებლობა ვარკეთილში, არანაკლები მასშტაბის მშენებლობები იგეგმება გორში და ბათუმში”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
ეს რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თორემ მთავარი, რასაც მოსახლეობა ითხოვდა, სამართლიანობის აღდგენა იყო. სამწუხაროდ, სამეგრელო ერთ-ერთი უპირველესია იმ რეგიონთა შორის, რომელმაც უსამართლობის მარწუხები ყველაზე მწვავედ იწვნია.
“უდანაშაულო ადამიანებს იტაცებდნენ, აუპატიურებდნენ, დღეს ეს ადამიანები დემოკრატიაზე საუბრობენ და ჭკუას გვარიგებენ, როგორ უნდა წარვმართოთ პოლიტიკა. მე მინდა ამ ყველაზე დიდ უმცირესობას შევახსენო, ყველა ის ადამიანი, ვინც ამ პოლიტიკას განსაზღვრავდა, უმკაცრესად იქნება დასჯილი”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერს თან ინფრასტრუქტურის მინისტრი და თბილისის მერობის კანდიდატი, დავით ნარმანია ახლდა. სწორედ მას დაავალა ზუგდიდის თეატრის რეაბილიტაცია, რომლის შესახებაც სამეგრელოს მოსახლეობამ განსაკუთრებულად ითხოვა. დავალება მიიღო განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემაც. მისი უწყება უახლოეს მომავალში ახალ კანონპროექტს მოამზადებს, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელებს პედაგოგის სტატუსი მიენიჭებათ და შესაბამისად, ჯამაგირიც გაეზრდებათ.
სამეგრელოს შემდეგ პრემიერი აჭარის რეგიონს ეწვია. ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობის დათვალიერების შემდეგ, პრემიერმა განმარტა, რომ ასეთი გზის არარსებობა წლების განმავლობაში დისკომფორტს უქმნიდა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს და დაამატა, რომ მშენებლობა 2016 წელს დასრულდება. შემოვლითი გზის დასრულებისთანავე გამარტივდება სატრანსპორტო გადაზიდვები, შემცირდება მგზავრობის დრო და გადაადგილება უსაფრთხო გახდება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჩქაროსნული გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ საქართველოს ექნება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, რაც დიდ სარგებელს მოუტანს და ამავდროულად, გაამარტივებს მიმოსვლას მეზობელ თურქეთთან.
ღარიბაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოც მოინახულა და უწყების პიორველ პირს, გიორგი პაპუაშვილს პირადად ესაუბრა. შეხვედრით კმაყოფილება არ დაუმალავს თავად პაპუაშვილსაც და აღნიშნა, რომ პრემიერმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა სასამართლოს ხელშეუხებლობა და დამოუკიდებლობა, რაც რეალურად წინა ხელისუფლების პირობებში წარმოუდგენლად ჩანდა.
აჭარის რეგიონისთვის საზღვაო აკადემია მუდმივად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იყო და იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტომ ქართველ მეზღვაურებს ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე სამსახური აუკრძალა, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა. თუმცა, 2013 წლის ნოემბერში, საზღვაო უსაფრთხოების სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება და ქართველი მეზღვაურები ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დაბრუნდნენ. პრემიერმა აკადემიის განვითარებისთვის ხელშეწყობის პირობა დადო.
ზაფხულამდე პრემიერმინისტრი საქართველოს ყველა რეგიონში ჩავა და თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად შეეძლება საკუთარი თუ საზოგადო პრობლემის შესახებ, ღარიბაშვილს პირადად მოახსენოს.