„ნაციონალურ მოძრაობას“ 2013 წლის მაისთან შედარებით, პარტიული რეიტინგი 4 პროცენტით გაეზარდა და ამ დროისთვის 14 პროცენტით განისაზღვრება.
for.ge-მ ექსკლუზიურად საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული პარტიული კვლევების შესახებ მოიპოვა ინფორმაცია, რომელიც ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.
კვლევის თანახმად, კითხვაზე - ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? - გამოკითხულთა 14 პროცენტი ამბობს, რომ მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა. 10 პროცენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, 9 პროცენტი კი აღნიშნავს, რომ ხმას არცერთ პარტიას არ მისცემს.
იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნულ კითხვაზე 56 პროცენტი დადებით პასუხს კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ სცემს, უნდა ვივარაუდოთ, რომ 11 პროცენტი დანარჩენ პარტიებზე ნაწილდება, რომელთა შორის არიან „ლეიბორისტები“, „ქრისტიან-დემოკრატები“ და „დემოკრატიული მოძრაობა“.
ამას გარდა, კითხვაზე „ვის შეუძლია თქვენი პრობლემების გადაწყვეტა“? - გამოკითხულთა 11 პროცენტი აცხადებს, რომ მათ პრობლემებს ყოფილი სახელისუფლებო პარტია მოაგვარებს, მაგრამ გამოკითხულთა 25 პროცენტი ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არასოდეს არ მისცემს.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა პიროვნულ რეიტინგებს, ყოფილმა სახელისუფლებო პარტიამ IRI-ს სიმბოლურად 5 ლიდერის რეიტინგის განსაზღვრა სთხოვა.
კვლევის მიხედვით, დავით ბაქრაძის პიროვნული რეიტინგი 54 პროცენტია, გიორგი ვაშაძისა და გიგი უგულავას რეიტინგები 27-27 პროცენტი, გიორგი ბარამიძის 24 პროცენტი, პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის კი 23 პროცენტი.
for.ge-სთან საუბარში ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარტიის მომატებული რეიტინგი კარგია, მაგრამ ცხადია, მეტის მოლოდინი აქვს.
„შეიძლება, ეს განწყობები კიდევ შეიცვალოს, რადგან აქტიური საარჩევნო კამპანიის წარმოებას ვაპირებთ. მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი კლებულობს და როგორც ჩანს, ნარმანია 50 პროცენტიან ზღვარს ვერ გადალახავს. რა იქნება, ჯერჯერობით, არავინ იცის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
თანაგუნდელის მსგავსად, სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო დაიკლებს, რადგან ხელისუფლება დაპირებებს არ ასრულებს და რეპრესიებით სიტუაციის ძაბავს.
„ხელისუფლების რეიტინგი იკლებს, რაც გასაგებია. ამ ფონზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი იზრდება. ჩვენი ამომრჩეელი სტაბილურია და შეიძლება ითქვას, რომ 2003 წლის პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა და დღევანდელი მონაცემების იდენტურია. მყარი ელექტორატი გვყავს და ძირითადი ოპოზიციური ძალა ვართ“, - განუცხადა for.ge-ს რატიანმა.
გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მზარდი რეიტინგი აქვს და ეს კვლევითაც დადასტურდა.
„კოალიციას რეიტინგი უმცირდება და ამას ის იწევს, რაც ქვეყანაში ხდება. კვლევებით ჩანს, რომ შეუსრულებელი დაპირებებით ხალხი უკმაყოფილოა. ძალიან საინტერესოა, რომ გზების პრობლემებმა წლების შემდეგ პირველად წამოიწია წინ“, - განუცხადა for.ge-ს ვაშაძემ, რომელსაც განმარტება ვთხოვეთ, თუ რატომ თქვა უარი თბილისში მერობის კანდიდატობაზე.
ვაშაძე გვარწმუნებს, რომ საკუთარი კანდიდატურა ნიკა მელიას სასარგებლოდ მოხსნა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ კულუარებში განგვიცხადეს, რომ ვაშაძის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მოტივი ის იყო, რომ მას ეგონა, მისი თანაგუნდელები პრაიმერისში მხარს ნიკა მელიას დაუჭერდნენ, მაგრამ ის შეცდა.
შეგახსენებთ, რომ IRI-მ კვლევა 19 თებერვლიდან 13 მარტამდე პერიოდში ჩაატარა და გამოკითხვაში 3 992 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. პროცენტული ცდომილება კი, 1,5 პროცენტს შეადგენს.