მიდის თუ არა მუშაობა სტრატეგიული ნუსხის გაზრდაზე?

მიდის თუ არა მუშაობა სტრატეგიული ნუსხის გაზრდაზე?

საქართველოს სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში ამჟამად სულ 5 ობიექტია, მაგრამ მათი რაოდენობა გაიზრდება. წლის დასაწყისში ასეთი მოთხოვნა დააყენა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ჯერჯერობით ხელისუფლებაში არ იციან როდის იქნება მზად სავარაუდო ჩამონათვალი.

საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ საქმის კურსში არ არის, რა ეტაპზეა აღნიშნული საკითხი. არადა, პრემიერის ინიციატივის ირგვლივ, წესით და რიგით, უკვე მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს.

სტრატეგიული ობიექტების ნუსხის შედგენის ინიციატივით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 2014 წლის დასაწყისში, ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გამოვიდა.

„მოგეხსენებათ, რომ სტრატეგიული ობიექტების ცნება აღარ არსებობდა და ჩემი ინფორმაციით, სტრატეგიული ობიექტების ნუსხა გაუქმებული იყო. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ განახლდეს სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი და მთავრობამ აღნიშნული ნუსხა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნოს“, - აცხადებდა ირაკლი ღარიბაშვილი.

თავდაპირველად, აღნიშნული ნუსხის შედგენაზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მუშაობდა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით კი, ამ საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომლის წევრების ვინაობა ამ დრომდე გაურკვეველია და მხოლოდ ერთ პირს, შალვა თადუმაძეს უკავშირდება.

განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიულ დანიშნულების ობიექტების ნუსხა 2003 წელს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის N58 ბრძანებით განისაზღვრა. ეს სია 21 პუნქტისგან შედგებოდა და მასში მაგისტრალური ნავთობსადენი, გაზსადენი, წყალსადენი, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, ჰიდრო, თბო და ატომური ელექტროსადგურები, მაგისტრალური საავტომობილო გზა, ტელეცენტრის შენობა, ტელე და კავშირგაბმულობის ყველა ანძა შედიოდა.

2003 წელს მიღებული ეს კანონი, თავის მხრივ, 2010 წლის 8 აპრილს ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა ამ მოვლენამდე ორი წლით ადრე, 2008 წელს მთავრობამ სტრატეგიული ობიექტების ნუსხა შეამცირა. შეიცვალა ტერმინიც, აღნიშნული სია ადრე „განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების“ ნუსხად მოიხსენიებოდა, ცვლილების შემდეგ კი სახელწოდებაში მხოლოდ „განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონება“ დარჩა.

მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის N93 დადგენილებით ნუსხაში მხოლოდ 5 ობიექტი შევიდა: სენაკის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი; მარნეულის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი; ფოთის ახალი (სამხედრო) ნავსადგური (ნავმისადგომი, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქნიშნები, აკვატორია); ფოთის საზღვაო ნავსადგურის შუქურა, შუქნიშნები და აკვატორია. ბათუმის საზღვაო ნავსადგურის შუქურა, შუქნიშნები და აკვატორია.

სტრატეგიული ობიექტების ნუსხის შედგენას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ინიციატივას „მავნებლობა“ უწოდა კახა ბედუქიძემ, რომელიც 2004 წლიდან საქართველოს ხელისუფლებაში საქმიანობდა და ეკონომიკურ გუნდს ხელმძღვანელობდა. მისი აზრით, მსგავსი ტიპის კლასიფიკაცია ეკონომიკურ სარგებელს ვერ მოიტანს.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ეკონომიკაში ვავლებთ წითელ ხაზს. ჩვეულებრივ ბიზნესს უკვე აღარ შეუძლია საქმიანობა ამ წითელი ხაზის იქით. ამ სიაში არის დავუშვათ ანძა, ხვალ კი ამ სიაში შეიძლება რაღაც საწარმო აღმოჩნდეს. გაუგებარია, რისი მიღწევა გვინდა. თუ ჩვენ გვინდა, რომ კონკრეტულ ობიექტს ჰქონდეს დაწესებული გარკვეული შეზღუდვები, ამისთვის არ არის საჭირო ამ სიის შექმნა, ამისთვის შეიძლება შემუშავდეს წესი“, - აცხადებს ბედუქიძე, რომლესაც უშუალოდ უკავშირდება საქართველოში აგრესიული პრივატიზების პოლიტიკა და სტრატეგიული ობიექტების გაყიდვის მცდელობაც. ცნობილია, რომ სწორედ ბენედუქიძე ითხოვდა საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის გასხვისებას, რომლის ხელში ჩაგდებას რუსეთი აპირებდა. ამერიკის მთავრობის დროული ჩარევის შედეგად გაზსადენის რუსებისთვის გადაცემა მაშინდელმა ხელისუფლებამ გადაიფიქრა.

სტრატეგიული ნუსხის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს ეკონომიკის მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა. „თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს კრიტერიუმები, როდესაც ამა თუ იმ ობიექტის გასხვისება განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება“, - აცხადებს მინისტრი.

მთავრობამ პირველ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოს ობიექტების ჩამონათვალი უნდა მიაწოდოს, რის შემდეგადაც განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტებისთვის შესაბამისი რეგულაციები დადგინდება.