ადვოკატები თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით

ადვოკატები თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით

შალვა თათუხაშვილის ტრაგედიამ უამრავი კითხვა წარმოშვა. უფლებადამცველებს აინტერესებთ, რატომ „მოერიდა“ ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს დათა ახალაიას საქმის მოწმის, შალვა თათუხაშვილის ნაწამები სხეულის დაფიქსირება, თუკი ასეთი ზეწოლა მოწმეზე მართლაც განხორციელდა? სამაგიეროდ, რატომ შეჰბედა „მორიდებულმა“ ზაქარეიშვილმა აწ გარდაცვლილ მოწმეს, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება? რა სტატუსით შეხვდა ზაქარეიშვილი შალვა თათუხაშვილს, როცა ეს ინტერესთა კონფლიქტი იყო და მას დათა ახალაიას დაცვა ევალებოდა?

კითხვები ჩნდება პროკურატურის მისამართითაც, რატომ ვერ უზრუნველყო ამ უწყებამ მოწმის სათანადოდ დაცვა და, ზოგადად, რატომ იკვეთება გაურკვევლობები სწორედ დათა ახალაიას მოწმეებთან მიმართებით? რას ნიშნავს კახა კოჟორიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თათუხაშვილის ოჯახი ეჭვობს, შალვას ისეთი პრეპარატი ხომ არ გაუკეთეს, რომელმაც არა იმ წუთს, არამედ რამდენიმე დღეში იმოქმედა და მისი გარდაცვალება გამოიწვია? სად არიან ის ადვოკატები, რომლებსაც შალვა თათუხაშვილის დაცვა ევალებოდათ, რატომ არ უჩნდებათ სურვილი, გამოვიდნენ და თქვან, რა მოხდა სინამდვილეში?! თუკი ამ ადვოკატებმა ვერ გაუძლეს ზეწოლას, მაშინ ადვოკატთა ეთიკის კომისია უნდა დაფიქრდეს თუ არა, რამდენად საჭიროა ასეთი ადვოკატები?!

For.ge-სთან საუბრისას უფლებადამცველ გელა ნიკოლაიშვილს უკვირს, თუ ადვოკატი ზაქარეიშვილი შეხვდა შალვა თათუხაშვილს და ამ უკანასკნელის სასტიკად წამების შესახებ შეიტყო, რატომ არ მოსთხოვა მას, ეჩვენებინა დაზიანებები?! ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ან ადვოკატი იტყუება და თათუხაშვილს დაზიანებები არ ჰქონია, ან კიდევ, თათუხაშვილს ჰქონდა დაზიანებები და არაკვალიფიციურობის გამო ადვოკატს ეს გამორჩა, არც ექსპერტიზა დანიშნა და არც სურათი გადაუღო.

„ზაქარეიშვილი ამბობს, მე ხომ არ ვიცოდი, რომ ხუთ დღეში გარდაიცვლებოდაო?! ჯერ ერთი, არავინ იცის, რამდენ ხანში გაუვიდოდა ეს დაზიანებები თათუხაშვილს და სადაც ხუთი დღე აცალა, ხომ შეიძლებოდა 15-20 დღეც ეცლია?! ანუ საერთოდ არ მიექცია ყურადღება ამ ფაქტისთვის? საქმეში მე ზაქარეიშვილს არ შეხვედრივარ, მაგრამ აცხადებს, მაღალი კვალიფიკაციის ვარო, მაშინ ეს არ უნდა გამორჩენოდა. ამის საპირისპიროდ, ის არც მალავს, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზა იმიტომ დანიშნა, რომ გაებათილებინა თათუხაშვილის ჩვენება დათა ახალაიას წინააღმდეგ. ზაქარეიშვილი ახალაიას ადვოკატია და მისი ინტერესიც ეს იყო. ვის სჯერა, რომ მას ფსიქიატრიული ექსერტიზის დანიშვნის არ მოერიდა და ამ დროს მოერიდა დაზიანებების ჩვენების? ვისაც უნდა, ეს დაიჯეროს, პირადად მე არ მჯერა.

რაც შეეხება დაზიანებებს, ექსპერტიზის თანახმად, ისინი 18 მარტის შემდეგ არის მიყენებული, გარდაცვალებამდე ორი-სამი დღით ადრე, სავარაუდოდ, 20, 21, 22, 23 მარტს. ოჯახი აცხადებს, რომ 18 მარტის შემდეგ ეს ადამიანი სახლში იმყოფებოდა, ასევე, არ უარყოფს, რომ ის ჭარბი ალკოჰოლის მიღების შედეგად გარდაიცვალა. ყოველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას არ უარყოფს და არ ამბობს, მას ალკოჰოლური ან ფსიქოტროპული ნივთიერებები არ მიუღიაო. გარდაცვალების შემდეგაც კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ ექსპერტიზის ჩატარების. ეს იმითაც უნდა აიხსნას, რომ ექსპერტიზა დაადგენდა, რომ ალკოჰოლის შედეგად გარდაიცვალა“, -აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

მისი თქმით, თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, ისიც დასაშვებია, რომ თათუხაშვილს ვიღაც უცხო მიეპარა და გაუკეთა რაღაც პრეპარატი, რამაც ლეტალური შედეგი რამდენიმე დღეში გამოიწვია, ან თვითონ გაიკეთა რაღაც. შეიძლება, ვიღაცამ ძალით მიაღებინა ზედმეტი ალკოჰოლი საკუთარ სახლში, რომელიც სისხლში 5% აღმოჩნდა. მაგრამ არც ერთი მხარე არ უარყოფს, რომ მსუბუქი ხარისხის დაზიანებები სიკვდილის მიზეზი არ გამხდარა.

„ბევრ კითხვაზე პასუხი გაცემულია, ზოგიც პასუხგასაცემია. თუნდაც ის, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ მოიძებნა ის ადგილი, სადაც იმალებოდა თათუხაშვილი, როგორ გაეპარათ იგი?! გაპარვის ამბავიც საეჭვოა, თუ თათუხაშვილი დაკავებული ჰყავდათ და ძალით მიჰყავდათ, მაშინ ყურადღებას არ მოადუნებდა პოლიცია, მას გარეთ არ დაუცდიდა და შეჰყვებოდა შიგნით. რაც შეეხება გისოსებიდან გადაძრომას, როცა ეს სახლი ვნახე ფოტოსურათზე, ის არ არის ერთკარიანი ბინა, არამედ უშველებელი სახლია და შეიძლება, სულ სხვა კარიდანაც იყოს გასასვლელი. შეიძლება, ადამიანი ან სარდაფში ჩავიდა, ან ტუალეტში და ამხელა სახლიდან და ეზოდან გაიპარა. თანაც, სახლი ალყაშემორტყმული არ ყოფილა. რა თქმა უნდა, პროკურატურის ბრალია, ასე დაუდევრად არ უნდა მოქცეულიყვნენ და ამდენი ხსნის განმავლობაში უნდა მოეძებნათ ეს ადამიანი“, - განმარტავს გელა ნიკოლაიშვილი.

ადვოკატი მამუკა ნოზაძე არ მიიჩნევს, რომ ირაკლი ზაქარეიშვილმა შეცდომა დაუშვა. მისი აზრით, ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს, რადგან ზაქარეიშვილი იცავს ახალაიას ინტერესებს და თათუხაშვილთან მიმართებით ჩაერთო მისი გარდაცვალების შემდეგ. ხოლო სიცოცხლეში შეხვდა თუ არა თათუხაშვილს ზაქარეიშვილი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რადგან მათი საუბრის თემა კონფიდენციალურია და იცოდა მხოლოდ გარდაცვლილმა და ადვოკატმა.

„აქ მიდის ბრძოლა ადვოკატის წინააღმდეგ და არა საქმის გამოძიება. როცა მოწმის დაცვის პროგრამაში ჩართვა ხდება, ამაზე უნდა იყოს თავად იმ პირის თანხმობა, ვისაც საფრთხე ემუქრება, რაც ოქმზე ხელმოწერით დასტურდება. სერიოზული კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებითაც, რომ თათუხაშვილი დაცვას გაეპარა. სახელმწიფოს ვალდებულებაა, მოწმე დაიცვას, რატომ არ გაატარეს შესაბამისი ზომები, რომ მოეძებნათ ეს ადამიანი?!

რაც შეეხება პროკურატურის თანამშრომელ ძნელაშვილს, იგი იყო ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი ნაციონალების დროს, პროკურორ მიშა აბულაძის მარჯვენა ხელი, რომელიც უამრავ დანაშაულებრივ ქმედებებს სჩადიოდა და ადამიანებს უკანონოდ აძლევდა პასუხისგებაში. ამიტომ თათუხაშვილზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას არ გამოვრიცხავ. თათუხაშვილის აღიარებითი ჩვენებაც საეჭვოა. როცა ის ტექსტს კითხულობდა, დაძაბულობა ეტყობოდა და წინ ლეპტოპი ედო. ნაციონალების დროს მსგავსი კადრები პროკურატურას არაერთხელ გაუვრცელებია, სადაც დაკავებული პირი პროკურატურის მიერ დაწერილ ტექსტებს კითხულობდა“, - აცხადებს მამუკა ნოზაძე ჩვენთან საუბარში.

ადვოკატი ლია მუხაშავრია, პირველ რიგში, საგამოძიებო ორგანოების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და უკვირს, როგორ კარგავს ასე იოლად პროკურატურა განსაკუთრებული მოწმის სტატუსის მქონე პირებს?!

„დასაცავ მოწმეებს ასე იოლად კარგავენ და შემდეგ ვერ პოულობენ, ან თუ პოულობენ, კატასტროფული შედეგით, ეს ძალზე საშიში მოვლენაა. ამან საზოგადოებაში შექმნა აზრი, რომ თუ ადრე პროკურატურას არ ვენდობოდით, ახლა კიდევ უფრო აღარ უნდა ვენდოთ. ამიტომ არსებულ კითხვებს პროკურატურამ პასუხი უნდა გასცეს. ადვოკატს თუ რაიმე შეცდომები, გადაცდომები ჰქონდა, ან რაიმე დაარღვია, ეს კლიენტისა და ადვოკატის საქმეა. კლიენტი გაარკვევს ამ საკითხს თავის ადვოკატთან, მაგრამ პროკურატურას აქვს მძიმე დარღვევები და ამაზე რეაგირება არ ჩანს. ვინმე დაისაჯა იმისთვის, რომ მოწმე ვერ დაიცვა? ამდენი ხნის განმავლობაში რატომ ვერ აღმოაჩინეს ეს ადამიანი? პასუხისმგებლობის საკითხებია ახლა მნიშვნელოვანი, თორემ ურთიერთგადაბრალებით, შეიძლება ისევ გარდაცვლილს დააბრალონ, რომ ის ვერ იყო ფსიქიურად კარგად“, - უცხადებს ლია მუხაშვრია For.ge-ს.

ადვოკატი ირმა ჭკადუა მიიჩნევს, რომ ადვოკატს მორალური, ეთიკური და სამართლებრივი უფლება არ აქვს, შეხვდეს ისეთ ადამიანს, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაულის ჩადენაში ამხელს. მით უფრო, როცა მოწმე ეუბნება, მაწამესო, ამ დროს ადვოკატი დაუყოვნებლივ ნიშნავს ექსპერტიზას და შეაქვს განცხადება საგამოძიებო ორგანოებში.

„პროკურატურიდან დაბრუნების შემდგომ თათუხაშვილი ნაწამები რომ ყოფილიყო, ვერცერთი ტელეეკრანიდან ვერ ჩამოხსნიდნენ ახალაიებს, ნადარეიშვილებს და ადვოკატ ზაქარეიშვილს, რომელიც აბსურდებს ბოდავს და მისი ნაბოდვარის ტირაჟირება ხდება. ამ ადვოკატმა როცა გაიგო, რომ თათუხაშვილმა მისცა ჩვენება, პირველ რიგში, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, ეჭვქვეშ დაეყენებინა მისი ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული მდგომარეობა და დანიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ამ სახის ექსპერტიზის დანიშვნას არ სჯობდა, დაენიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სადაც დადასტურდებოდა, რომ თათუხაშვილი ნაწამები იყო და ავტომატურად ეჭვქვეშ დადგებოდა მისი ჩვენებები?!“ - აცხადებს ირმა ჭკადუა და მიიჩნევს, რომ ოჯახი სრულიად პარალიზებულია ყოფილი ხელისუფლების მიერ, ნაციონალები კარგად იყენებენ ამ საქმეს საკუთარი მიზნებისთვის.

ადვოკატი მოუწოდებს თათუხაშვილებს, ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან და არ გამოაყენებინონ გარდაცვლილი შვილის სახელი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს. იგი დარწმუნებულია, რომ უახლოეს ხანში პროკურატურა დადებს გამოძიების ისეთ პროდუქტს და ისეთ ვიდეომასალას, რომ ბევრ ადამიანს შერცხვება. კერძოდ, დადგენილ იქნება, თუ საიდან გაიპარა თათუხაშვილი, იატაკიდან ჩაძვრა, კარიდან გავიდა თუ ფანჯრიდან. ამავდროულად, ვინ მიუთითებდა მას ამ ყველაფრის გაკეთებისკენ.