ლევან ვეფხვაძემ ქდმ დატოვა

ლევან ვეფხვაძემ ქდმ დატოვა

„ქრისტიან-დემოკრატებში“ შიდა დააპირისპირებაა. პარტიის წევრი ლევან ვეფხვაძე მხარს არ უჭერს ნინო ბურჯანაძესთან გაწევრიანებას, ვინაიდან თვლის, რომ ბურჯანაძე პრორუსულ პოლიტიკას ატარებს. ვეფხვაძის არგუმენტებს არ იზიარებს მისი თანაგუნდელი გიორგი ახვლედიანი. ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით კი, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ვეფხაძემ პარტია დატოვა.

ჩვენ დავუკავშირდით ლევან ვეფხვაძეს, რომელმაც ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ პრაქტიკულად პარტია უკვე დატოვა. „კომენტარს ვერ გავაკეთებ. თითქმის უკვე არ ვარ პარტიის წევრი. კომენტარზე გიორგი ახვლედიანს დაუკავშირდით“, - უთხრა for.ge-ს ლევან ვეფხვაძემ.

For.ge დაუკავშირდა გიორგი ახვლედიანს, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

როგორც ცნობილია, ოპოზიციის გაერთიანების იდეა თავდაპირველად კახა კუკავამ დააანონსა. კუკავა ნინო ბურჯანაძესთან ბლოკის შესაქმნელადაც მზად იყო, მაგრამ ქდმ-სთან გაერთიანებას კატეგორიულად გამორიცხავდა. საბოლოოდ ქდმ მაინც ბურჯანაძის გვერდით აღმოჩნდა და არჩევნებზე კოალიცია ერთად მიიღებს მონაწილეობას.
ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ სად იქნებიან ქდმ-ს წევრები, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ამ პარტიას ფუნდამენტალური იდეოლოგიური საკითხები არ აინტერესებს.

„შეიძლება ვიღაცას არ მოსწოდნეს, რომ რუსეთთან მიმართებაში სხვა მიდგომების მომხრეა ბურჯანაძე და ის სხვანაირად ფიქრობს. თუმცა, ქართულ პოლიტიკაში როგორც წესი, ფასეულობათა სისტემა ძალიან პირობითი რამეა. გუშინ პრორუსს თავისუფლად შეუძლია დღეს პროამერიკული გახდეს მისი პოლიტიკური მერკანტიული ამოცანებიდან გამონდინარე.

ასეთი პოლიტიკოსები გვყავს. ქრისტიან დემოკრატები ამ მხრივ არ არიან განსხვავებულები. არა მგონია, რომ ვეფხვაძე ბურჯნაძეს არჩევანის გამო უპირისპირდებოდეს, რადგან ამ პარტიას არ ვიცნობ ისე, რომ ფუნდამენტალური იდეოლოგიური საკითხები აინტერესებდეს. მათ, კონკრეტული, პრაგმანტული, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება მერკანტილური ამოცანები ჰქონდეთ, რასაც არანაირი კავშირი ფასეულობათა სისტემასთან არ აქვს“, - ამბობს გია ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ქდმ-ში მიმდინარე პროცესები ბუნებრივია. მისი თქმით, როდესაც გზაჯვარედინზე რამოდენიმე კაცი დადგება, ზოგი მარჯვნივ უხვევს, ზოგი კი მარცხნივ.

„პარტიული ორგანიზმი რთული ორგანიზმია. მითუმეტეს ლიდერის შეცვლის შემდეგ ამ ორგანიზმმა შეიძლება ცვლილებები მთლიანობაში განიცადოს. მიმაჩნია, რომ ვეფხავძის დაკარგვა ქართული პოლიტიკისთვის არ შეიძლება. ძალიან მკაფიო და კარგად მორგებული ფიგურაა იმ ამოცანებისთვის, რომელიც პოლიტიკოსმა უნდა გადაწყვიტოს. ძალიან დამენანება თუ ის უარს იტყვის პოლიტიკაზე მთლიანად“, - ამბობს საყვარელიძე.

რაც შეეხება ახვლედიანის და პარტიის შიგნით დარჩენილი ადამიანების არჩევანს, პოლიტოლოგი თვლის, რომ თუ სხვა პოლიტიკურ ჯგუფში მოძებნიან თავის ნიშას, ეს არ იქნება გასაკვირი და არც მიუღებელი, რადგან პოლიტიკა ასეთ მოვლენებს იტანს.

„რაც შეეხება თავსებადობას, არ ვიცი. ეს სოციოლოგურმა გამოკვლევებმა უნდა აჩვენოს. ალბათ, ჩატარებული აქვთ. გაარკვიონ, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ერთ-ერთ პარტიას უჭერდა მხარს, გაერთიანების შემთხვევაში იმდენივე მხარდამჭერი ეყოლებათ, დაიკლებს თუ მოიმატებს.

ხანდახან ხდება, რომ ორი პარტიის გაერთიანებით თითოეულის მხარდამჭერი იკლებს და მაშინ ხმების რაოდენობა ჯამში ნაკლებია. ასეთი პრაგმატული არგუმენტებით რომ ხელმძღვანელობდნენ პარტიები, ეს ჩემთვის გასაგები იქნებოდა. სხვა დანარჩენი არგუმენტებით ხელმძღვანელობა, ჩემთვის ცოტა გაუგებარია“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.