წერილის ბოლოს, დანართის სახით, ჩვენ განვიხილავთ ერთ სცენარს, რომლის რეალიზაციაც საკმაოდ რეალურია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისათვის.
ყირიმი და საქართველო
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი ყირიმში მიაღწევს თავის მიზნებს ისე, რომ თავიდან აიცილებს დასავლეთთან ყოვლისმომცველ დაპირისპირებას? ანუ თუკი ამ ეტაპზე არ გამოიჩენს აგრესიას უკრაინის სხვა რეგიონების მიმართ და მხოლოდ ყირიმის ინკორპორაციას დასჯერდება? და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ყირიმის მიერთების სანაცვლოდ დასავლეთი NATO-ში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას გადაწყვეტს? ანუ თუ ამოქმედდება სცენარი „საქართველო ყირიმის სანაცვლოდ“, როგორც ამას ზოგი ანალიტიკოსი ფიქრობს და ემხრობა?
ამგვარი სცენარის სწორად გასააზრებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ძალისმიერი მიერთება მკვეთრად და მყისიერად დაარღვევს პოლიტიკურ ბალანსს ევროპასა და მსოფლიოში. შეიქმნება პრინციპულად ახალი პრეცედენტი, რომელიც შორს გასცდება ე.წ. კოსოვოს შემთხვევას. პრიშტინას დამოუკიდებლობა მსოფლიომ სცნო იმ აუცილებელი პირობით, რომ კოსოვო არ შეუერთდებოდა სხვა ქვეყანას (ამ შემთხვევაში ალბანეთს). ყირიმული პრეცედენტის შექმნით მინიმუმ ევროპული უსაფრთხოების სისტემისათვის მომენტალურად გაჩნდება სრულიად ახალი გამოწვევები. მსოფლიო და რეგიონულ აქტორებს შორის დაიწყება ურთიერთობათა გადახედვის პროცესი. ეს განსაკუთრებით კავკასიაზე ითქმის. რეგიონზე, რომელიც ერთის მხრივ, უშუალოდ ესაზღვრება ყირიმს (და ამ ნახევარკუნძულთან ერთად ფაქტიურად ერთიან გეოგრაფიულ და გეოპოლიტიკურ სივრცეს შეადგენს). მეორე მსრივ კი, კავკასია წარმოადგენს რუსეთის სასიცოცხლო ინტერესების სივრცეს, სადაც ამ ქვეყანას არაფრით არ სურს ატლანტიკური ძალების დამკვიდრება.
ამ სცენარის განხილვისას ჩვენ ვცდილობთ ჩამოვთვალოთ ყველა ის მნიშვნელოვანი შედეგი, რაც პოლიტიკური ლოგიკის თანახმად, მას შესაძლოა მოჰყვეს. ცხადია ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ აქ ჩამოთვლილი მოვლენებიდან ყველა (ან თუნდაც უმრავლესობა) რეალიზდება. მით უფრო არ ვცდილობთ გამოვიცნოთ მათი (ამ მოვლენების) დროში განფენის თანიმდევრობა. თუმცა ვფიქრობთ, რომ პროცესების განვითარების მთავარი კანონზომიერებანი და კავკასიის რეგიონში გავლენიან აქტორთა მოქმედების პათოსი დაუახლოვდება ჩვენს მიერ აღწერილს (ტერმინი „დიდი კავკასია“, რომელსაც ჩვენ სცენარის აღწერის დროს ვიყენებთ, მოიცავს კავკასიის მთისწინეთს, ჩრდილოეთ კავკასიას, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, აგრეთვე ყირიმს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზემოხსენებულ ტერიტორიას ჩვენ ერთიან გეოპოლიტიკურ სივრცედ ვთვლით).
თუკი დასავლეთი ამ სცენარის საპასუხოდ იმოქმედებს იგი აუცილებლად დაუწესებს რუსეთს სანქციებს და პოზიციებს გაიმაგრებს კავკასიაში. ეს კი აუცილებლად გამოიწვევს NATO-ს მცდელობას მტკიცედ მოიკიდოს ფეხი ამ რეგიონში. უპირველეს ყოვლისა კი, საქართველოში. ყოველივე ზემოთქმული უბიძგებს თურქეთს მკვეთრი გააქტიურებისაკენ მთელს პერიმეტრზე. მან სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას აქ საკუთარი ინტერესების დასაცავად (კავკასიითა და ყირიმით თურქეთი რუსეთზე არანაკლებ არის დაინტერესებული, სხვა ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ).
თუ ეს სცენარი ამოქმედდა, ცხადი გახდება, რომ რუსეთის ხელისუფლების მთელი ძალისხმევა კავკასიის და საერთოდ პოსტსაბჭოთა სივრცეზე სხვა გლობალური ძალების დამკვიდრების საწინააღმდეგოდ ფუჭი აღმოჩნდა. შესაბამისად, მან უნდა მოასწროს საქართველოს განეიტრალება, ვინაიდან ამ ქვეყნის პოლიტიკური ელიტა და ხალხიც მზად არის იმისთვის, რომ NATO-ს ბოლო სამიტზე არა მხოლოდ MAP-ი მიიღოს, არამედ NATO-ს წევრობაც. ასეთ შემთხვევაში რუსეთი იძულებული გახდება NATO-ს სამიტამდე (ან მანამდე, სანამ საქართველო და აშშ სამხედრო-სამოკავშირეო ხელშეკრულებას გააფორმებენ), მოხსნას სამხრეთის საფრთხე სწორედ ძალისმიერი მეთოდებით.
ამ შემთხვევაში უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე მას შეუძლია ვითარება უფრო მოგვიანებით გაარკვიოს (თუნდაც დასავლეთის წესებით ანუ საპრეზიდენტო არჩევნებით და ა.შ.) და თავისი კოზირები აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში ცოტა მოგვიანებით გამოაჩინოს.
მოვლენათა ამ მიმართულებით განვითარების შემთხვევაში რუსეთი სამხრეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში მაქსიმალურად სწრაფად იმოქმედებს. სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში (სომხეთსა და აზერბაიჯანში) სწრაფი ძალისმიერი მოქმედების ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, ვინაიდან სომხეთი ისედაც რუსეთის გავლენის სივრცეში იმყოფება, ხოლო აზერბაიჯანსა და დასავლეთს შორის არ არის ისეთი ურთიერთობა, რომ დღევანდელი აზერბაიჯანი ან NATO-ს ან აშშ-ს სამხედრო ძალების პოლიგონად იქცეს. ამასთან, აზერბაიჯანზე ზემოქმედების მიზნით რუსეთს შეუძლია „ცხელი“ სახე მისცეს ყარაბაღის კონფლიქტს, აზერბაიჯანისთვის წამგებიანი ფორმით.
ის, რომ რუსეთს ყირიმთან ერთად შავი ზღვის მთელი აღმოსავლეთი აკვატორია სჭირდება, ადრეც ცხადი იყო. სადღეისოდ კი მითუმეტეს. ნათელია, რომ ამგვარი მოქმედებებისთვის რუსეთს თურქეთის სანქცია დასჭირდება (როგორც თავის დროზე ლენინს დასჭირდა ათათურქის დასტური საქართველოს ოკუპაციისათვის). გარიგება შესაძლოა მოხდეს აჭარის ხარჯზე (ბათუმის porto franco-დ გამოცხადების პარალელურად). ეს გარიგება აუცილებლად დასჭირდება ბაქოს (ენერგომტარებლების შეუფერხებელი ტრანზიტისათვის) და ძალიან ხელსაყრელი იქება ერევნისთვის, რომლის ისტორიული მიზანიც შავ ზღვაზე გასვლაა. ჯერ კიდევ 1918-21 წლებში სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებში სადავო საკითხს სწორედ ბათუმის სტატუსი წარმოადგენდა. რუსეთი თურქეთს შესთავაზებს კონდომინიუმს კავკასიაში (აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გარანტირებით და ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ბაქოსთვის მისაღები სცენარით).
ზემოთმოყვანილი შესაძლებლობის განამდვილების ალბათობა ცხადია იმაზეც იქნება დამოკიდებული თუ რამდენად იქნება გათვალისწინებული თურქულენოვანი მოსახლეობის ინტერესები ყირიმსა და ჩრდილოეთ კავკასიაში (აგრეთვე რუსეთის მთელ ტერიტორიაზე). ვფიქრობთ, ბევრი სირთულის მიუხედავად, ამგვარი შეთანხმების მიღწევა მხარეებს შორის (სხვა ხელშემწყობი ფაქტორების არსებობის შემთხვევაში), არარეალური სულაც არ არის.
ცხადია, რომ ვიდრე რუსეთი ამ გეგმის განხორციელებაზე გადავიდოდეს (ინტერვენცია კავკასიაში), იგი შეეცდება მოლაპარაკების გზით დაარწმუნოს საქართველოს ხელისუფლება უარი თქვას დასავლურ თამაშებზე და არ ჰქონდეს მათი იმედი. კავკასიაზე სტრატეგიული და პოლიტიკური ჰეგემონიისათვის ის საკმაოდ სერიოზულ დათმობებზეც წავა. რუსი დიპლომატები გამოიყენებენ იმ კოზირს, რომ, როგორც ჩანს, ევრაზიულ კავშირი აღარ იარსებებს (დღევანდელი ტერიტორიის მქონე უკრაინის გარეშე ევრაზიულ სივრცეზე ლაპარაკი სრულიად ზედმეტია). სამაგიეროდ შესაძლებელი იქნება ლაპარაკი რუსულ-კავკასიურ ინიციატივაზე თურქული ინტერესების გათვალისწინებით. ყველაზე მნიშვნელოვანი
პოლიტიკური ფაქტი, რომელზედაც რუსეთი მიუთითებს იქნება ყირიმი და უკრაინის ბედი.
ყირიმსა და კავკასიას კიდევ ერთი გეოპოლიტიკური გარემოება აახლოებს. ყირიმის მდგომარეობა (კავკასიის მსგავსად) განსაკუთრებული და სპეციფიკურია. ჯერ ერთი ყირიმი გეოსტრატეგიულად და გეოპოლიტიკურადაც ევროპის ველს არ მიეკუთვნება და შეიარაღებული კონფლიქტი, რომც მოხდეს, იგი უშუალოდ ევროპას არ დაემუქრება. მაშასადამე არც საერთოევროპული უსაფრთხოების სისტემა დგება უშუალო დარტყმის ქვეშ (ამ შემთხვევაში სწორედ უშუალო, პირდაპირ, მომენტალურ დარტყმას ვგულისხმობთ, უპირატესად კი, მის სამხედრო კომპონენტს). თანაც სევასტოპოლში რუსეთს სამხედრო ბაზა აქვს და ამ სივრცეში ჯერ კიდევ ყირიმის ომის დროს თურქეთთან და ევროპის ქვეყნებთან (გერმანიის გამოკლებით) ჭკუისსასწავლი გამოცდილებაც. ყირიმის ომისა და ევროპული კოალიციის ლანდები დღევანდელ ხელისუფლებასაც აწუხებს რუსეთში (სხვათა შორის ყირიმის ომში კავკასიის ფრონტზე ქართული მოსახლეობა აქტიურ მონაწილეობას იღებდა. საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაზე ზეგავლენის მოპოვება კი ამ ომის მიზანი იყო).
რაც შეეხება გერმანია-რუსეთის დაპირისპირებას ყირიმისათვის ეს სხვა სამხედრო სიუჟეტია და მეორე მსოფლიო ომს უკავშირდება, როცა გენერალ-ფელდმარშალმა მანშტეინმა სამხედრო ხელოვნების ყველა ხერხის გამოყენებით, ტანკების მინიმალური რაოდენობით აიღო სევასტოპოლი და მთელი ყირიმი. ეს სიუჟეტი უდიდესი ქართული ტრაგედიის მიზეზი გახდა. საბჭოთა სარდლობამ თავისი სისულელითა და გამოუცდელობით უამრავი გაუმართლებელი მსხვერპლი შესწირა ზვარაკად ყირიმის ომს. მათი უმრავლესობა ეროვნებით ქართველი იყო. თუ გახსოვთ გიორგი ლეონიძის ლექსი „ღიმილის ბიჭი ვიყავი“, ყირიმში დაღუპულ 19 წლის ქართველ მეომარს ლევანს ეძღვნება („მე არ დამკარგავს სამშობლო, სულ ვეხსომები ლევანი“). ანდა სულაც „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ გავიხსენოთ, ილიკო საიდუმლოდ რომ ამცნობს ბებიას და ზურიკოს ილარიონის შვილის კუკურას დაღუპვის ამბავს და დაამატებს: „ქერჩში დაღუპულა საცოდავიო“. ილარიონის ერთდაერთი შვილიც სწორედ იმ ქართველი ჯარისკაცების მწყობრის წევრი გახლავთ.
ეს ამბავი ტყუილად, მკითხველის თავშესაქცევად როდი გაგვახსენდა. ჯერ ერთი, ყირიმის ბედი საქართველოს ბედთან ახლაც მჭიდროდ არის დაკავშირებული. მეორეც, პოლიტიკურ ელიტას, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოსთვის იბრძვის, ასეთი მაგალითები ცოცხალ მეხსიერებაში უნდა ჰქონდეს. ერთი სიტყვით, ყირიმისათვის ბრძოლა ახალი არ გახლავთ და რუსეთს ამ ბრძოლაში თავისი არგუმენტები აქვს, უკრაინას და დასავლეთს - თავისი.
მოვლენათა ამ მიმართულებით განვითარებისას როგორ უნდა მოვიქცეთ?
პირველი, რაც აუცილებლად თავიდან უნდა ავიცილოთ ეს არის მოვლენათა იმგვარი განვითარება, რაც მოჰყვა NATO-ს ბუქარესტის სამიტს (2008). ამ გადაწყვეტილებამ, საქართველოს ხელისუფლების კრიტიკულად მნიშვნელოვან შეცდომებთან ერთად, გამოიწვია რუსეთის აგრესია. ანუ ცარიელი დაპირებანი შეიძლება მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. ის კი არა, იქნება ამ პირობებში MAP-ის მინიჭებაც არასაკმარისად ქმედითი ნაბიჯი აღმოჩნდეს და რუსეთს აშკარა აგრესიისაკენ უბიძგოს. რუსეთის თითქმის ყველა ნაბიჯი ადასტურებს, რომ ზეპირი დეკლარაციების დრო წავიდა. ჩვენ ცხადია ვერ გამოვიცნობთ თუ რა ვითარება შეიქმნება თუნდაც ცოტა ხნის შემდეგ, მაგრამ ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების თუნდაც მინიმალური, მაგრამ რეალური გარანტიები მივიღოთ.
უნდა დაზუსტდეს და ქმედითი გახდეს საქართველოს უსაფრთხოების დოქტრინა. კარგად უნდა გავიაზროთ რა ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია თვითონ და მაქსიმალური სიზუსტით გავარკვიოთ ჩვენი მოწინააღმდეგის მიზნები და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენი მეგობრების რეალური შესაძლებლობები; არა ზოგადად და საერთოდ, არამედ კონკრეტულად ჩვენი მისამართით და უახლოეს მომავალში. აღარ უნდა განმეორდეს ისეთი საარაკო ბედოვლათობა, როცა რუსეთის აგრესიას შევეგებეთ უსაფრთხოების დოქტრინით, სადაც რუსეთიდან მომდინარე საფრთხე და მისი შესაძლო შედეგები საერთოდ არ განიხილებოდა. თავიდან უნდა ავიცილოთ ტრაგიკული ვითარება, როცა ზუსტად ისიც არ გვესმოდა რას გვირჩევდნენ (და თანაც დაბეჯითებით) მოკავშირეები ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტში. ეს კი შეუძლებელი აღმოჩნდება, თუ არ ვიქნებით ფხიზელნი და მოხერხებულნი და არ მოვიცილებთ უაღრესად საშიშ ყალბ სიმბოლიზმს, რაც ჩვენი პოლიტიკური ელიტის მოურჩენელი სენი აღმოჩნდა ათეული წლების მანძილზე და რაც ასე ძვირად დაუჯდა ქვეყანას.
უნდა დავძლიოთ საკუთარ თავში უნაპირო ოპტიმიზმის განწყობა, რომელიც ხშირად მომენტალურად გადადის ხოლმე უსაზღვრო პესიმიზმში. და უნდა გადავეჩვიოთ ლიდერი ქვეყნების წარმომადგენელთა განცხადების ინტერპრეტაციას ისე, როგორც ეს გვსურს და არა ისე, როგორც ეს უკანასკნელი გახმოვანდა დროსა და სივრცეში. უნდა გამოვიცნოთ კონკრეტული საზრისი, რომელიც ამ დეკლარაციებს ახლავს. სხვათა შორის, ეს არც ისე იოლი ხელოვნება გახლავთ.
აუცილებელია იმის თქმაც, რომ ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება ყველას უნდა დაელაპარაკოს, რათა პოლიტიკურ აქტორებისგან უშუალოდ მოისმინოს მათი ზრახვების შესახებ, მართებულად გაიგოს ისინი და მოემზადოს საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
და კიდევ, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ნაბიჯები საერთო კონსენუსის შედეგი უნდა იყოს. ყოველ მოქალაქეს უნდა ესმოდეს რას აკეთებს მისი მთავრობა და გაგებით უნდა ეკიდებოდეს მის ქვეყნის მომავლისათვის ყოველ მნიშვნელოვან ნაბიჯს.
P.S.
როგორც ვხედავთ წერილში არ არის განხილული ირანის გავლენა რეგიონზე. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სადღეისოდ ეს გავლენა დიდი არ არის (დიდ კავკასიაში აქტიურ მოთამაშედ ჩამოსაყალიბებლად ირანმა ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა უნდა მოაგვაროს). ამასთან, ირანისა და მის სამომავლო პერსპექტივებს სხვა კონტექსტსა და ვითარებაში ესაჭიროება განხილვა. მნიშვნელოვანი დრო უნდა დაეთმოს ისეთ საკითხს, როგორიცაა ბრძოლა ენერგორესურსებზე გავლენისა და განაწილებისათვის თანამედროვე პირობებში. ამ პრობლემის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტებს, აგრეთვე სხვა საკითხებსაც, რომლებიც მჭიდროდ უკავშირდებიან ამ პრობლემას.