საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება გინებაში გადაიზარდა

საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება გინებაში გადაიზარდა

პარლამენტში გიორგი კანდელაკის გამოსვლა დედის გინებით და გაწევ-გამოწევით დარსულდა. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უმცირესობა-უმრავლესობას შორის დაპირისპირების მიზეზი „უკანონო შემოსავლების ლეგალიზების შესახებ“ კანონპროექტი გახდა, რომლის მიხედვით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნული ბანკიდან ფინანსთა სამინისტროს ხელში გადადის. 

ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლისას კანდელაკმა დავით ონოფრიშვილის მიერ მომზადებული წინადადება გააკრიტიკა და ინიციატივა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს დაუკავშირა. მოგვიანებით კი, ოპოზიციონერმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს „ჰაკიმ ფაშა“ უწოდა.

„კანონპროქტის მიზანია, ოლიგარქის რეალური დღის წესრიგის ცხოვრებაში გატარება - განახორციელოს ტოტალური კონტროლი. ქვეყანაში რუსული ოლიგარქიული მმართველობის სტილი მკვირდება. ქვეყანას არაუფლებამოსილი პირები მართავენ. თვითონ ბიძინა ივანიშვილი, ცნობილი იხტიოლოგია, გაქცეული ოლიგარქია. პროკურატურას, რომლის ხელით რეპრესიები ხორციელდება, ბოტასების ქურდი ფარცხალაძე მართავს. ნუ გწყინთ, რომ მას „ჰაკიმ ფაშას“ ვეძახით, რადგან ეს სახელი მან თავად აირჩია, როცა ზურაბ ჟვანიას საქმიდან გამოძიების მასალები გამოაქვეყნა“, - განაცხადა კანდელაკმა, რომლის გამოსვლის შინაარსიც უმრავლესობის წევრებმა ფრიდონ საყვარელიძემ, გელა გელაშვილმა, გელა სამხარაულმა და ნუკრი ქანთარიამ ფეხზე წამოდგომით და ყვირილით გააპროტესტეს.

გელაშვილმა და მერაბ კაჭახიძემ კანდელაკს დედა შეაგინეს, ფრიდონ საყვარელიძემ კი ოპონენტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და „ნაძირალა“ უწოდა, რასაც ნაციონალების ყვირილი მოჰყვა, რაც ქაოსში გადაიზარდა.

სხდომაზე ერთი მხრივ, ერთმანეთს ბესელია-გოგორიშვილი-ნადირაშვილი-ბოკუჩავა დაუპირისპირდნენ, მეორე მხრივ, საყვარელიძე-გელაშვილი-თევდორაძე-რატიანის სიტყვიერ დაპირისპირებაში ზვიად ზვიადაური ჩაერთო და ოპონენტებს გინება არც მან დააკლო.

აღსანიშნავია, რომ უმცირესობა-უმრავლესობის გარდა, ერთმანეთს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ნუკრი ქანთარიაც დაუპირისპირდნენ. სპიკერი თანაგუნდელის პროტესტის ფორმამ გაანაწყენა და მას მიმართა - „ქანთარია, მე მეუბნები, ამათთვის ვაკეთებ და... თქვენთვის შეიძლება... მაგას მეუბნები ხომ?“. როგორც ჩანს, „ამათთვის ვაკეთებში“ უსუფაშვილმა ნაციონალების დაცვა იგულისხმა.

უნდა ითქვა, რომ კანდელაკს კრიტიკა არც დავით ონოფირშვილმა დააკლო და მან ოპოზიციონერს „თავხედი“ უწოდა.

საბოლოო ჯამში, ვითარება პარლამენტის თავმჯდომარემ განმუხტა, რომელმაც დეპუტატებს თავშეკავებისკენ მოუწოდა, შესვენება გამოაცხადა და განსახილველი საკითხი ამოწურულად მიიჩნია.

გელა გელაშვილის მტკიცებით, მისი გაღიზიანება კანდელაკის რეპლიკამ გამოიწვია, რომელმაც მან პრემიერ-მინისტრის მისამართით გამოიყენა.

„ნებისმიერი ადამიანი გაღიზიანდება, თუკი მას ზედმეტსახელს დაუძახებენ. მისაღები არ არის, როდესაც უმცირესობის წევრები პრემიერ-მინისტრს „ჰაკიმ ფაშას“ უწოდებენ. მწყობრიდან გამოვედი, თავი ვერ შევიკავე და კანდელაკს შევაგინე“, - განაცხადა გელაშვილმა, რომლისგან განსხვავებითაც, თავად კანდელაკი არ ფლობს ინფორმაციას თუ ვინ შეაგინა მას.

ოპოზიციონერის თქმით, უმცირესობა „ჰაკიმ ფაშას“ ღარიბაშვილს დიდი ხანია უწოდებს, მაგრამ უმრავლესობამ მიმართვის ეს ფორმა ახლა გააპროტესტა.

„როგორც ჩანს, დირექტივა მიიღეს, რომ პროტესტი გამოეხატათ. ეტყობა, ამიტომ მოუწიათ მათ რეალური სახის ჩვენება. კანონებზე მუშაობა, არგუმენტების წარმოდგენა და მოსმენა მათ არ შეუძლიათ. ისინი მუშტი-კრივზე და კუნთების დემონსტრირებაზე გადადიან“, - განუცხადა for.ge-ს კანდელაკმა, რომელის პათოსსაც იზიარებს ხათუნა გოგორიშვილი.

კანონმდებელი მიიჩნევს, რომ უმრავლესობაში ჩხუბის მოთავე ის დეპუტატები არიან, რომელთაც კანონპროექტები საერთოდ გადაშლილი და წაკითხული არ აქვთ.

მისი თქმით, უმრავლესობის ეს დეპუტატები შეურაცხყოფაზე მაშინ გადადიან, როცა მათ არგუმენტები არ გააჩნიათ.

„უმრავლესობის წევრი დეპუტატები არ არიან შერჩეული იმ კრიტერიუმით, რომ ისინი რაიმე კონკრეტული მიმართულების სპეციალისტები არიან. ისინი პირად შეურაცხყოფაზე გადადიან, რადგან რაზეა საუბარი ვერ იგებენ. ეს ხალხი ბიძინა ივანიშვილმა შეარჩია და მათ ერთადერთი რამ დარჩენიათ, პოლიტიკურ ოპონენტებს კუნთების შესაძლებლობებით დაემუქრონ“, - განუცხადა for.ge-ს გოგორიშვილმა.

ოპონენტებისგან განსხვავებით, ცვლილებებში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი.

კანონმდებელის შეფასებით, საზოგადოებას ფინანსური გადარიცხვების და კონტროლის ევროპულ სისტემას სთავაზობენ.

„ნაციონალების გაცხოველებული წინააღმდეგობა იმან გამოიწვია, რომ წლების მანძილზე, ისინი არამარტო ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას აკონტროლებდნენ, ახლა კი გარკვეულ რესურს კარგავენ, რომლითაც დაკომპლექტებული იყო ეს სამსახური. „ენას ძვალი არ აქვსო“ იტყვიან და უმცირესობის წევრები უზდელობაში გადადიან, რათა ამ აჟიოტაჟით და სკანდალით ის დანაშაული გადაფარონ, რაც მათ ქვეყნის წინაშე აქვთ ჩადენილი“, - დასძინა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში დეპუტატებს შორის დაპირისპირების ფაქტები გახშირდა. ცოტა ხსნის წინ, ერთმანეთს აკაკი ბობოხიძე და გიორგი ცაგარეიშვილი დაუპირისპირდნენ, რომელთა ჩხუბიც ბოთლის სროლით დასრულდა. მანამდე კი, ჯაჭვლიანსა და ბარამიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი მოხდა, რაც უმრავლესობის წევრის მხრიდან რეპლიკით „ნუ ბლატაობ, შე ჩმორო“ დასრულდა.

რაც შეეხება კანონპროექტს, კანონის მიღებიდან არა უგვიანეს ორი თვის განმავლობაში, ფინანსური მონიტორინგის სამსახური რეორგანიზებული უნდა იქნეს და ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად უნდა ჩამოყალიბდეს. ცვლილებებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელს პოსტზე ოთხი წლის ვადით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.