რა ხდება რუსეთის არარსებულ საელჩოსთან

რა ხდება რუსეთის არარსებულ საელჩოსთან

„მზადდება ნიადაგი საქართველოში სამხედრო შემოჭრისთვის“,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე აცხადებს.

ვაშაკიძის ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საელჩომ საქართველოს რუსულენოვან მოსახლეობაზე რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების მასობრივად გაცემა დაიწყო.

მართალია, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსეთის საელჩო, ერთი შეხედვით, აღარ მოქმედებს და მის ფუნქციას შვეიცარიის საელჩო ასრულებს, მაგრამ უკვე ორი დღეა, მედიაში აქტიურად მსჯელობენ, რომ „არარსებულ“ საელჩოსთან რუსეთის მოქალაქეობის მსურველთა რიგები დგას. ჯერ კიდევ გუშინ ეს ინფორმაცია რადიო „აფხაზეთის ხმამ“ გაავრცელა. ისინი იუწყებოდნენ, რომ საქართველოში, ჭავჭავაძის 73 ნომერში (რუსეთის საკონსულოსთან) სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები რუსულ პასპორტებს ელოდნენ. ეს ადამიანები მედიასთან კონტაქტს თავს არიდებდნენ, თუმცა პირად საუბრებში ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის პასპორტებისა და ვიზების დაჩქარებული, გამარტივებული წესით გაცემის შესახებ ახლობლებისგან შეიტყვეს და თბილისში ამიტომაც ჩამოვიდნენ.

For.ge შეეცადა, რუსეთის საკონსულოს ფუნქციის შემსრულებელ შვეიცარიის საელჩოში გადაემოწმებინა აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა იქ გვითხრეს, „რუსეთის საელჩოს შესახებ არაფერი მკითხოთ, უბრალოდ, მიაკითხეთ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ამ უწყებას“.

რუსეთის ყოფილი საელჩოდანაც არავინ გვეხმიანებოდა. იმის გამო, რომ საკონსულოს ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ვერ შედგა, გაურკვეველი დარჩა, რა კრიტერიუმით გაიცემოდა რუსული პასპორტები?!

თბილისში მდებარე რუსეთის საკონსულოში ეთნიკურად სომეხ საქართველოს მოქალაქეებზე რუსეთის პასპორტების დაჩქარებული წესით გაცემის შესახებ განცხადება არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრმა კონსტანტინე გამსახურდიამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ამის უკან საქართველოს გაყოფის რუსული გეგმა იმალებოდეს.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძე აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ სასწრაფოდ უნდა გამოიძახოს რუსეთის წარმომადგენელი და პროცესის შეჩერება მოსთხოვოს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, საკონსულო დახუროს. მისი განმარტებით, იმ პირობებში, როცა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, საქართველოს სახელმწიფოს სრული და ლეგიტიმური უფლება აქვს, აღკვეთოს ეს პროცესი. მით უფრო, რომ საკუთარი მოქალაქეების დაცვის ჰიტლერისეულ მეთოდს პუტინი კარგა ხანია, მიმართვს.

ამ თემაზე მუშაობისას მეტად უცნაურ გარემოებას წავაწყდით. ჩვენმა სამთავრობო უწყებებმა არაფერი იცოდნენ აღნიშნული ფაქტის შესახებ და, როგორც წესი, ინფორმაციას ვერც ადასტურებდნენ და ვერც უარყოფდნენ.

For.ge-მ თავდაპირველად საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა პრესსამსახურთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს დავუკავშირდით. მან გვირჩია, სიტყვასიტყვით ასე დაგვეწერა, რომ ეს მათი კომპეტენცია არ იყო და ამისთვის იუსტიციის სამინისტროსთვის უნდა მიგვემართა. იუსტიციის სამინისტროსთვის მიმართვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს მათი უწყების კომპეტენციაც არ იყო და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაგვამისამართეს. ამ უწყებაში აგვიხსნეს, რომ ამ თემაზე მხოლოდ პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ვეკუა აკეთებდა კომენტარს. ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ ირაკლი ვეკუას პასუხიც მოვისმინეთ: „ჩვენ ეს ინფორმაცია პრესით გავიგეთ და გადამოწმებას საჭიროებს“...

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ რუსეთის საკონსულოს მიერ რუსულენოვანი მოსახლეობისთვის საკუთარი მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების მასობრივად გაცემაში მოულოდნელი არაფერია. უფრო მეტიც, რუსეთის დუმამ ამის შესახებ მიიღო კანონი, რასაც ამ კვირაში მეორე მოსმენითაც მიიღებენ, ხოლო სულ რაღაც ათ დღეში დასრულდება ეს პროცედურა.

„რას ჰქვია, ჩვენი ხელისუფლება ვერც უარყოფს და ვერც დაასტურებს ამ ინფორმაციას?! ეს ხომ სირაქლემას პოზიციაა? მე, მაგალითად, ვერ გავამტყუნებ იმ ხალხს, ვისაც რუსეთთან ყოფნა სურს. დამშეულია ჩვენი ქვეყანა, ამ დროს უყურებენ, რომ ყირიმში ოთხჯერ გაუზარდეს პენსიები და ხელფასები სუყველას, ყირიმის პენსია ჩვენს პენსიაზე ისედაც დიდი იყო და მაინც ოთხჯერ გაიზარდა. ამიტომ, ეს ხალხი, ვისაც რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღება სურს, პენსიის ხათრით მიიღებს ამ დოკუმენტებს და წავა რუსეთში, სადაც ხელფასი ოთხჯერ დიდია. რუსეთის პენსიით დღეს კაცი მშვენივრად იცხოვრებს საქართველოში“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და განმარტავს, რომ ამ პროცესს ჩვენ ვერ შევაჩერებთ.

მისი თქმით, ჩვენს მაღალჩინოსნებს საკუთარი აჩრდილისაც ეშინიათ. ქვეყანაში ვითომ თავისუფლებაა, მაგრამ ჩვენს ჩინოვნიკებს ისევე ეშინიათ ღარიბაშვილის და ივანიშვილის, როგორც ეშინოდათ ორი წლის წინ მიშასი და მერაბიშვილის, რადგან ეს ხალხი უკვე „ამორტიზირებულია“.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ჩვენ შეგვიძლია სეპარატისტული მოძრაობის განეიტრალება რაღაც კანონით, კომპრომისებზე წასვლით, მაგრამ მშიერი ადამიანის გადარწმუნება, რომელსაც ბავშვები შიმშილით ეხოცება, შეუძლებელია. ამიტომ მათ ვერ დაარწმუნებთ ვერაფრით, რომ პასპორტი, რომლითაც შეიძლება შიმშილით სიკვდილისგან დაიცვან ოჯახი, არ აიღონ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი შოთა მალაშხია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პასპორტების გაცემის შესახებ, რაც მოსახლეობის 80 %-ს უკვე აღებული აქვს, მაგრამ თბილისში რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ არაფერი სმენია. ამის მიუხედავად, მალაშხია მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი „სიურპრიზი“ მოსალოდნელია. მით უფრო, რომ რუსეთის დროშით აქტიურად დადიან რუსეთიდან დაფინანსებული ადამიანები და ეს არის სწორედ კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან.

„კანონით, ჩვენ არ გვაქვს ორმაგი მოქალაქეობა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, ეს ადამიანები დაკარგავენ საქართველოს მოქალაქეობას. თუმცა ამ პროცესების შეჩერება შესაძლებელია საერთაშორისო კომპონენტების ამოქმედებით. თავის დროზე ჩვენ ვრთავდით საერთაშორისო მექანიზმებს, რითაც მყისიერად ვაჩერებდით ამ პროცესებს. ეს იყო მაღაზიების, ბანკების გახსნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუ საფრენი საშუალებებით მოქმედების სივრცის შეზღუდვა“.

ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვახტანგ ხმალაძესაც დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ ეს ინფორმაცია ვერ დადასტურდებოდა, რადგან საქართველოში რუსეთის საელჩო არ არსებობდა.

„როგორც მარსზე ადამიანის არსებობა წარმოუდგენელია, ისე რუსეთის საელჩო ვერ გასცემს მოწმობებს გამარტივებული წესით“, - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.

დღის ბოლოს გავრცელდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თამარ ბერუჩაშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც, თბილისში რუსეთის საელჩოს მიერ სამცხე-ჯავახეთის რეგიონისა და ზოგადად, საქართველოს რუსულენოვანი მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობების გამარტივებული წესით გაცემის საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის უწყებებთან „ძალიან სერიოზულ მუშაობას იწყებს“.

„მეც პრესიდან გავიგე ამის შესახებ. სპეკულაციებისგან სჯობს, ახლა თავი შევიკავოთ, ეს პრობლემა თუ ჩამოყალიბდება, როგორც სერიოზული, შესაბამისი უწყებები ჩაერთვებიან და პრესას დეტალები ეცნობება“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.

***

სანამ ჩვენი სამინისტროების წარმომადგენლები სიტუაციაში გაერკვევიან, მანამდე რუსეთის „არარსებულ“ საელჩოში პროცესები გრძელდება. მართალია, ოფიციალურად ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს, თუმცა ადგილზე ანკეტების შევსების პუნქტები უკვე მოქმედებს და, როგორც ამბობენ, ბევრი განცხადებაცაა მიღებული.