შალვა თათუხაშვილის საქმეზე მმართველ გუნდში განხეთქილებაა. საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა ზაქარია ქუცნაშვილსა და ეკა ბესელიას შორის არის, რომლებიც ერთმანეთს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დახურულ სხდომაზე დაუპირისპირდნენ.
ფრაქციის სხდომა წუხელ გვიან ღამით გაიმართა. სხდომის ფარული მოსმენა for.ge-მ შეძლო და როგორც გაირკვა, უმრავლესობის ნაწილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის იმ სხდომის ფორმატით დარჩა უკმაყოფილო, სადაც მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ თათუხაშვილის საქმის დეტალებზე ისაუბრა.
დახურული შეხვედრიდან როგორც გაირკვა, დეპუტატებს შორის არსებულ უკმაყოფილებაზე ზარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც განხორციელდა, რომელიც თავის მხრივ, სხდომის მსვლელობით დაინტერესდა და ეკა ბესელიას დაურეკა.
თავად ეკა ბესელია ინფორმაციას არ ფლობს, პრემიერს თუ რომელმა დეპუტატმა დაურეკა, მაგრამ როგორც დახურულ სხდომაზე გია ვოლსკიმ აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილს ტელეფონით მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე დაუკავშირდა.
ფრაქციის სხდომაზე ეკა ბესელიამ კოლეგებს პრემიერთან დარეკვა უსაყვედურა და მან ზაქარია ქუცნაშვილი მედიასთან გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.
ბესელიას მხედველობაში ქუცნაშვილის ის განცხადება ჰქონდა, სადაც მან აღნიშნა, რომ „თათუხაშვილის საქმის განხილვის თაობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო“.
ქუცნაშვილის გაკრიტიკების გარდა, ბესელიამ დახურულ სხდომაზე გუნდურობაზეც გაამახვილა ყურადღება და კოლეგებს პროლემატურ საკითხებზე საუბარი გუნდის შიგნით ურჩია.
უფრო დეტალურად, თუ რა საკითხებზე ისაუბრა ეკა ბესელიამ, for.ge ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გამოსვლის სტენოგრამას უცვლელად გთავაზობთ:
„დარტყმას რომ ვიღებ, ამას გაუაზრებლად კი არ ვაკეთებ, გააზრებულად ვაკეთებ. ჩემს თანაგუნდელს რომ დასჭირდება, ის ფარცხალაძე იქნება, რომელსაც არ ვიცნობდი და მისდამი არანაირი სიმპატია არ მქონდა, თუ სხვა ვინმე, მას დავეხმარები, თუ იქ არ ხდება გირგვლიანი და უბედურება. გირგვლიანი და უბედურება თუ ხდება, უკაცრავად, მაგრამ ჩემს ძმას და ჩემს შვილს ვერ გადავეფარები. ერთმანეთს უნდა მივეხმაროთ იმიტომ, რომ ამაზე ეს ქვეყანა დგას. რაღაცეები შეიძლება არ მოგვეწონოს, განხვავებული მოსაზრებები გვქონდეს. მეც საკუთარი მოსაზრება შეიძლება მქონდეს, ნაჩქარევი იყო, ადრე იყო თუ გვიან, მაგრამ ამას არ გამოვალ და არ ვიტყვი“, - განაცხადა გამოსვლისას ბესელიამ, რომელსაც გელა სამხარაული შეეკამათა, მაგრამ მან თანაგუნდელს სიტყვის გაგრძელების თხოვნით მიმართა.
სამხარაული გაჩუმდა, ბესელიამ კი გამოსვლა განაგრძო.
„ხომ ხედავთ, ისინი როგორ არიან შეთანხმებულები? შეიძლება ვიღაცის აზრი მეც არ მომწონდეს, რაღაცეებზე გავბრაზდე, შეიძლება ვიღაცის რეაქცია დაჩქარებულად მეც მომეჩვენება, ან საერთოდ ვინმეს პოზიცია არ მესმის, მაგრამ ის ჩემი თანაგუნდელია და თქვენ რომ დაგჭირდეთ, ასე გადაგეფარებით! ეს დღეები ფიზიკურად კარგად ვერ ვიყავი, მაგრამ როცა ამის საჭიროება დავინახე, ეს გავაკეთე. როცა ჩემი თანაგუნდელი ხარ, მედიასთან არ უნდა თქვა, რომ ეკა ბესელიამ იჩქარა და კომიტეტის სხდომა მოიწვია. ჩემი გუნდის წევრს კი არ უნდა ვუპასუხო, არამედ ნაციონალებს. ეს განცდა თუ არ გვექნება, ჩვენ სულ ასე ვიქნებით. იმ გიჟებმა კი იციან, რა უნდა გააკეთონ“, - აღნიშნა გამოსვლისას ბესელიამ.
გამოსვლისას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ სატელეფონო საუბარსაც შეეხო.
„საუბარი ირაკლისთანაც მქონდა. ვიღაცამ ჩვენგან დაურეკა და უთხრა, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო. რაღაცა, რაღაცა და დამირეკა, რა მოხდა, არ მიყურებიაო. ვუთხარი და მოვუყევი გულწრფელად. ასე... ასე... ასე მიმაჩნია-თქო. აბსოლუტურად გეთანხმებიო მითხრა. უკაცრავად, არ გეწყინოთ, მაგრამ ვინც იმას ელაპარაკა, თავი არ გამოიჩინეთ! თუ რაიმე არ მოგეწონებათ, ერთად უნდა განვიხილოთ და გარეთ არ უნდა ვისაუბროთ. ჩემო კარგებო, ასე არ შეიძლება, რადგან ერთი ოჯახი ვართ!“, - დასძინა ბესელიამ, რომელსაც გამოსვლა გია ვოლსკიმ შეაწყვეტინა და სიტყვა თავად გააგრძელა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს შალვა თადუმაძემ დაურეკა.
„ირაკლის შალვა თადუმაძემ დაურეკა, მაგრამ ხალხო ხომ არ გგონიათ, ვინაიდან ამ კამათში პარლამენტი შევიდა, ვთქვათ, რომ პირველი რაუნდი ასეა. იმიტომ, რომ ესეც შემთხვევით მოხდა და ხალხი ცუდად განწყობილია. ვაპირებ ეს დაუკითხავად გავაკეთო. პროკურატურის იმ ჯგუფს შევხვდეთ, რომელსაც შეუძლია გარკვეულ საკითხებზე პასუხები გაგვცეს. კომიტეტის სხდომაზე პროკურორს ვიღაცამ შეკითხვა დაუსვა - დაცვამ რა პასუხი აგოო? მას უნდა ეთქვა, დიახაც პასუხს ვაგებინებთო. ამ კამათს აზრი არ აქვს, ასეა თუ ისე, გამოჩნდა, რომ დესტრუქციული ძალა ის არის. ვფიქრობ, რომ კინოჩვენების თემა უკეთესად უნდა წასულიყო. ამას კინოზე ლაპარაკი უნდა დაეწყო და ეთქვა - ეს აქ არის, ის იქ. მითუმეტეს, თუ ეს მოლაპარაკება იყო, საკითხები უნდა გაგევლოთ“, - განაცხადა ვოლსკიმ, რომელმაც გამოსვლისას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის ფორმატი მიმოიხილა, შენიშვნები გამოთქვა და მას სიტყვა ზაქარია ქუცნაშვილმა შეაწყვეტინა, რომელმაც თავის მხრივ, ეკა ბესელია გააკრიტიკა.
ქუცნაშვილმა კომიტეტის მოწვევის თაობაზე ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას „პოლიტიკური შეცდომა“ უწოდა.
„საქმეზე კითხვები დავსვი. ჩემსავით რომ არ მიგაჩნია, იმიტომ არის შენი შეცდომები. პოლიტიკური შეცდომა დაუშვი. არ მომეწონა, რომ შენი აქტუალობის გამო ასე იქცევი“, - მიმართა ბესელიას ქუცნაშვილმა, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მოუწოდა „წესიერად ელაპარაკა“.
„შენი საქციელია, კამერებთან რომ ლაპარაკობ? აქ ილაპარაკე და წესიერად მოიქეცი“, - მიმართა თანაგუნდელს ბესელიამ.
ბესელია-ქუცნაშვილის კამათში გია ვოლსკი ჩაერია და მათ თავშეკავებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით კი, კამათში ზაზა პაპუაშვილი ჩაერთო, რომელმაც პრეტენზიები გუნდურობაზე გამოთქვა.
„ერთ რამეს რატომ ვერ ვაღწევთ? რა თემატიკაც უნდა იყოს, გუნდის პოზიციები რატომ ვერ უნდა გადავინაწილოთ? ოთხშაბათობით ვლაპარაკობთ და ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ მინდა, რომ ჩემი ნალაპარაკები ციკლში ჩაჯდეს. რას იტყვის კარლო თუ სხვა. რატომ ვერ ვაღწევთ იმას, რომ პროკურატურა მოდის თუ სხვა, სათადარიგოში ვინ დგას, პადაჩას ვინ აწვდის, კარს ვინ იცავს და გოლი ვის გააქვს, რომ გადავანაწილოთ. ჩვენ მთავრობის პოზიცია უნდა გავაძლიეროთ და მათ ჩვენი. იმის ხოში არ მაქვს, არიქა, რაღაც ვილაპარაკო. ჩემი პოტენციალიც არ არის გამოყენებული. გუნდურობის პრობლემა გვაქვს. მთაწმინდაზე რა პრობლემაა უნდა ვილაპარაკო და დავუშვათ... ენა მაქვს ჩაგდებული რომელიმე მინისტრთან პრობლემები არ იყოს. თუ ვინმეს ვიწვევთ და კითხვები იმათ აქვთ, იქ მე რატომ ვზივარ? მაშინ ისინი შეხვდნენ. მოსაფიქრებელია შეხვედრების ფორმა და განლაგებაც. ამას რომ შევკრავთ, ძალიან კარგად გამოვჩნდებით. ბევრი დებატი მოგვიგია. მათ ან ჩხუბი უნდა მოვუგოთ და გავლახოთ, ან ჭკუით და ხერხით უნდა ვაჯობოთ“, - განაცხადა გამოსვლისას პაპუაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პაპუაშილმა გამოსვლისას აქცენტი კვორუმის პრობლემაზეც გააკეთა.
„76 კაცს ვერ ვპოულობთ ხოლმე და კანონები ვერ გაგვაქვს. რა გახდა, კაცო ეს? ჩამოვდივართ, ვიღაცა საქეიფოდ არის წასული და სადღეგრძელოს ამბობს, ჩვენ კი კანონები გვივარდება და ესეც უხერხულ მდგომარეობაში გვაგდებს. რატომ კაცო? ძმაო ჩამოვედით ქუთაისში, საჭიროების შემთხვევაში, 87 ხმა რატომ არ უნდა იყოს? - ესეც მოსაგვარებელია“, - დასძინა პაპუაშვილმა, რომლის გამოსვლის შემდეგ ფრაქციის სხვა წევრთა გამოსვლები გაგრძელდა, მაგრამ for.ge მათი გამოსვლების სტენოგრამას ვეღარ გთავაზობთ. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა დეპუტატმა სხდომა დატოვა, მან შეხვედრაზე ამბავი შეიტანა, რომ მათ კარს მიღმა მედია დარაჯობდა. ამ ამბის შემოწმების მიზნით კი, გარეთ ტელეფონის საძებნელად ჯერ გუგული მაღრაძე გამოვიდა, შემდეგ კი ნანა ყეინიშვილი. ორივე მათგანი ირწმუნებოდა, რომ შეხვედრაზე „მშვიდობა“და „სოლიდარობა“ იყო.
ყეინიშვილ-მაღრაძისგან განსხვავებით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაქარია ქუცნაშვილმა გუნდში არსებული უკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია არ დაფარა და აღნიშნა, რომ ქვეყნის სათავეში დემოკრატიული უმრავლესობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ აზრზე არ დადიან.
„ქართული ოცნების“ სიძლიერეა, რომ ერთ ჭკუაზე არავინ არ არის. ეს იმ გაგებით, რომ ვკამათობთ, დისკუსია გვაქვს და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ ვღებულობთ. რაც შეეხება ეკა ბესელიასა და ჩემს დაპირისპირებას, ეს უბრალოდ კამათი იყო, რადგან ეკამ და პროკურატურამ იჩქარეს, თუ კომიტეტის სხდომის ჩატარების ინიციატორები ისინი იყვნენ“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
თავის მხრივ, ქუცნაშვილთან დაპირისპირება ბესელიამაც უარყო, მაგრამ განაცხადა, რომ „ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა, მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დააფიქსირა თავისი განსხვავებული მოსაზრება“.
თუ რა გაგრძელება ექნება ბესელია-ქუცნაშვილის დაპირისპირებას, ამის გარკვევა მომავალში ალბათ გაგვიჭირდება, რადგან როგორც უმრავლესობა დაგვპირდა, ფრაქციის დახურული სხდომის დროს კარს მიღმა მანდატურის სამსახურს დააყენებს. არ ვიცი, მმართველი გუნდი ამ დაპირებას შეასრულებს თუ არა, მაგრამ მათ სხდომა ადრეც დახურეს, თუმცა ხმა მედია-ცენტრში პირდაპირ ეთერში მოდიოდა.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას, რომელიც გუშინ გაიმართა, თათუხაშვილის საქმეზე მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის გამოსვლა ხმაურით წარიმართა და საბოლოო ჯამში, კომიტეტის სხდომის შეწყვეტით დასრულდა. ერთმანეთს უმრავლესობა-უმცირესობის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. შოთაძეს ინფორმაციის საპასუხოდ, რომ თათუხაშვილი ფანჯრიდან გაიპარა, ირმა ნადირაშვილმა ფოტომასალა წარადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ თათუხაშვილის კუთვნილი ბინის ყველა ფანჯარა გისოსებით არის აღჭურვილი. ხანგძლივი კამათის შემდეგ კი, ეკა ბესელიამ სხდომა შეწყვიტა და ფაქტი უმცირესობამ გააპროტესა.