„არასაპარლამენტო ოპოზიციის კონსოლიდაციის შემთხვევაში არსებობს შანსი, რომ არჩევნების 1-ელ ტურში დამარცხდეს „ნაციონალური მოძრაობა“, მეორე ტურში კი უკვე გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ „ქართული ოცნების“ კანდიდატთან,“– აცხადებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა. ის არასაპარლამენტო ოპოზიციურ ძალებს ერთიანი ბლოკის შექმნის წინადადებით კიდევ ერთხელ მიმართავს და ერთიან საარჩევნო კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს.
„ამგვარი გაერთიანება იძლევა საშუალებას, ბოლო მოვუღოთ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს“, – განმარტავს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი. კუკავა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი პარტია ოპოზიციურ ძალებთან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ითანამშრომლებს.
„დაწერონ სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა საარჩევნო წესდება, როგორი პირობებითაც უნდათ, რომელი კანდიდატებიც უნდათ, ის წამოაყენონ, მზად ვარ, მოვაწერო ხელი ამ საარჩევნო ბლოკის წესდებას. „თავისუფალი საქართველო“ კარგად აცნობიერებს, რომ ამ არჩევნებზე „ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოაბიტაციის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ ოპოზიციური ერთიანობით“, – აცხადებს კახა კუკავა და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ გამართულ არჩევნებში, ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში, მხოლოდ მან მოახერხა, სხვა ოპოზიციურმა კანდიდატებმა კი იმავე არჩევნებში დაბალი შედეგი იმის გამოც აჩვენეს, რომ კოალიციურ ფორმატზე უარი თქვეს, შეცდომის გამეორება კი თვითმმართველობის არჩევნებზეც ანალოგიურ შედეგს მოიტანს.
ერთიანი ოპოზიციური ბლოკის შექმნის იდეა საინტერესო აღარ არის „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებისთვის. ნინო ბურჯანაძის პარტიამ შეთანხმებას უკვე მიაღწია „ქრისტიან–დემოკრატების“ და „ქართული დასის“ ლიდერებთან. მათ დღეს უფრო მასშტაბურ გაერთიანებაზე საუბარი არ სურთ.
„არ ვაკეთებთ კომენტარს კუკავას განცხადებებზე“, - უთხრა for.ge-ს ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელმა ბაკურ ბაკურაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ უახლოეს დღეებში პარტიის ყრილობას გამართავს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს მიეძღვნება. სავარაუდოდ, სწორედ, ამ ყრილობაზე გაცხადდება ოფიციალურად ბურჯანაძის პარტიის პოლიტიკური გეგმებიც.
დიდი ოპოზიციური ერთობის იდეა ბურჯანაძის და მისი თანამოაზრეებისგან განსხვავებით მისაღებია „ახალი მემარჯვენეებისთვის“. პარტიის ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ „თამაშიდან“ ბურჯანაძის პარტიისა და „ქრისტიან დემოკრატების“ გასვლის შემდეგ დღის წესრიგში შედარებით მცირე ბლოკის შექმნის საკითხი დადგა.
„არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდ კოალიციურ ერთობას ჩვენ მხარს ვუჭერდით, ბევრიც ვიმუშავეთ ამ თვალსაზრისით, მაგრამ ამ ეტაპზე შესაბამისი პერსპექტივა აღარ ჩანს. ჩვენ გარკვეული კონსულტაციები კვლავ გვაქვს და არჩევნებამდე ალბათ ჩამოყალიბდება გარკვეული კონფიგურაციის ბლოკი, მაგრამ ეს იქნება თუ არა ერთიანი ბლოკი, ჯერჯერობით, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. როდესაც დიდ ერთობაზე ვფიქრობდით და ვსაუბრობდით, აქ მოიაზრებოდა ბურჯანაძეც და „ქრისტიან–დემოკრატებიც“, მაგრამ მათ სხვა ტიპის გადაწყვეტილებები მიიღეს – პარტიული ინტეგრაციის თვალსაზრისით“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ფიქრია ჩიხრაძე.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით პოლიტიკურ სუბიექტებს შორის მსოფლმხედველობრივ საკითხებზე სრულ თანხვედრას არ საჭიროებს და ამდენად, პარტიების თანამშრომლობა და კოალიციის შექმნა ამ დროს გაცილებით მარტივია.
„არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალების გაერთიანება რამდენიმე ფაქტორით იყო გამართლებული – მონოპოლიზებულია პოლიტიკური ველი სახელისუფლებო და ყოფილი სახელისუფლებო ძალების მიერ, ფინანსურად ძალიან მჭირად გამოიყურება არასაპარლამენტო ოპოზიცია, მედიარესურსზეც ისეთი წვდომა არ გვაქვს, როგორიც აქვს ყოფილ და მოქმედ სახელისუფლებო ძალებს, აქედან გამომდინარე, ბევრი მიზეზი არსებობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთისკენ სავალი გზები მოვძებნოთ“, – აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ეს შანსი, დღეს, პრაქტიკულად, ხელიდან არის გაშვებული, რადგან კონკრეტულმა არასაპარლამენტო პოლიტიკურმა ძალებმა ზეპარტიულ ინტერესზე უარი ვიწროპარტიული ინტერესის გამო თქვეს.
რაც შეეხება კიდევ ერთი არასაპარლამენტო ძალის, „ლეიბორისტული პარტიის“ პოზიციას – შალვა ნათელაშვილი და მისი თანამებრძოლები თვითმმართველობის არჩევნებში, ყველა სხვა არჩევნების მსგავსად, დამოუკიდებლად იბრძოლებენ.
„ზოგადად, ყველა უნდა გამოვიდეს საკუთარი წარსულით, იდეოლოგიით, პასუხისმგებლობით და როგორც წესია, საკუთარი პოლიტიკური პასპორტით. რაც შეეხება თანამშრომლობას, ამა თუ იმ რეგიონში, ამა თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით, ბუნებრივია, შეიძლება შეთანხმება. ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და ვითანამშრომლებთ კიდეც“, – განუცხადა for.ge–ს „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა გიორგი გუგავამ.
„ლეიბორისტებმა“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყეს და თბილისის მერობის კანდიდატად ასმათ ტყაბლაძეც დაასახელეს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ დღეს ოპოზიციურ სპექტრში უკეთესი მერობის კანდიდატი პრაქტიკულად, არ არსებობს.
„დამისახელონ უკეთესი და უფრო სოლიდური კანდიდატი და, კი ბატონო, შესაძლებელი იქნება შეთანხმებაც“, – განმარტავს გიორგი გუგავა. მისივე თქმით, ასმათ ტყაბლაძე არის გამორჩეული ფიგურა, ხელოვანი რომელიც არცერთი ხელისუფლების კარის ლაქია არ ყოფილა და წლების განმავლობაში თბილისელების უფლებების დასაცავად იბრძოდა.
ოპოზიციური პარტიების შესაძლო თანამშრომლობისა და საარჩევნო კონფიგურაციების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში დაზუსტდება.