ბრძანება #767 -

ბრძანება #767 - "ადეიშვილი იტყვის, რას ითხოვდა მისგან სააკაშვილი"

"მიშა ბათუმის ბულვარის საპირფარეშოების წილშიც კი იჯდა და ბებიამისს რესტორნის წილს როგორ დაათმობინებდა?"

ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა ტელეეთერით განაცხადა: "ნუთუ პრეზიდენტი უნდა გაასამართლონ იმისთვის, რომ შეწყალების უფლება გამოიყენა? ჩემთვის გირგვლიანი ძალიან დიდი შავი ლაქაა, იმიტომ, რომ მე არ ამომდის თვალიდან მისი დედა, ირინე ენუქიძე. ის ქალი ცამდე მართალი იყო და ვინც გირგვლიანი მოკლა, ნამდვილი ცხოველები იყვნენ, არაკაცები და არაადამიანები!".

მაგრამ ვინ აძალებდა ყოფილ პრეზიდენტს  ამ არაადამიანებისა და ცხოველების შეწყალებას?  სტრასბურგის სასამართლო ყოფილი პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ  აღაშფოთა და ამიტომ განაჩენში ჩაწერა: 

"სასამართლო აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ 2008 წლის 24 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა სახელმწიფო ჩინოვნიკები და გაუნახევრა მათ სასჯელი; ხოლო კიდევ უფრო მეტად აღმაშფოთებელია ის გარემოება, რომ 2009 წლის 5 სექტემბერს ისინი გაათავისუფლეს".

სასამართლოს აზრით, საქართველოს მთავრობას სურდა, ქართველი საზოგადოება კმაყოფილი დარჩენილიყო იმით, რომ ასეთი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სამი წელიწადი და ექვსი თვე იქნებოდა საკმარისი სასჯელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის, რომლებმაც გაურკვეველი მიზეზებით მოკლეს უდანაშაულო ადამიანი.

იმის მტკიცება, რომ პრეზიდენტმა ომის შემდეგ მხოლოდ ოფიცრები შეიწყალა და მათ შორის "შემთხვევით" მოხვდნენ გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულები, აბსურდულია. იმიტომ, რომ პრეზიდენტს თავისი #767 ბრძანებით არ გაუთავისუფლებია ყველა ოფიცერი. მაგალითად, არავის მოსვლია აზრად ნორა არღვლიანის (ემზარ კვიციანის დის) გათავისუფლება, რომელიც თავდაცვის ყოფილი ოფიცერი იყო.

ასე რომ,  ვინ როგორ შეარჩია პრეზიდენტმა და ლობირებდა თუ არა გირგვლიანის მკვლელებს, ეს ზემოთ ხსენებული ბრძანების გამოაშკარავებით  ნათელი გახდება. 

სხვათა შორის, ამ ბრძანების ასლის მოწოდება ჯერ კიდევ  2008 წლის 1-ლ დეკემბერს წერილობით ვთხოვეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას (გაზეთმა "კვირის პალიტრამ" პასუხი ერთი თვის დაგვიანებით მიიღო) და გვიპასუხეს, რომ #767-ე ბრძანების ასლს ვერ მოგვაწვდიდნენ, რადგან ის შეწყალებულთა იდენტიფიკაციის საშუალებას იძლეოდა.  რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კარგად იცოდნენ, რომ  პრეზიდენტის ბრძანება (ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის თანახმად) საჯარო უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას ვერ ჩამოახევდნენ იმ ნაწილს, სადაც მიხეილ სააკაშვილი წერდა, თუ ვის იწყალებდა (სახელობითად იყო ჩამონათვალი). ე. ი. ყოფილმა პრეზიდენტმა პირდაპირ მოაწერა ხელი გირგვლიანის მკვლელების შეწყალებას. ცხადია, ამჟამად პროკურატურას სააკაშვილთან სწორედ ამ ბრძანებიდან გამომდინარე აქვს  შეკითხვები, რაც იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებულ შავ ლაქას  იოლად ვერ ჩამოირეცხავს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე საინტერესო ეპიზოდებს იხსენებს:

- საქმე ის არის, რომ გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულები 2007 წლის მოვლენების შემდეგ ძალიან დაფრთხნენ. კარგად ხვდებოდნენ, თუ ხელისუფლება შეიცვლებოდა, მათი საქმეც ცუდად წავიდოდა. ხშირად მესმოდა მათი ლაპარაკი ტელეფონზე, წამდაუწუმ ამბობდნენ: როგორ, კაცო, მიშა ქვეყნის პრეზიდენტი იყოს, ვანო - შს მინისტრი, ახალაია - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე და ასეთ ქვეყანაში ჩვენ ციხეში ვიყოთო. ვიღაცამ ისინი დაამშვიდა, მალე  შეწყალების აქტით გარეთ გახვალთო. თუმცა იმხანად ადეიშვილმა დაბლოკა ეს ამბავი, როგორც ჩანს, ქვეყანაში დაძაბულობას მოერიდა. ამის მერე  მიხეილ სააკააშვილმა კიდევ სცადა ამნისტიით გირგვლიანის მკვლელების გათავისუფლება, თუმცა ისევ ადეიშვილი შეეწინააღმდეგა. ამნისტიის პროექტში იყო მუხლი, რომლითაც გირგვლიანის მკვლელები გაასამართლეს. ადეიშვილმა სწორედ ეს მუხლი ამოიღო,   ჰოდა, სანდროს მკვლელები ციხეში უკვე ჩემოდნებზე რომ ისხდნენ და გარეთ გასვლას ელოდნენ, უეცრად უარი სტკიცეს.  ძალიან გამწარდნენ, დაიწყეს გადარეკვა-გადმორეკვები, ჟვანიას  მკვლელობის  დეტალების გახმაურებით იმუქრებოდნენ. დარწმუნებული ვარ, ადეიშვილი ითანამშრომლებს პროკურატურასთან და იტყვის, რას ითხოვდა მისგან სააკაშვილი.

- ვითომ ადეიშვილი რატომ იტყვის ამას?

- იტყვის, რადგან გირგვლიანის მკვლელების ლობირება, მათთვის ციხეში საუკეთესო პირობების შექმნა, რაც ვიდეომასალებითაც დასტურდება, სისხლის სამართლის დანაშაულია, სულ მცირე, სამსახურებრივი გულგრილობა.  ყველას უნდა მოეკითხოს პასუხი (დაწყებული ციხის დირექტორით და  დამთავრებული მიხეილ სააკაშვილით), ვინც კი გირგვლიანის მკვლელებს ლობირებდნენ. რა თქმა უნდა, ადეიშვილი სხვის დანაშაულს საკუთარ თავზე არ აიღებს და თავს გაიმართლებს. მას შეუძლია თქვას, როგორ ცდილობდა პრეზიდენტი  გირგვლიანის მკვლელების შეწყალებას, რამდენჯერ ჩაეფუშა ეს და ვისი დამსახურებით მოხდა ეს. თანაც, გაითვალისწინეთ, გირგვლიანის მკვლელები შეიწყალეს მაშინ, როცა ავჭალის კოლონია უმძიმესი ავადმყოფი პატიმრებით იყო სავსე, ყოველდღე გვამების გროვა გაჰქონდათ იქიდან! სიმართლე გითხრათ, გამაოგნა სააკაშვილის ტყუილებმა! აღმაშფოთებელი იყო ის, რაც ჟვანიას ოჯახის წევრებზე თქვა, თითქოს ფულს სთხოვდნენ. კურიოზული ტყუილი იყო განცხადება, თითქოს ბებიამისს რესტორნის წილი პარტნიორისთვის აჩუქებინა. ამას ამბობს სააკაშვილი, კაცი, რომელიც ბათუმის ბულვარის საპირფარეშოების წილშიც კი იჯდა! ხომ გაირკვა, რომ სინამდვილეში მზია წერეთელს  რესტორან "წისქვილების" წილი ახლახან გაუსხვისებია? კიდევ ბევრი რამ გაირკვევა! სხვათა შორის, სააკაშვილი რომ მხდალი არ იყოს, აუცილებლად ჩამოვიდოდა საქართველოში.  აეროპორტიდან პროკურატურაში გაიყოლებდა ჟურნალისტებს, პირდაპირ ეთერში იმართლებდა თავს და ამ ყველაფერს პიარისთვის გამოიყენებდა. კარგად იცის, რა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი, ამიტომ დისტანციურად დასმულ ელემენტარულ კითხვებსაც კი ვერ გასცემს პასუხს და  ამ ყველაფრის საქვეყნოდ გახმაურების ეშინია.