„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს მკაცრად აკრიტიკებს. ნაციონალი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი პრემიერი საფრთხეს იგრძნობს, საქართველოდან წავა. ივანიშვილის გარდა, თარგამაძე მთავარ პროკურატურასაც აკრიტიკებს და ოლიგარქიულ მმართველობაზე საუბრობს.
პოლიტიკურ პროცესებზე for.ge ოპოზიციონერ დეპუტატს გივი თარგამაძეს საუბრა:
ეკონომიკის სამინისტრის ინფორმაციით, ანაკლიაში, პორტთან ახლოს საერთაშორისო აეროპორტის აშენებაა დაგეგმილი. მათი ცნობით, ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ფარგლებში, აეროპორტის მშენებლობაც იგეგმება. წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლება ლაზიკას გაშენებაზე აპელირებდა, რომელიც ახალი მთავრობის პირობებში ანაკლიამ ჩაანაცვლა. როგორ აფასებთ, ხელისუფლების გადაწყვეტილებას?
- გონებაშეზღუდულები კი არიან, მაგრამ კარგია, რომ მშენებლობის მნიშვნელობას მიხვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ თუ ანაკლია არ გაკეთდება, ქვეყანა უკან დაიხევს, მაგრამ ამას ახლა მიხვდნენ? წელიწადნახევრის განმავლობაში მშენებელობა რატომ არ დაიწყეს? რატომ დავიხიეთ უკან? ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნის ინტერესებს ჩვენთან ჯიბრს აყოლებენ. შენება მისასალმებელია, მაგრამ მათ გეგმებს სკეპტიკურად ვუყურებ.
რატომ?
- ახალი ხელისუფლების მიერ გაკეთებული მხოლოდ პლინტუსი ვნახე და ისიც საავადმყოფოში. იმ შემთხვევაში, როცა ფირმა არ არსებობს, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობს, შენებას როგორ იწყებენ? ფირმების მუშაობას იმ მიზნით აჩერებენ, რომ შიში აქვთ ფული ჩვენამდე არ მოვიდეს, მაგრამ ამის ვერცერთი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს. დასავლური კომპანიები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისგან თავს იკავებენ, რადგან არახელსაყრელი გარემოა. ახლა „პანორამა თბილისის“ გაშენებაზე დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე აფერაა. ამ პროექტზე საუბარი ტრიუკია, რომლის შედეგადაც ივანიშვილი თავის მფლობელობაში არსებულ მიწებს გაასხვისებს და ისეთ გარემოს შეიქმნის, რომ აქ არაფერი აღარ ჰქონდეს.
თქვენ ფიქრობთ, რომ ყოფილი პრემიერი საქართველოში არსებული ბიზნესს ქონების გასხვისებას იწყებს?
- ივანიშვილი ისეთ სიტუციას იქმნის, რომ აქ ყველაფერი დამთავრებული ჰქონდეს და არაფერი აკავებდეს. იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი პრემიერი საფრთხეს იგრძნობს, საქართველოდან წავა. ის ახლა პირად უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ივანიშვილი როგორც კი საფრთხეს იგრძნობს, საფრანგეთის მოქალაქეობას გამოიყენებს, აქედან გაემგზავრება და დაკიდებულ ბაღებს თავის მონებს დაუტოვებს. იცით, რომ მან საფრანგეთის მოქალაქეობის დათმობაზე განაცხადი სანახაობრივად გააკეთა, სინამდვილეში კი, მას მოქალაქეობის დათმობა არ სურს. მართალია, ივანიშვილს ტვინი არ აქვს, მაგრამ მას განვითარებული ინსტიქტები აქვს, რომელსაც საკუთარ უსაფრთხოებისთვის იყენებს. მას ისეთ სიტუაციაში ყოფნა ურჩევნია, როცა მარტივი მოქმედებით ყველა პრობლემას მოიცილებს და წავა.
როცა ამბობთ, რომ ივანიშვილი ქონების გასხვისებას იწყებს, შეგახსენებთ ცოტა ხნის წინ, for.ge-სთან გაკეთებულ განცხადებას, სადაც აცხადებთ, რომ ყოფილი პრემიერი დიდი ჰესების და პორტების ხელში ჩაგდებას ცდილობს. არ გექჩვენებათ, რომ თქვენი განცხადებები ლოგიკას მოკლებულია?
- მას ეს მცდელობა თავიდან ჰქონდა, მაგრამ ივანიშვილმა როცა რეალობა ნახა, მიხვდა, რომ აზერბაიჯანის პირობებში ყაზახებთან მუშაობა მარტივი არ არის. მან რამდნეიმე თვეში დაინახა, თუ რამდენად მძიმდება სიტუაცია საქართველოში. აქედან გამომდინარე, მან გადაწყვიტა, რომ ზედმეტი ქონება არ სჭირდება. ივანიშვილს რუსეთიდან ფული მართლაც ბოლომდე გატანილი აქვს და საკმაოდ სერიოზული მენეჯმენტი ჰყავს, რომელიც ბირჟაზე მუშაობს და ამიტომ ის ჰონორარს მხოლოდ იზრდის. როგორც ჩანს, ივანიშვილმა ჩათვალა, რომ შემაკავებლი ფაქტორებისგან გათავისუფლდეს.
თუ ივანიშვილმა რუსეთიდან ფული მართლაც გაიტანა, მას „რუსეთუმედ“ რატომ მიიჩნევთ? ასევე მაინტერესებს, საქართველოში სიტუაციის დამძიმებაში რას გულისხმობთ?
- ყველა მიმართულებას, პირველ რიგში - ეკონომიკას. 9 წლის მანძილზე, წინა ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დავაგროვეთ, მაგრამ ამ მიმართულებით, ახალმა მთავრობამ ერთი წლის მანძილზე გადაგვისწრო. მთავრობა მარტო პოლიტიკური დევნის მიმართულებით მუშაობს. ამას მსოფლიოში შექმნილი ვითარება ემატება. მსოფლიოში ძალიან შეწონილი მდგომაროებაა, რომელიც საით გადაიხრება გაურკვეველია. ამ პირობებში კი, სამცხე-ჯავახეთში არსებული ვითარებით და ჩახალიანის პრობლემებით ვინმე ინტერესდება? ეჭვი მაქვს, ამ პროცესებს ვერავინ ვერ აკონტროლებს და რისკები იზრდება.
როცა ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებაზე აპელირებთ, თქვენი აშენებენებულების ხარისხი მოგწონდათ? მართალია, პარლამენტი ორ წელიწადში ააშენეთ, მაგრამ 360 მლნ ლარიანი შენობა სახელმწიფოს ბალანსზე არ არის და თან მშენებლობის ხარისხიც ნაკლებია. ხელისუფლება ამბობს, რომ როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ „არეკეტებდა“ ბიზნესს, თავადაც ასე ვერ მოიქცევიან...
- ესენი საერთოდ არ აშენებენ. ჩვენთვის დროის ფაქტორი მნიშვნელოვანი იყო და შეიძლება, ხარისხზე თვალს ვხუჭავდით, მაგრამ რაც დარღვევა იყო, დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას, ყოფილი პრეზიდენტი დისტანციურ დაკითხვასაც არ დათანხმდა. თქვენი ლიდერი საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობაზე, რატომ ამბობს უარს?
- სააკაშვილს ადეკვატური მიდგომა აქვს. პროკურატურა სხვა ადამიანების ხელში ინსტრუმენტია. ქვეყნის ოლიგარქიული მართვა არაუფლებამოსილი პირების მიერ ხდება. დღეს, ივანიშვილი არავინ არის, მაგრამ ის ადასტურებს, რომ დავალებებს იძლევა. უჩა მამაცაშვილი ბიზნესს აკონტროლებს, ბერა და უჩა ფარცხალაძეს აკონტროლებენ, რომელიც თავის მხრივ, სასჯელაღსრულებას და პროკურატურას აკონტროლებს. თამაზ თამაზაშვილი ჯანყარაშვილს აკონტროლებს, რომელიც მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს კურირებს. სამარცხვინოა, რომ შესაძლებლობების კუთხით პარლამენტი ბოლოს წინაა. სააკაშვილი ვინ უნდა დაკითხოს, არაუფლებამოსილმა ბიძინამ, უჩამ, ბერამ და ფარცხალაძემ?! ყოფილი პრეზიდენტი არაუფლებამოსილი პირების შეკვეთის შესრულებაში მონაწილეობას არ მიიღებს და ეს ბუნებრივია. სააკაშვილი ამბობს, კი არ გავრბივარ, შეკვეთაში მონაწილეობას არ მივიღებო. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი პროკურატურაში დაიკითხება და სასამართლოში როგორც ბრალდებული ისე მივა? ეს ადამიანი გიჟი ხომ არ არის, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს?!
კლანურ მმართველობაზე და პარლამენტის „უხერხემლობაზე“ საუბრობთ, მაგრამ ეს თქვენ გიკვირთ? წლების განმავლობაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ კლანურ მმართველობაში გადანაშაულებდნენ. რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს, დავით ბაქრაძის პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში, მთავრობას ვერ თქვენ აკონტროლდებდით...
- არ გეთანხმებით, რადგან პარლამენტმა ძალიან ბევრი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის აჭარიდან რუსების ბაზების გაყვანის თაობაზე და ასევე უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაში.
თუმცა, პარლამენტში ძალოვანი მინისტრები რომ არ მოდიოდნენ და უწყების მიმართ უპასუხისმგებლობას იჩენდნენ, ხმას რატომ არ იმაღლებდით?
- პარლამენტში პრეზიდენტიდან დაწყებული, ყველა მინისტრი მოდიოდა.
ზურაბ ადეიშვილი უწყებაში არცერთხელ არ მოსულა. პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყავით, მაგრამ უწყებას არც თქვენ სწყალობდით. უკვე დაგვიანებულია, მაგრამ გკითხავთ, რატომ არ დადიოდით პარლამენტში?
- ბევრი საქმე იყო და ხშირად ქვეყნის გარეთ ყოფნა მიწევდა, მაგრამ ქვეყნის სასიკეთოდ. პარლამენტთან კონტაქტი არასოდეს გამიწყვეტია. კომიტეტი ძალიან გამართულად მუშაობდა და თუ ვინმე წასული იყო, ეს გავლენას ვერ ახდენდა. ვერავინ იტყვის, რომ არ ვაქტიურობდით.
თქვენი კომიტეტის დაქვემდებარებაში იყო „ნდობის ჯგუფი“ და თავდაცვის უწყების ხარჯვით ნაწილს, რატომ არ აკონტროლებდა?
- „ნდობის ჯგუფის“ შესაძლებლობების შესახებ მითოლოგიზირებული შეხედულებაა. სახელი ასოციაციას იწვევს, რომ საიდუმლო ინფორმაციებზე მიგიწვდება ხელი, მაგრამ „ნდობის ჯგუფი“ აკონტროლებს მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის ბიუჯეტის საიდუმლო მუხლების ხარჯვის შესაბამისობას სახელმწიფო ბიუჯეტთთან. მეტი ფუნქცია მას არ გააჩნია. კანონით რაც იყო განსაზღვრული, მას ვამოწმებდით.
და, თავდაცვის სამინისტროს გადაჭარბებული ხარჯვითი ნაწილი არ ჰქონდა?
- ნამდვილად. „ნდობის ჯგუფი“ გახმაურებულ მკვლელობებში ვერ ჩაერეოდა. შეიძლება შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ვინმეს ხელს ვაფარებდით, მაგრამ ასე არ იყო. შეცდომებმა მარცხამდე მიგვიყვანა, მაგრამ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი არასოდეს გადაგვიდგამს. საზოგადოებამ როგორც საჭიროდ ჩათვალა, ისე გადაწყვიტა, მაგრამ გაჩერებულ ქვეყანასაც ხალხი შეაფასებს.
შეფასების შემდეგ, ხელისუფლებაში მოსვლას ელით?
- ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხალხი გადაწყვეტილებას ხელისუფლების ქმედებებზე მიიღებს.