რადიკალურ ოპოზიციას რა რესურსიც ჰქონდა, უკვე გამოიყენა. როდესაც უკმაყოფილო მასის შენს მხარეს გადმოყვანას ვერ ახერხებ, გრჩება ვიწრო ჯგუფი, რომელსაც მოტივაცია მაღალი აქვს, მაგრამ საკმარისი არ არის რევოლუციისთვის, - განაცხადა ანალიტიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ".
მისი თქმით, ამჟამად ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციები არ იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომუნიკაციის უნარები და საშუალება ოპოზიციას აბსოლუტურად გათიშული აქვს.
„რადიკალურ ოპოზიციას რა რესურსიც ჰქონდა უკვე გამოიყენა. ჩვენ პიროტექნიკაც ვნახეთ, მოლოტოვის კოქტეილებიც და ა.შ. ახლა არსებობს ასეთი ტერმინი, ქცევაში ჩარჩენა ჰქვია, როდესაც შენ პატერნებს ვეღარ ცვლი და ერთსა და იმავეს იმეორებ. ასეთ დროს სტატისტიკაც, რომ ავიღოთ მინიმუმ იმას ვიტყვით, რომ აქციები არ იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომუნიკაციის უნარები და საშუალება უმრავლესობასთან აქვთ აბსოლუტურად გათიშული და საერთოდ არ შეუძლიათ გაზარდონ აქცია. რევოლუციას სჭირდება, რომ როდესაც შენ გაქვს კომუნიკაციების საშუალებები ყველაზე გამართული და იცი საზოგადოების ენა ამ საზოგადოების უკმაყოფილო ნაწილის შენს მხარეზე გადმოყვანას ახერხებ. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთი ქცევის პატერნები აქვთ ამ ადამიანებს, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არის უცხო. როდესაც შენ უკმაყოფილო მასის შენ მხარეს გადმოყვანას ვერ ახერხებ გრჩება ვიწრო ჯგუფი, რომელსაც მოტივაცია მაღალი აქვთ, მაგრამ საკმარისი არ არის რევოლუციისთვის“,- აღნიშნა შოშიაშვილმა.
მისივე თქმით, ყველაზე სწორი ნაბიჯი, რომელიც ოპოზიციამ გადადგა იყო ის, რომ ნაწილმა ბოიკოტი არ გამოუცხადა არჩევნებს, თუმცა საზოგადოების ნაწილი ამას ისეთი აგრესიით შეხვდა, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ რესურსი შეცვალონ სტრატეგია. როდესაც სტრატეგიის შეცვლის რესურსი არ გაქვს ეს იმას ნიშნავს, რომ იმავე შედეგს იღებ, რაც ძველმა სტრატეგიამ მოგიტანა.
ექსპერტმა გადაცემაში ასევე ისაუბრა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებზეც.
„ახალმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ ჩვენნაირ პატარა სახელმწიფოებს მისცა საშუალება მეტ-ნაკლებად სუვერენული პოლიტიკა აწარმოოს და საკუთარი ინტერესები წინ დააყენოს. გასაგებია, რომ NGO-ები ყველგანაა, მაგრამ მათი ძალაუფლების გაზომვა რომ ავიღოთ, აღმოვაჩენთ, რომ NGO-ები ევროპაში არ არის რევოლუციური კლასი, მაგრამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველგან, NGO სექტორი იყო რევოლუციური კლასი. ასეთ სახელმწიფოებში მყოფ ხელისუფლებას არ უნდა ეგრძნო თავი მყარად და მუდმივად უნდა ყოფილიყო რევოლუციური შიშის ქვეშ. NGO-ები ესენი ამას უზრუნველყოფდნენ. მათ არასდროს ჰქონიათ შიდა ლეგიტიმაცია ისინი მოქმედებდნენ მხოლოდ გარე ლეგიტიმაციით. არ შეიძლება ჩამოყალიბებული, შემდგარი სახელმწიფო იყოს პერმანენტულად რევოლუციის შიშის ქვეშ. ამიტომ, ჩვენთვის დღესაც რთულია ხანგრძლივ პოლიტიკებს, იმიტომ, რომ შეიძლება პერმანენტული რევოლუციის შიშის ქვეშ მყოფმა ქვეყანამ შექმნას ხანგრძლივი პოლიტიკა“,- განაცხადა შოშიაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ევროპას მოუწევს გადაწყობა საკუთარი საგარეო პოლიტიკის როგორც ჩინეთთან, რუსეთთან და მათ შორის საქართველოსთან და მსგავს პატარა სახელმწიფოებთან. შესაბამისად, ფორმატი ახლა ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ძალიან დადებითად იცვლება.