ევროკომისიის პრესსპიკერის გუშინდელი განცხადება იყო აბსოლუტური კატასტროფა, რომ ის სოლიდარობას უცხადებს ლევან ხაბეიშვილის ორგანიზებულ 4 ოქტომბრის დამხობის ღონისძიებას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის გაზიარება იმ შესაძლო ძალადობაზე, რაც „ნაცმოძრაობის“ დაორგანიზებული აქციიდან იქნება.
„ეს თქვა, რომ სოლიდარულია აქციის მონაწილეების მიმართ. სოლიდარობას უცხადებს იმას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, 4 საათზე, როდესაც არჩევნები და ხმის მიცემა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, დააანონსა ძალადობრივი აქცია, დამხობა და ქვეყნის ატრიალება. გამოდის ევროკომისიის სპიკერი და კითხვაზე 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ნაცვლად იმისა, რომ თქვას არჩევნების დღეა, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა, მივიდეს არჩევნებზე, ამის ნაცვლად გეოგრაფიული ბრიუსელიდან ვისმენთ, რომ ეს კონკრეტული სპიკერი სოლიდარობას უცხადებს ლევან ხაბეიშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ დამხობის აქციას.
აბსოლუტური ღირებულებითი კატასტროფაა, რაც ჩვენ ამ სიტყვებში ამოვიკითხეთ. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის გაზიარება იმ შესაძლო ძალადობაზე, რაც „ნაცმოძრაობის“ დაორგანიზებული აქციიდან იქნება. მე მინდა, რომ ეს გუშინდელი განცხადება კარგად დაიმახსოვროს ყველა ქართველმა და უცხოელმა. 4 ოქტომბერს თუკი იქნება რაიმე ძალადობა, ერთ ქვასაც თუ ვინმე გაისვრის პოლიციის მიმართულებით, ერთი ფაქტიც თუ იქნება ძალადობის, ამ ძალადობაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს გუშინდელი განცხადებით ევროკომისიას, მისი პრესსპიკერის სახით.
უნდა აღიქვას ევროკომისიამ, რომ საქართველო არ არის არავისი სათამაშო, ქართველების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ არის ბრიუსელის სათამაშო ინსტრუმენტი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.