გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საელჩო გახსნა საქართველოში და ბევრი ქართველი, მათ შორის მეც, ვიყავით ჩართული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის იყოს პატივსაცემი. სამწუხაროა, რომ ბატონი პეტერი თავისი დამოკიდებულებით ამ ხიდებს წვავს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მისამართით.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა მოლოდინი აქვს გერმანიის ელჩთან ურთიერთობაში, რომელსაც მუდმივად აკრიტიკებს.
„არანაირი მოლოდინი პეტერის მიმართ არ მაქვს. ვიცი, რომ მომავალი წლის ივნისამდეა საქართველოში. სხვათა შორის ვადა გასდიოდა ახლა ზაფხულში და გაიხანგრძლივა ერთი წლით. არანაირი მოლოდინი დადებითის მიმართულებით არ მაქვს. საჯარო განცხადებებითაც, მეორეს მხრივ, საქართველო პატარაა და ყველა ყველას იცნობს, გერმანულენოვანი საზოგადოებაც არ არის დიდი და ვიცით მისი პირადი დამოკიდებულებაც. მას აქვს პირადი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ და მისი ამომრჩევლის მიმართ. ამას ჩვენ ვერ შევცვლით. გერმანიის მთავრობას თუ უნდა, რომ წარმოადგენდეს [ფიშერი], ეს მათი ნებაა და მათი ელჩია, თუმცა ვთქვი კიდეც, რომ რთულად წარმომიდგენია ამ ელჩის პირობებში შეძლოს რამენაირად საერთო ენის მონახვა [მასთან ხელისუფლებამ].
ყველას ესხმის თავს, მთავრობა იქნება, პარლამენტი, ჟურნალისტი, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, თუ რაც იქნება. ელჩის ამოცანა არის რომ იყოს ხიდი ხელისუფლებებს შორის. ნაცვლად იმისა, რომ ბატონ პეტერს 30 წლის განმავლობაში ბევრი გერმანიის და ბევრი ქართველის, მეც ვიყავი ამის მონაწილე, აშენებული ხიდი გაემყარებინა, დაწვა ყველა ხიდი საქართველოს ხელისუფლებასთან. ყველაზე მეტად მე ვწუხვარ ამაზე, რადგან ვიცი რა ურთიერთობებია საქართველოსა და გერმანიას შორის ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული. გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საელჩო გახსნა საქართველოში და ბევრი ქართველი, მათ შორის მეც, ვიყავით ჩართული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის იყოს პატივსაცემი. სამწუხაროა, რომ ბატონი პეტერი თავისი დამოკიდებულებით ამ ხიდებს წვავს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.