4 ოქტომბერს განსხვავებული არაფერი მოხდება. გამოვლენ, რაღაცას შეეცდებიან და საბოლოო ჯამში ეს დამთავრდება იმით, რომ დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყებენ უკვე რევოლუციური პროცესის ახალ ათვლას, - განაცხადა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ნიკა ქობულაძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას.
მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წელია რადიკალები ერთი და იგივე სისულელეს აკეთებენ და ამაში არიან სტაბილურები. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ხალხის განწყობა მათ სასარგებლოდ არ მუშაობს, რადგან მოსახლეობის მოთხოვნაა, ხელისუფლებამ ძალაუფლება მაქსიმალურად შეინარჩუნოს.
„მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათი მოლოდინია, ეგებ ახლა მაინც მოხდეს რაღაც განსხვავებული, რის შედეგადაც შეიკრიბება არანორმალური ოდენობის მოსახლეობა და ხელისუფლებას შეეშინდება. ეს განწყობა არ არის საზოგადოებაში. მათთვის ძალიან სამწუხაროდ, რევოლუციები თანამედროვე პირობებში ხდება იქ, სადაც არის არშემდგარი სახელმწიფოები“, - განაცხადა ქობულაძემ.
რევოლუციის საწინააღმდეგო კიდევ ერთ ფაქტორად ანალიტიკოსმა დადებითი ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა. ქობულაძემ ასევე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების საკითხზე ისაუბრა.
„შეიძლება ითქვას, რომ 30 წლის განმავლობაში საქართველო იყო ქვეყანა, რომლის პოლიტიკაც ცალმხრივი სიყვარულის ისტორია იყო. ჩვენ ვეტრფოდით ევროპას, მის ნაწილად გამოვაცხადეთ თავი, როდესაც ევროპას არც კი უფიქრია, რომ ჩვენ მისი ნაწილი ვიყავით. სამწუხაროდ, საქართველო ევროპისთვის არ არის ფასეულობა და ახლა მათ მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ საქართველომ საკუთარ თავზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება დაიწყო“, - განაცხადა ქობულაძემ.
მისივე თქმით, საქართველო იყო სახელმწიფო, რომელიც მზად იყო გაეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც ევროპულ სახელმწიფოებს ეშინოდათ, მაგალითად იყო მოწინავე ხაზზე რუსეთთან დაპირისპირებაში, რაც ქვეყანას ძალიან ძვირად უჯდებოდა.