„არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენს მთავრობაში არავინ არის შეუცვლელი და თუ ვინმეს თავი შეუცვლელი ჰგონია, სწორედ ის შეიცვლება ყველაზე სწრაფად“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. For.ge-ს ინფორმატორის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი სამთვრობო კარუსელს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაატრიალებს. პრემიერი მთავრობის რამდენიმე წევრის მუშაობით უკმაყოფილოა, თუმცა კონკრეტიკისგან თავს იკავებს, განსხვავებით, მისი წინამორბედისგან, რომელმაც მინისტრები ორ კატეგორიად დაჰყო. ძალიან კარგ და უბრალოდ, კარგ მინისტრებად.
ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით, მთავრობის ხელმძღვანელი რამდენიმე მინისტრის შეცვლაზე ფიქრობს. ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო გაფრთხილება მისცა დევნილთა მინისტრს, რომელსაც პრობლემის მოგვარებისთვის ერთთვიანი ვადა მისცა. დავით დარახველიძე ერთად-ერთი მინისტრია, რომლის მიმართ უკმაყოფილება ღარიბაშვილმა საჯაროდ, სამეგრელოში დევნილებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოთქვა.
ასევე, ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის ახალ მინისტრთა კაბინეტში ვერ მოხვდება მაია ფანჯიკიძე და გურამ ოდიშარია. გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე, აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძის კანდიდატურა განიხილება. თუმცა, სამთავრობო გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსი მიღწეული არ არის. გარკვეული ჯგუფი თვლის, რომ გეგეშიძე კარგი მეცნიერია, ხოლო კარგი მეცნიერი არ ნიშნავს, რომ კარგი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება.
გარდა ამისა, ახალ კარუსელს შესაძლოა შეეწიროს შერიგების სამინისტროც. კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამინისტროს ფუნქციები შეიძლება გაიყოს. ნაწილი რეგიონალური განვითარების სამინისტროში გადავიდეს, ნაწილი კი საგარეო სამინისტროში.
რაც შეეხება გურამ ოდიშარიას, მისი ბედი თითქმის გადაწყვეტილია. ოდიშარიას შემცვლელად მაია ფანჯიკიძე სახელდებოდა, თუმცა ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით, მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრს კულტურის მინისტრის სავარძელს არ შესთავაზებენ.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მარგიშვილი ამბობს, რომ აპრილის შუა რიცხვებში იგეგმება მინისტრის სამსახურში გამოსვლა. უფრო კონკრეტულად კი 11 ან 14 აპრილს. შეგახსენებთ, მარტის შუა რიცხვებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურამ ოდიშარია თანამდებობიდან გადადგა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის შვებულებაში გავიდა. მინისტრის მოვალეობას ალექსანდრე მარგიშვილი ასრულებს.
მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობა. უმრავლესობისგან განსხვავებით, სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ ექსპერტები, რომელთა განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები დაკავშირებული უნდა იყოს გარკვეულ ახალ ამოცანებთან, რომელიც მთავრობის წინაშეა. ამიტომ მთავრობა, რომელიც კარგა ხანია, სერიოზული ცვლილებების გარეშეა, უფრო დინამიური უნდა გახდეს.
მათი თქმით, ცვლილებები უნდა იყოს არა პოლიტიკური ინტრიგების და ვინმეს მოწონება-არმოწონების შედეგად, არამედ ამოცანების მიხედვით, რომელიც ამ დინამიურ დროში ძალზე ცვალებადია. მათი შეფასებით, სამთვარობო ცვლილება აუცილებელია და განსაკუთრებით საგარეო მომართულებით. მაგალითად, ექსპერტი სოსო ცინცაძე კი ფანჯიკიძის განთავისუფლებას დაგვიანებულადაც კი მიიჩნევს. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი თვლის, რომ შეხვედრები და საგარეო ასპარეზზე ჩატარებული ღონისძიებები ადასტურებს, რომ სამინისტრო დაკისრებულ მოვალეობას თავს ართმევს.
„იმ მხრივ, რომ საგარეო უწყებას დაემტკიცებინა თავისი აქტიურობით ევროპული ვექტორი, ამ საკითხში დაეჭვებულ დასავლეთთან ეს ფუნქცია შეასრულა. საკადრო საკითხებზე ჩემი სმჯელობა ბევრ სირთულეს აწყდება. შესანიშნავად ვიცნობ ფანჯიკიძეს და გეგეშიძეს. რაც შეეხება გეგეშიძის კანდიდატურას, რომ კარგი მეცნიერი არ ნიშნავს კარგ მინისტრს, - იგივე პრეტენზია შეიძლებოდა გეგეშიძის დიპლომატიურ არენაზე გაშვებაზე თქმულიყო, იმიტომ, რომ დიპლომატიური საქმინაობა კიდევ უფრო რთულია და უფრო პრაქტიკულია. დიპლომატიური საქმიანობა უფრო ნაკლებად გულისხმობს თეორიულ ინტელექტს, ვიდრე მინისტრობა. მინისტრს სტრატეგიული მონახაზი უნდა ჰქონდეს. დასავლეთის პრაქტიკიდან ვიცით, რომ ხშირად საგარეო საქმიანობას როგორც მინისტრის და უშიშროების საბჭოს თანამდებობაზე, სწორედ ინტელქტუალები ასრულებენ და ასრულებენ წარმატებით. გამორიცხული არაა, რომ საგარეო ურთიერთობათა ისეთი არენა, როგორც უშიშროების საბჭოა, რომელიც უმეტესწილად სწორედ სტრატეგიულ პრინციპებს შეიმუშავებს, ასეთი თანამდებობისთვის გეგეშიძის ფიგურა იყოს უფრო საინტერესო, ვიდრე დღეს არსებული ფიგურა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება პაატა ზაქარეიშვილის სამინიტროს, პოლიტოლოგი ამბობს, რომ უწყება თავის ფუნქციებში მკაფიოდ ჩამოყალიბებული არაა.
„ყოველთვის იდგა ეს საკითხი დღის წესრიგში. კონფლიქტებისთვის ცალკე სამინისტროს გამოყოფა არც ადრე იყო მიზანშეწონილი და არც ახლა იქნება გასკვირი, რომ შეიცვალოს მიდგომა. კონფლიქტების საკითხები ერთნაირად ეხება არა მარტო საგარეო და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს, არამედ მთლიანად აღმასრულებელ შტოს. თუ ეს ცვლილება მოხდება, ვფიქრობ, რომ ადექვატური იქნება. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა უწყების დღის წესრიგში პრიორიტეტად შევა კონფლიქტების მოგვარების თემა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყავრელიძე.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მთავრობას თავისთავად სჭირდება გადახალისება, რაც პოლიტიკურ კრიზისად არ უნდა განიხილებოდეს. მისი თქმით, სამთავრობო ცვლილება არავის წინააღმდეგ არაა მიმართული. ექსპერტი ამბობს, რომ სახელმწიფოში ოპტიმაზაციის პროცესი მუდმივია.
„ამ ეტაპზე, კონკრეტული პერსონების დასახელებისგან თავს შევიკავებდი. თუმცა, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ დგება პერიოდი, როდესაც გარკვეული გადახალისება არის გარდაუვალი. შეიძლება უფრო მასშტაბური იყოს ეს ცვლილება და არ შემოიფარგლოს მხოლოდ იმ პერსონებით, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. არამედ სხვა მიმართულებითაც დადგეს საკითხები.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მინისტრობა ეს არაა მხოლოდ უფლებები და სავარძელი, ეს არის პასუხისმგებლობა. ის, რომ დღევანდელი მინისტრები მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობრები არიან, იდეალურები რომ არ არიან, ეს ვიცით. ასე რომ, ოპტიმიზაციის პროცესში ვიღაცა უნდა წავიდეს და ეს მინისტრებისთვის არანაირი ტრაგედია არაა. ვფიქრობ, რომ ეს თავისუფლებას უფრო ნიშნავს“, - ამბობს გია ხუხაშვილი.
რაც შეეხება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს რეორგანიზაციას, ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს სამინისტრო თავისი არსით არაა მუდმივი, დრობითი სამინისტროა.
„სკეპტიკურად ვუყურებ რამდენად არის დროს, რომ ეს სამინისტრო გავაუქმოთ. ამოცანები, რაც ამ სამინისტროს წინაშე დგას, ქვეყანას არ აქვს გადაწყვეტილი. აქედან გამომდინარე საკამათოდ მიმაჩნია ამ სამინისტროს გაუქმება და მისი ფუნქციების გადანაწილება. სხვა საკითხია პერსონალური საკითხი, რაც უფრო ადვილი გადასაწყვეტია, მაგრამ ამ სამინისტროს გაუქმებას არ დავეთანხმები. ამ სამინისტროს, ჩემი აზრით, რაღაც ფუნქცია აქვს. არც ერთი საკითხი, რაზეც ეს სამინისტრო მუშაობს, დღეის მდგომარეობით ქვეყანას გადაწყვეტილი არ აქვს. დღის წესრიგში შეიძლება დადგეს პერსონალური საკითხი, ართმევს თუ არა თავის მოვალეობას თავს მინისტრი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.