დაიკითხება თუ არა ედუარდ შევარდნაძე

დაიკითხება თუ არა ედუარდ შევარდნაძე

ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სააკაშვილის ჩამოყვანასა და ჟვანიას საქმის გამო მის დასჯას ითხოვს. თუმცა ჯაჭვური რეაქციით, შესაძლოა, თავადაც აღმოჩნდეს დასაკითხ პირთა შორის. საქმე ისაა, რომ კონსტანტინე გამსახურდია მამის, ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცული გარდაცვალების გამო ედუარდ შევარდნაძის დაკითხვას მოითხოვს. საქმის გამოძიებას ელიან ცოტნე და გიორგი გამსახურდიებიც.

ისტორია მეორდება, სააკაშვილი ყველანაირად თავიდან იცილებს დაკითხვაზე მოწმის სტატუსით დაბარებას, თავის დროზე არც ედუარდ შევარდნაძე ყოფილა გახსნილი ექსპრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ კითხვებზე საპასუხოდ, რომელიც მასთან პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ჰქონდა. ედუარდ შევარდნაძეს პროკურატურასთან თანამშრომლობის იდეა დღესაც არ ხიბლავს. ხუმრობით აცხადებს, რომ პროკურატურას შეკითხვებიც არ დაუტოვა, რადგან ამ ათი წლის განმავლობაში ყველა კითხვას პასუხი გასცა თავისი ინტერვიუებით, რომლებიც დაკითხვის ოქმებს უფრო გვანან, ვიდრე ინტერვიუებს. თუმცა, კითხვები თუ მაინც დარჩა, ის მზადაა, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უპასუხოს.

რაც შეეხება კონსტანტინე გამსახურდიას, ექსპრეზიდენტის შვილმა ჯერ კიდევ 2011 წელს პროკურატურას იმ პირთა სია გადასცა, რომელთა გამოკითხვაც მის დროს შექმნილი საპარლამენტო კომისიის ფარგლებში ვერ მოხერხდა, მათ შორის, ედუარდ შევარდნაძის და უშიშროების მაშინდელი მაღალჩინოსნების.

უფრო მეტიც, კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ რაც 1994-დან 2004 წლამდე პროკურატურამ გააკეთა, ეს იყო არა გამოძიება, არამედ საქმის მიჩქმალვა. რეალურად, შევარდნაძის ინტერესებში არ იყო ამ საქმის გახსნა. შესაბამისად, შევარდნაძის დროინდელი გამოძიება დაკითხვას არ ჰგავდა და უბრალო სტატისტიკით შემოიფარგლებოდა, თავისი მთავარი მოწმეების წინააღმდეგობრივი ჩვენებებით, რომელთაც კითხვასაც არ უსვამდნენ შეუსაბამობების გამო.

მართლია, შევარდნაძე იმ დროს პარლამენტში მიწვევას არ დათანხმდა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, კონსტანტინე გამსახურდია ნანობს, რომ თავად არ ეწვია ედუარდ შევარდნაძეს სახლში დასაკითხად, რაზეც შევარდნაძე თანხმობას აცხადებდა.

„ვთვლი, რომ შეცდომა დავუშვი, როდესაც მან განაცხადა, რომ კონსტანტინე ჩემთან აქეთ მოვიდესო, ვიფიქრე, რომ ეს საქმიანი საუბარი არ იქნებოდა. ის რაღაცას მაინც იტყოდა საყურადღებოს. მას სჩვევია ყველაფერზე და არაფერზე საათობით საუბარი. ეს იყო ერთადერთი შეცდომა, რომელიც ჩვენმა კომისიამ დაუშვა და ეს პირადად ჩემი ბრალია. ვიდრე ეს ადამიანი ცოცხალია, მისი დაკითხვა აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ, თუ პროკურატურა ამ საკითხს ისევ გაწელავს და დაელოდება ბატონი ედუარდის გარდაცვალებას, ჩვენ ამ საკითხს ნამდვილად ვერ გადავწყვეტთ. დრო გადის. ბევრი ადამიანი დაიხოცა. სხვათა შორის, ადამიანები კი არ დაიხოცნენ, მოკლეს კიდეც, მაგალითად, ბადრი ზარანდია, გია გულუა, ვინც ამ მკვლელობასთან დაკავშირებით ფასეულ ინფორმაციებს ფლობდნენ“, - განაცხადა გამსახურდიამ, რომელსაც პრეტენზიები ნაციონალებთანაც აქვს, რადგან თავის დროზე საქმის გამოძიება პროკურატურაში ჯერ ირაკლი ოქრუაშვილმა, შემდეგ კი ზურაბ ადეიშვილმა დაბლოკეს.

For.ge კონსტანტინე გამსახურდიას ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ 2010 წელს ედუარდ შევარდნაძეს დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კურიერის საშუალებით გაუგზავნა ოფიციალური მიწვევა პარლამენტში, მაგრამ ის არცერთ ჯერზე არ მივიდა და გაზეთ „ასავალ-დასავალით“ შეუთვალა, რომ უარს აცხადებდა კომისიასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობაზე. ამას იმით ხსნიდა, რომ კომისიის თავმჯდომარედ ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრი, ანუ მისი ვაჟი დაინიშნა.

„ედუარდ შევარდნაძის დაბარება იმიტომ გახდა აქტუალური, რომ მისი ხელისუფლების სამმა წარმომადგენელმა - იგორ გიორგაძემ, თენგიზ კიტოვანმა და თენგიზ სიგუამ, სამივემ ხელი დაადო მას, როგორც ადამიანს, რომელმაც ეს მკვლელობა, ფაქტობრივად, დაუკვეთა. ჩვენ გვინდოდა, მას თავისი პოზიცია გამოეხატა ამასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კომისიამ დაადგინა, რომ ზვიად გამსახურდიას ფეხდაფეხ მისდევდა ორი ჯგუფი, ერთი ჯგუფი შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯგუფი იყო და მას კოორდინირებას უწევდა მინისტრი შოთა კვირაია, ასევე, შინაგან საქმეთა გენერალი გია გულუა. მეორე ჯგუფი ეკუთვნოდა უშიშროების სამინისტროს. ეს იყო ე.წ. რეალიზაციის ჯგუფი, რომელსაც კოორდინირებას უწევდა უშიშროების მინისტრის მოადგილე ავთანდილ იოსელიანი. ბუნებრივია, ეს აჩენდა კითხვებს, თუ რა იცოდა ედუარდ შევარდნაძემ ამ ჯგუფთა გადაადგილების შესახებ დასავლეთ საქართველოში. ასევე, მნიშვნელოვანი იყო იმის გარკვევა, თუ საიდან იცოდა ედუარდ შევარდნაძემ, თითქოს ზვიად გამსხურდიამ თავი მოიკლა. თავის მემუარების წიგნში შევარდნაძე პირდაპირ წერს, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა. საინტერესოა, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა ედუარდ შევარდნაძე“, - გვითხრა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მანვე გაიხსენა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძის ნათქვამი, თუ როგორ უთხრა მას ჯეიმს ბეიკერმა, რომ აკლდა ლეგიტიმაცია, განსხვავებით, ზვად გამსახურდიასგან და ამის გამო საქართველოში ინვესტიციები ვერ შემოვიდოდა. ამდენად, კონსტანტინე გამსახურდიას აზრით, ეს ძალზე სერიოზული აღიარებაა. შევარდნაძე ლეგიტიმურობის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებდა. თუმცა ზვიად გამსახურდიას მოკვლა მისი ლეგიტიმურობისთვის ცუდ ტონად ჩაითვლებოდა, არც ზვიად გამსახურდიას დაპატიმრება იქნებოდა კარგი სცენარი (რასაც გიორგაძე სთავაზობდა), ამიტომ საჭირო იყო იმიტირებული თვითმკვლელობა, რაც განხორციელდა კიდეც.

ჩვენ შევახსენეთ კონსტანტინე გამსახურდიას, რომ თავის დროზე სააკაშვილის დროინდელ პარლამენტში მუშაობას იგი სწორედ ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცული დაღუპვის გამოძიების მიზნით დათანხმდა. ამდენად, გვაინტერესებდა, რამდენად კმაყოფილი იყო საკუთარი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობით, რომელმაც ვერ დადო დასკვნა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლულია?!

ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიამ აღნიშნა, რომ მათი დასკვნის მიხედვით, თვითმკვლელობა მოწმეთა მონაცემების ურთიერშეჯერებითა და შეპირისპირებით, ანუ დედუქციური მეთოდით გამოირიცხა. თუმცა, სამწუხაროდ, ვერ დაიდო მკვლელობის რეკონსტრუირებული ისტორია.

„გამოვლენილია უამრავი წინააღმდეგობა და შეუსაბამობა. ჩვენ ჩავატარეთ საგამოძიებო, აკუსტიკური ექსპერიმენტები და მივედით დასკვნამდე, რომ რასაც აღწერენ, ბუნებაში არ არსებობს. მკვლელობის ისტორიის რეკონსტრუქციას კი ჩვენი რესურსი ნამდვილად არ ეყოფოდა. ამიტომაც ამ კომისიის დასკვნა გადაეგზავნა მთავარ პროკურატურას“.

მომხდარიდან 20 წლის შემდეგ რას შეცვლის შევარდნაძის დაბარება და მოხდება თუ არა მისი პასუხისმგებლობის დაყენება, ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდია გვპასუხობს: „ეს უნდა ჰკითხოთ, ალბათ, საქართველოს სასამართლოს თავმჯდომარეს და გენერალურ პროკურორს. ვერ გეტყვით, რა შეიცვლება ედუარდ შევარდნაძის დაბარებით“.

„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ აუცილებლად უნდა დაკითხოს ედუარდ შევარდნაძე და უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი არა მარტო ამ საქმესთან დაკავშირებით, არამედ სხვა გახმაურებულ (მათ შორის, გია ჭანტურიას) მკვლელობებთან დაკავშირებითაც. პოლიტოკოსი ფიქრობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც და დღესაც წარმატებით ცდილობენ, როგორმე პასუხისმგებლობა მოაცილონ ედუარდ შევარდნაძეს.

მამუკა გიორგაძის აზრით, ზვიად გამსახურდიას შემთხვევაში, თუნდაც თვითმკვლელობა იყოს, სამართლებრივად ეს არაფერს არ ცვლის, რადგან არსებობს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი, რომელიც უბრალოდ კვალიფიკაციაა, თორემ ჩვეულებრივი გაგებით, ის მოკლულია.

„ის, რომ ტყეში განდევნეს ადამიანი, გარშემომყოფნი ყველანი ჩამოსცილდნენ, მარტო დარჩა და ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, ესეც გამოსაძიებელია. არა მარტო ტექნიკური საკითხებია გამოსაძიებელი, თუ როგორ მოხდა მკვლელობა, არამედ მისი წინა პერიოდიც. სამწუხაროდ, მიჩქმალულია, წინა პერიოდი უკავშირდება თუ არა რუსეთის ინტერესებს, რომელმაც გამსახურდია და შევარდნაძე გარკვეული ნაბიჯების გადადგმისკენ აიძულა. ამ გაგებით, პოლიტიკური გარიგების მსხვერპლი ხომ არ არის გამსახურდია?! რა კავშირშია ეს მკვლელობა სოხუმის დაკარგვასთან?! სად წავიდა ის ხალხი, რომელიც გროზნოდან ჩამოყვანილ ზვიად გამსახურდიას ზუგდიდში ათასობით ელოდა და შემდეგ ერთი ხელის მოსმით მის გუნდში არ აღმოჩნდა? რა მოხდა ოჩამჩირეში, როცა გამსახურდიას მოსთხოვეს მეგრულ-აფხაზური კონფედერაცია, რაზეც ბატონმა ზვიადმა ხელი არ მოაწერა?! არის თუ არა ამ ხელის არმოწერის შედეგი და შევარდნაძის მხრიდან დსთ-ში შესვლის მზადყოფნის განცხადება იმის გამოხატულება, რომ გამსახურდია გაიწირა? სამწუხაროდ, პრივატიზებული ხდება ეს თემები, რაც მარტო ვიწრო ჯგუფის ან ოჯახის ინტერესის დონეზე არ უნდა დაიყვანონ. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რა პოზიციაზე იყო 25 წლის წინ? პირადად ჩემს თავზე შემიძლია გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანამებრძოლები ვიყავით, ერთი პერიოდი, ჩვენ დაპირისპირებულნიც გახლდით. თუმცა სამართლიანობის აღდგენით ისევე ვარ დაინტერესებული, როგორც ზვიად გამსახურდიას მოგვიანებითი პერიოდის მომხრეები. ამიტომ ფართო წრე უნდა ჩაერთოს ამ საქმიანობაში“, - აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.

მისთვის, ასევე, გაუგებარია, რატომ ვერ მოახერხა კონსტანტინე გამსახურდიამ შევარდნაძის დაკითხვა, მაშინ, როცა ყველამ იცოდა, რომ კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტში სწორედ ამ საქმის გამოსაძიებლად შევიდა. უფრო მეტიც, კონსტიტუცია და კანონები შეცვალეს იმისთვის, რომ კონსტანტინე გამსახურდია ყოფილიყო პარლამენტის წევრი. შესაბამისად, მას ყველანაირი შესაძლებლობა მიეცა და, ალბათ, ამ კუთხით უნდა მომხდარიყო უფრო მეტი აქტიურობა.

„რას ჰქვია ადამიანი არ მივიდა დაკითხვაზე? საქართველოს კანონმდებლობით, ეს საკითხი ცოტა უფრო პრინციპულად უნდა დასმულიყო. ედუარდ შევარდნაძე მთავარი ეჭვმიტანილია ამ საქმეში და მისი დაკითხვის გარანტიაც უნდა ყოფილიყო. თავის დროზე, მე პირდაპირ დავადე ხელი შევადნაძეს გიორგი ჭანტურიას მკვლელობის ორგანიზებაში. დაკითხვაც მოვითხოვე, მაგრამ მაშინდელმა გამოძიებამ არ დამკითხა. დღესაც მივმართე პროკურატურას, მაგრამ მათაც თავი აარიდეს პასუხისგებლობას და გადაეფარნენ ედუარდ შევარდნაძეს და რუსეთის სპეცსამსახურებს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ყველა ეს მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურის ორგანიზებით განხორციელდა. სააკაშვილი არ განსხვავდება მისი სულიერი მამის -შევადნაძისგან, შევარდნაძემ როგორიც გაზარდა და როგორიც მოიყვანა ხელისუფლებაში, ისეთია. სწორედ ასეთი რომ იყო სააკაშვილი, ამიტომაც მოიყვანა შევარდნაძემ ხელისუფლებაში, ამიტომაც იყო სააკაშვილი შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ ლიდერი, რომ შევარდნაძის მსგავსად, სააკაშვილი ღირსებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან შორს იდგა“, - განმარტა მამუკა გიორგაძემ.

***
ცნობისთვის, კონსტანტინე გამსახურდიას კვლევის თანახმად, ზვიად გამსახურდიას დაღუპვის შესახებ ორი ვერსია არსებობს. პირველი ვერსიით, მკვლელობა მოხდა ჯიხაშკარიდან ხიბულასკენ მიმავალ გზაზე 27 დეკემბერს და მეორე ვერსიით, მკვლელობა მოხდა ძველ ხიბულაში 30 დეკემბერს ღურწკაიების სახლში, სადაც მოვლენები უცნაურად განვითარდა. ღურწკაიებს ცოცხალი ექსპრეზიდენტი არ უნახავთ. მეტიც, მათთან სახლში სამი დღის განმავლობაში თავშეფარებული ზვიად გამსახურდიასთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, რაც ქართულ სტუმართმოყვარეობას არ შეეფერება. უფრო მეტიც, კონსტანტინე გამსახურდიასთან შეხვედრისას ღურწკაია აცხადებდა, რომ ზვიად გამსახურდია კონსტანტინეზე მაღალი ყოფილა, რაც სინამდვილეში, ასე არ იყო. ღურწკაიას ვაჟი კი ზვიად გამსახურდიას ე.წ. თვითმკვლელობიდან მის ოთახში ხუთ წუთში ასულა და სისხლი არ დაუნახავს, რაც, ცხადია, დამაეჭვებელია.

გარდა ამისა, გვამის, ტანსაცმლით დაფარული, ხილული ნაწილების დათვალიერებას ესწრებოდნენ ლევან ჩაჩუა (ამჟამად ზურაბ ჟვანიას საქმის გამო დაკავებული ექსპერტი), თამარ დეკანოსიძე, ვახტანგ ბოჭორიშვილი და გურამ შარაძე, თუმცა მათ გვამთან შეხების საშუალებას არ აძლევდნენ. ამის მიუხედავად, ზედაპირულად, ექვსი დაზიანების შესახებ მაინც მოუწერიათ ხელი ოქმზე. თუმცა, მოგვიანებით, ლევან ჩაჩუამ ეს ექვსი დაზიანება რატომაც ვერ გაიხსენა. ეს მაშინ, როცა ცოტნე გამსახურდიას ზვიად გამსახურდიას სხეულზე თავის არეში ნანახი ჭრილობის კვალი დღემდე ახსოვს და ფიქრობს, რომ ამ საქმეში კვალიფიციური ექსპერტები უნდა ჩართულიყვნენ, რისი შესაძლებლობაც მათ გროზნოში არ მიეცათ.