პუტინი საქართველოს გახლეჩით ირანთან სახმელეთო ხიდის შესაქმნელად ემზადება

პუტინი საქართველოს გახლეჩით ირანთან სახმელეთო ხიდის შესაქმნელად ემზადება

„პუტინი განიხილავს შეჭრას როგორც საქართველოში, ასევე - სომხეთში“, - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი მაიკ როჯერსი, რომლის ინფორმაციითაც, ცხინვალის რეგიონისკენ რუსეთის სამხედრო ძალების გადაადგილება შეინიშნება.

„ისინი სამხრეთ ოსეთში ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობებით გადაადგილდებიან... საქართველოს არმია არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს მათთვის“, -  აცხადებს როჯერსი.

ამასთან, როჯერსი ინტერესდება, რისთვის გადაადგილდება ასეთი აღჭურვილობით რუსული სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე?! მისი აზრით, ამ გადაადგილებას არანაირი აზრი არ ექნებოდა, რომ არა ერთი მიზეზი, შესაძლოა, მათი გამოყენება სურთ საქართველოსა და სომხეთის გასაჭრელად და ირანთან სახმელეთო ხიდის შესაქმნელად. ანუ, პუტინი ცდილობს, შექმნას სახმელეთო კავშირი რუსეთსა და ირანს შორის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში ჯერჯერობით არ აკეთებენ კომენტარს როჯერსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარების შეყვანის თაობაზე. თუმცა აღნიშნულ საფრთხეზე საუბრობს ექსპერტთა ნაწილი.

ქართულ საზოგადოებას უკვე აშფოთებს, რომ მაპის მიღებამდე რუსეთი უფრო გაართულებს საქართველოსთან ურთიერთობას, მაპის მიღებიდან ნატოში გაწევრიანებამდე კი რუსეთი ცხოვრებას ჯოჯოხეთად გვიქცევს. ასეთი სცენარი მით უფრო მოსალოდნელია, რომ მაპი ჩვენს დაცვას არავის ავალდებულებს. ისიც ფაქტია, რომ დღევანდელი მსოფლიოსთვის რუსეთი ანგარიშგასაწევი ძალიდან უკვე სახიფათო ძალად გადაიქცა, დემოკრატიულმა სამყარომ კი, დავით უსუფაშვილის სიტყვებით თუ ვიტყვით, რუსეთთან კრახი განიცადა (საქართველოსა და უკრაინის მაგალითზე).

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი-საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარეს ბესიკ ალადაშვილს აინტერესებს, როცა ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირე, ამერიკის სახით, აცხადებს, რომ შეინიშნება რუსეთის სამხედრო ძალების გააქტიურება ცხინვალის რეგიონში, საინტერესოა, ასეთ პირობებში რა უნდა მოიმოქმედოს ქართულმა მხარემ? თუმცა აქ აქ მეორე მომენტიცაა, აშშ-ის კონგრესის დაზვერვის კომიტეტის უფროსის განცხადება შეიძლება პრევენციული იყოს.

„უკრაინის მაგალითმა გვიჩვენა, რომ რუსეთისგან, ზოგადად, ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ყოველგვარ ლოგიკას იქნება მოკლებული და თვითონ რუსეთის საჭიროებასაც არ უნდა წარმოადგენდეს, საქართველოს შიგნით შემოსვლა. აქ არის ერთი ვერსია, რომ რუსეთმა დერეფანი შეკრას სომხეთზე გასასვლელად და საქართველო ორად გაჭრას, თუმცა ეს ნაკლებ რეალურად მეჩვენება. უბრალოდ, რუსეთი, როგორც სერიოზული და გამოცდილი მოთამაშე, ყოველთვის ასეთ პოლიტიკას მიმართავს, ის უფრო მეტს აკეთებს, რომ მერე ნაკლები მაინც შეინარჩუნოს. იგი ყოველთვის ცდილობს, სავაჭროდ დაიტოვოს რაღაც კოზირები“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი For.ge-სთან საუბარში.

ამასთან, ალადაშვილი არ გამორიცხავს, რომ ცხინვალის რეგიონისკენ თანამედროვე აღჭურვილობით მართლაც გადაადგილდებოდნენ რუსი სამხედროები, მაგრამ საინტერესოა, რა მიზანი უნდა ამოძრავებდეთ ამ ადამიანებს? ნუთუ თბილისისკენ წამოვლენ?

ბესიკ ალადაშვილის აზრით, ამ წვრთვნას შეიძლება ჰქონდეს ყურადღების გადატანის, სიტუაციის დაძაბვის მოტივი, რომ თუნდაც ობამამ დაურეკოს პუტინს და ჰკითხოს, იქ რაღას აკეთებო? სინამდვილეში, რუსეთისთვის ახლა უფრო პრობლემურია დნესტრისპირეთი, სადაც სერიოზულად სურს პოზიციების გამყარება. ამიტომ საქართველოსთან მიმართებით სამხედრო ძალით პოზიციების გამყარება საეჭვოა. აქ, უფრო,  რუსეთი ფარულ გზებს, ანუ სპეცსამსახურებს გამოიყენებს. თანაც, უკვე ვხედავთ გაურკვეველი ძალების გააქტიურებას.

„ჩვენი ქვეყნის კონტრდაზვერვა, რომელიც სამწუხაროდ, არ გვყავს, წესით, ეროვნულ უსაფრთხოებაზე უნდა ფიქრობდეს. ეს არის რეალური პრობლემა. რუსეთი ეცდება, შიდა დაძაბულობის კერები შექმნას, ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტით დაწყებული, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ერთი დიდი სცენარი. არ არის გამორიცხული, კიდევ უფრო სერიოზული ექსცესები მოხდეს და ამან ყველაფერი შიგნიდან გახლიჩოს, ანუ შიდა დაპირისპირება გამოიწვიოს. მაპის მიღებამდე პროცესები კიდევ უფრო გართულდება, ეს მოსალოდნელიცაა. არავინ იფიქროს, რომ რუსეთი გაჩერებულია და შეურიგდება სიტუაციას. სხვათა შორის, პუტინი ხშირად ამბობს ხოლმე იმას, რისი გაკეთებაც უნდა, ზოგს კი მიაჩნია, რომ პუტინი უბრალოდ ტრაბახობს. თუმცა პუტინი ეყრდნობა აწყობილ სამხედრო პოლიტიკურ მანქანას, რაც მან შექმნა უკანასკნელი ათი წლის მანძილზე. ასე რომ, ჩვენს სცენარზე იქ სერიოზულად მუშაობენ და ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეებიც ზეპირად იციან“, - განმარტავს ბესიკ ალადაშვილი.

ყოფილი პოლიტპატიმარი, ექსპერტი ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ასეთი სცენარის შესახებ იგი ჯერ კიდევ 2013 წლის ნოემბერში აანონსებდა. კერძოდ, აცხადებდა, რომ ევროკავშირის პარაფირების ხელშეკრულებასთან ერთად საქართველოში დაიწყებოდა ხუთი ძირითადი საფრთხის წარმოჩენა, მათ შორის, რუსეთის გააქტიურება ცხინვალში, სომხეთთან მიმართულების შექმნა, ირანთან სახმელეთო ხიდის შესაქმნელად.

„ჩემთვის არაფერი ახალი არ არის, რაც ახლა ამერიკის კონგრესის დაზვერვის დეპარტამენტმა წარმოაჩინა. სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, სირიაში უკვე მიმდინარეობს ბრძოლები ლატაკიას პროვინციაში, არის საფრთხე, მოხდეს ასადის რეჟიმის დამხობა. 21 მარტს ქალაქ კესაბში მოხდა თავდასხმა, სადაც 80 სომეხი ქრისტიანი დახოცეს ალ-ქაიდას მებრძოლებმა. როგორც ჩანს, რუსები აპირებენ გადაისროლონ ასაბის დასახმარებლად შეიარაღებული ძალების ნაწილები. თუ სირია დაიკარგა, რუსეთი კარგავს გავლენას ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეზე. მიმდინარეობს სეპარატისტული მოლაპარაკებები ამერიკისა და საუდის არაბეთის ხელისუფლებას შორის ნავთობის ფასის დაცემაზე, რასაც რუსეთი არ დაუშვებს, რადგან ენერგოუსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე, ეს მისთვის დარტყმა იქნება. სირიას სხვანაირი დატვირთვა გააჩნია, აქედან რუსეთს საშუალება ეძლევა, გარკვეული გავლენა მოახდინოს საუდის არაბეთზე. სწორედ სირიაში იკვეთება საუდის არაბეთის, ყატარის, თურქეთის, რუსეთისა და ირანის ინტერესები. ამისთვის სჭირდებათ საქართველო-სომხეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალი. ამიტომ ცხინვალის რეგიონში რუსული ძალების გააქტიურება არ არის გასაკვირი. პირიქით, 58-ე არმიამ უკვე დაიწყო მასობრივი სამხედრო წვრთვნები, როგორც ჩრდილოეთ ოსეთში, ისე ცხინვალის რეგიონში. ასეთივე წვრთნებია აფხაზეთსა და დნესტრისპირეთშიც. როგორც ჩანს, ეს უკავშირდება იმას, რომ შეიძლება, აპრილში ცხინვალში რეფერენდუმის საკითხმა წამოიწიოს“, - აცხადებს ვახტან მაისაია.

მისი თქმით, თუ საქართველოს მთავრობა ჩათვლის, დაუძახოს ამ მიმართულების ექსპერტებს, რომლებიც ძალზე მცირე რაოდენობით არიან, ისინი კონტრრეაგირებას მოახდენენ და კონკრეტულ გზებს დასახავენ. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა საექსპერტო წრეებთან არ თანამშრომლობს და ჩაკეტილია.

რაც შეეხება დასავლეთს, ვახტანგ მაისაია თვლის, რომ, ფაქტობრივად, ობამამაც განაცხადა ჰააგაში, რომ ყირიმი დაკარგულია და რუსეთმა ის მიიერთა. ყირიმის დაკარგვა უკრაინელებმაც აღიარეს და დაიწყეს შეიარაღებული ძალების უკან გაყვანა. ამიტომ რუსეთი გადავიდა კონტრშეტევაზე და რეგიონალური სუპერსახელმწიფოდან გლობალური სუპერსახელმწიფოს როლის მორგება დაიწყო.

პოლიტოლოგი თენგიზ ფხალაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან კავკასიაზე ზეწოლაზე ღიად ლაპარაკობენ თავად რუსი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგებიც და სამხრეთ კავკასია მათ გაერთიანებული აქვთ სამხედრო ოლქში, რომელსაც უწოდებენ სამხრეთ ფედერალურ სამხედრო ოლქს. ამ ოლქში შედის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სამხედრო ბაზები და გიუმრის ბაზა სომხეთში.

„ის, რომ რუსეთს აქვს თავისი ინტერესები კავკასიის მიმართ, ყველანაირად ცდილობს, ეს სივრცე ჩაკეტოს და პირდაპირი გასასვლელი მოიპოვოს ირანზე, არც ეგ წარმოადგენს საიდუმლოებას. კარგია, ამ თემაზე რომ ფიქრობს საერთაშორისო საზოგადოება და, რაც უფრო მეტს იფიქრებს და მეტად ამოქმედდება პრევენციის მექანიზმი, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენთვის. სერიოზული და მნიშვნელოვანი გამოწვევებით აღსავსე წელი გველის და დიდი მნიშვნელობა აქვს, მაქსიმალურად კოორდინირებული მოქმედებები გვქონდეს საერთაშორისო არენაზე და მთელი ძალისხმევა მოხმარდეს იმ საფრთხეების დაძლევას, რომლის წინაშეც ვდგავართ. ნაკლები დრო უნდა დავკარგოთ შიდა შუღლზე. უკრაინამ ნათლად დაანახა მსოფლიოს, თავის დროზე, 2008 წელს რომ გამოეტანათ დასკვნები, რუსეთი ვერ გაბედავდა იმას, რაც გააკეთა უკრაინაში“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.