თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებით აქტუალური ხდება კითხვა – ვინ მოიგებს თბილისს? შესაბამისად, დედაქალაქში პოლიტიკური ტემპერატურა იმ ქალაქებზე მეტია, სადაც წელს მერებს ასევე პირდაპირი წესით აირჩევენ.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის -IRI–ის მიერ ჩატარებული უკანასკნელი კვლევების თანახმად, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს 52%–იანი მხარდაჭერა აქვს. სახელისუფლებო პარტიამ და მისმა ყოფილმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს განაცხადეს, რომ თბილისის მერობისთვის მათი სახელით დავით ნარმანია იბრძოლებდა. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის რეიტინგზე საუბრისას ტოლობის ნიშანი, სწორედ, დავით ნარმანიასთან ისმება.
IRI-ს კითხვაზე - მომავალ კვირას რომ მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნების“ კანდიდატი – 52% (მეორადი არჩევანი 4%), არც ერთი კანდიდატი – 4% (13%), გადაწყვეტილი არ აქვს – 18%(58%).
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანს უწოდებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.
„როდესაც საარჩევნო კამპანია არ დაწყებულა და პარტიის კანდიდატს აქვს 52%–იანი რეიტინგი, ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, უალტერნატივოა ეს კანდიდატი. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე ტური, უბრალოდ, არ იქნება – „ოცნების“ კანდიდატმა საარჩევნო კამპანია საერთოდაც რომ არ ჩაატაროს, უკვე გამარჯვებულია. იმიტომ, რომ გამარჯვებისთვის საჭიროა 50%–ს პლუს ერთი ხმა“, – განუცხადა for.ge–ს ვახტანგ ძაბირაძემ.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ დღეს, დავით ნარმანიას 45%–ის ფარგლებშიც რომ ჰქონდეს რეიტინგი, მეორე ტური არც ამ შემთხვევაში დასჭირდებოდა, რადგან საარჩევნო კამპანიის პერიოდში ამგვარი კანდიდატის რეიტინგის ზრდა ისეც მოსალოდნელია.
„ნაციონალების“ კანდიდატი ნიკა მელია მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, არ ვიცი, გაერთიანებული ოპოზიცია ვის დაასახელებს, მაგრამ, არა მგონია, რომ დღეს საქართველოში ვინმე ისეთი კანდიდატი გამოჩნდეს, რომელიც შეძლებს და ამ 52%–ს თუნდაც 48–მდე დაიყვანს. გამოდის, თბილისის არჩევნები „ოცნებას“, ფაქტობრივად, მოგებული აქვს,“– განმარტავს ვახტანგ ძაბირაძე.
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას” (GEPRA) წარმომადგენელი სოსო გალუმაშვილი კი აცხადებს, რომ „ოცნების“ კანდიდატის 52%–იანი მხარდაჭერა, პირველ რიგში, განპირობებულია პარტიის რეიტინგით და ასევე მნიშვნელოვანია თავად ნარმანიას პიროვნების ფაქტორიც.
„ნარმანია ერთ–ერთი აქტიური, საქმიანი და დინამიურად განვითარებადი მინისტრია მთავრობაში. მას, რეალურად, საარჩევნო კამპანია არ დაუწყია და მხოლოდ მინისტრის ფუნქციას ასრულებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სათანადო კომუნიკაციით, სწორად გათვლილი შეტყობინებებით და წინასაარჩევნო კამპანიით მას შეუძლია რეიტინგის, დაახლოებით, 7–8%–ით გაზრდა. კვლევებით კარგად ჩანს, რომ მოსახლოების რაღაც ნაწილს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, თუ სწორად წარმართა კამპანია დავით ნარმანიამ, ეს მისი რეიტინგის ზრდის საშუალება იქნება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას სოსო გალუმაშვილი.
რამ შეიძლება იქონიოს უარყოფითი გავლენა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებზე და კონკრეტულად დავით ნარმანიას დღევანდელ რეიტინგზე? – ამ კითხვაზე სპეციალისტების ნაწილი მხოლოდ თეორიულ შესაძლებლობებს ასახელებს.
ვახტანგ ძაბირაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის რეიტინგზე შესაძლოა, უარყოფითი გავლენა ამომრჩევლის პასიურობამ იქონიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატის ამომრჩეველმა არჩევნებზე მისვლისგან თავი შეიკავსოს, რადგან მიიჩნევს, რომ მისი ფავორიტი ისედაც გამარჯვებულია. თუმცა, ძაბირაძე ამ შესაძლებლობას გამორიცხავს, რადგან ადგილობრივ არჩევნებში მოსახლეობის მაღალი აქტივობა იმ ფაქტორითაც იქნება განპირობებული, რომ მასში საარჩევნო სუბიექტის სახით ბევრი ადამიანი მონაწილეობს.
„ამომრჩეველი არჩევნებზე აუცილებლად მივა. ეს კი ნიშნავს, რომ ნარმანია უკვე არის თბილისის მერი. თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება გააკეთოს დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ან პირადად ნარმანიამ ისეთი, რომ ეს პროცესი შეცვალოს“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
თუმცა, პოლიტიკური რეიტინგების კონტექსტში მაინც მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესი და მისი გავლენა. დღეს კი ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია კონკრეტული თემებით უკვე გააქტიურებულია. მათ შორისაა შინაგანი ჯარის ყოფილი მეთაურის გოგი თათუხაშვილის შვილის შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ბუნდოვანი საკითხი და პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტი. ხელისუფლების ოპონენტები და საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ საკითხებზე საკმაოდ კატეგორიულია და ხელისუფლებისგან ამომწურავ პასუხებს ითხოვს.
„წიკლაურის ცემის ფაქტი „ქართული ოცნების“ რეიტინგზე არ იმოქმედებს, შეიძლება პირიქითაც იყოს. ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის 4–5 ისეთი ფიგურა, რომელიც რაც ბევრს ისაუბრებს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ, მეტად გაიზრდება „ქართული ოცნების“ რეიტინგი. დაახლოებით ასეთივეა ნუგზარ წიკლაური. რაც შეეხება თათუხაშვილის საქმეს, იქ ცოტა გაურკვევლობაა, მაგრამ ადგილობრივ არჩევნებში ვერც ეს საკითხი შეცვლის „ქართული ოცნების“ რეიტინგს. თუ არჩევნები ჩატარდება და რაღაც დიდი დესტაბილიზაცია არ მოხდა ქვეყანაში შიგა ან გარე ძალების მხრიდან, უნდა ვთქვათ, რომ გამორიცხულია არჩევნებამდე დაახლოებით სამ თვეში საზოგადოების განწყობა კარდინალურად შეიცვალოს“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ანალოგიურ ვარაუდს გამოთქვამს სოსო გალუმაშვილიც. მისი თქმით, თეორიულად, შესაძლებელია გარკვეულმა ფაქტორებმა დღეს არსებულ პოლიტიკურ რეიტინგზე უარყოფითი გავლენაც მოახდინოს, მაგრამ ეტაპი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პარტიამ, კოალიციამ და ხელისუფლებამ, პოლიტიკური მოღვაწეობისას გაიარა, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ არ დაუშვებენ ისეთ შეცდომებს, რომელიც მოქმედ რეიტინგს კარდინალურად შეცვლის.
„არის რამდენიმე საკითხი, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტას, რომელიც მერობის კანდიდატთან უშუალო კავშირში არ არის, მაგრამ მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალის და ხელისუფლების გადასაწყვეტია. დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტის და თათუხაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ შემცირდეს ნდობა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების მიმართ“, – აცხადებს სოსო გალუმაშვილი.
„ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებულ დავით ნარმაინიას რეიტინგზე საუბრისას კიდევ ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი – სამოქალაქო სექტორში გადასული ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკა და იმედგაცრუებაზე საუბარი. ივანიშვილის ინტერვიუ 19 მარტს გავიდა ეთერში. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კი გამოკითხვა 19 თებერვლიდან 13 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ საზოგადოების განწყობაზე გავლენა ამ განცხადებასაც მოეხდინა და ამომრჩეველი ფიქრობდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებულ კანდიდატს, ნარმანიას, მარგველაშვილის მსგავსად უპირობოდ აღარ დაუჭიროს მხარი.
„ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რომ პრეზიდენტის მიმართ მისმა განცხადებებმა დიდი ზეგავლენა იქონიოს დავით ნარმანიას რეიტინგზე. სწორედ, დავით ნარმანიაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს თავის წარმოჩენას, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე. მან დედაქალაქის მაცხოვრებლების სასარგებლო გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლობა უნდა აჩვენოს“, – განმარტავს სოსო გალუმაშვილი.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე მეტი რჩება და საზოგადოების რეალური განწყობა, სწორედ, საარჩევნო ყუთებში ჩაყრილი ბიულეტენებით გამოვლინდება.