IRI-ის მიერ ჩატარებული და გასაიდუმლოებული პარტიული კვლევები

IRI-ის მიერ ჩატარებული და გასაიდუმლოებული პარტიული კვლევები

for.ge-მ ექსკლუზიურად საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული პარტიული კვლევების შესახებ მოიპოვა ინფორმაცია, რომელიც ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. საქართველოს მთავრობაში ყველაზე მაღალი რეიტინგი თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას აქვს. მეორე ადგილს კი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს.

IRI-მ კვლევა 19 თებერვლიდან 13 მარტამდე პერიოდში ჩაატარა და გამოკითხვაში 3 992 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. პროცენტული ცდომილება კი, 1,5 პროცენტს შეადგენს.

კვლევების მიხედვით, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას პიროვნული რეიტინგი 80 პროცენტს შეადგენს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის - 79 პროცენტს, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის - 74 პროცენტს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის - 74 პროცენტს, საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის - 66 პროცენტს, ასევე 66 პროცენტს შეადგენს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის რეიტინგი, მაგრამ მისადმი გამოკითხულთა 28 პროცენტი უარყოფითად არის დამოკიდებული, ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის რეიტინგი კი 65 პროცენტით განისაზღვრა.

IRI-ის კვლევის თანახმად, თბილისში მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას რეიტინგი 52 პროცენტია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პიროვნული რეიტინგი კი 76 პროცენტი, მაშინ როდესაც, წინა კვლევაში მას 87,76 პროცენტი ჰქონდა.

რაც შეეხება პარტიული კვლევის შედეგებს, კითხვაზე - ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? - გამოკითხულთა 56 პროცენტი აცხადებს, რომ ხმას კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მაგრამ კითხვაზე - კოალიციაში შემავალმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა ცალ-ცალკე რომ მიიღონ, ვის დაუჭერდით მხარს? - გამოკითხულთა 40 პროცენტი აცხადებს, რომ პარტია „ქართულ ოცნებას“, 12 პროცენტი მხარს „თავისუფალ-დემოკრატებს“ დაუჭერდა, 13 პროცენტი „რესპუბლიკელებს“, 3 პროცენტი „კონსერვატორებს“, 2-2 პროცენტი კი „მრეწველებსა“ და „ეროვნულ ფორუმს“. აღსანიშნავია, რომ ამ კითხვაზე გამოკითხულთა 16 პროცენტი აცხადებს, რომ ხმას არავის მისცემდა, 14 პროცენტს კი გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

კვლევაში ასევე დასმული იყო კითხვა მეორად არჩევანთან დაკავშირებით და გამოკითხულთა 15 პროცენტი აცხადებს, რომ ხმას მეორადად „თავისუფალ-დემოკრატებს“ მისცემდა, 14 პროცენტი ამბობს, რომ მხარს „რესპუბლიკელებს“ დაუჭერდა, 9 პროცენტი პარტია „ქართულ ოცნებას“, 5 პროცენტი „კონსერვატორებს“, 3-3 პროცენტი კი „ეროვნულ ფორუმსა“ და „მრეწველებს“.

IRI-ის კვლევებით ასევე ირკვევა კოალიცია „ქართული ოცნების“ რეიტინგები რეგიონების მიხედვით. კერძოდ, კვლევებით, კოალიაციას თბილისში მხარს გამოკითხულთა 51 პროცენტი უჭერს, კახეთში - 59 პროცენტი, შიდა ქართლში -55 პროცენტი, ქვემო ქართლში - 46 პროცენტი, სამცხე-ჯავახეთში - 58 პროცენტი, აჭარაში - 60 პროცენტი, გურიაში - 83 პროცენტი, სამეგრელოში - 51 პროცენტი, იმერეთში - 64 პროცენტი, მცხეთა-მთიანეთში - 61 პროცენტი.

შეგახსენებთ, რომ IRI-ის პარტიული კვლევების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს მიეწოდათ. ისიც მხოლოდ საკუთარი რეიტინგები.