„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზების შესწავლის მიზნით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, რაც უმრავლესობამ არ გაიზიარა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, საკანონმდებლო ორგანომ კომისიის შექმნა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
პარლამენტი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე სამი საათის განმავლობაში მსჯელობდა და ზაქარია ქუცნაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც საკითხის ინიციატორი იყო, კენჭისყრის ორი-სამი კვირით გადადება შესთავაზა, თუმცა, უმცირესობამ მისი წინადადება არ გაიზიარა და საკითხი 28 მომხრე ხმით 7-ის წინააღმდეგ ჩავარდა.
ოპოზიციონერი დეპუტატის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ოჯახის წევრები შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებაში პროკურორებს ადანაშაულებენ და იმის ნაცვლად, რომ პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისია შეექმნა და გამოძიებაზე კონტროლი განეხორციელებინა, პირიქით, დავალებები ბადაშვილის უწყებისგან მიიღო.
„ჩვენი ოპოზიცია გვადანაშაულობდა, რომ პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებზე პარლამენტი სათანადო რეაგირებას არ ახორციელებდა. არჩილ კბილაშილი ამობობდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლას გარდაცვლილ გირგვლიანს და რობაქიძეს უნდა ვუმადლოდეთ. ეს განცხადება ამორალური იყო, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება შეიცვალა, მოწმეების წამება და ტანჯვა კვლავ გრძელდება“, - განუცხადა for.ge-ს თაქთაქიშვილმა.
კანონმდებელის შეფასებით, ეკა ბესელია, რომელმაც პროკურატურაზე კონტროლი უნდა განახორციელოს, პირიქით, პროკურატურასთან პირდაპირ სატელეფონო ხაზზეა.
„ბესელია დავალებას მათგან იღებს - თუ რა ტექსტით გამოვიდეს. უმრავლესობა თანამონაწილეა ბადაშვილის უწყებაში გამეფებული უკანონობის, რომლის შედეგი ნაწამები მოწმეებია. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება შეიცვალა საქართველო წინ არ მიდის და პარლამენტი მთავარ პროკურატურაზე კონტროლს რომ უნდა ახორციელებდეს, პირიქით, მისგან დავალებას იღებს“, - აღნიშნა თაქთაქიშვილმა, რომლის პათოსსაც იზიარებს გივი თარგამაძე.
ოპოზიციონერის ცნობით, თათუხაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა.
მისი თქმით, თათუხაშვილის წამებაში მხილებული პროკურორები - ძნელაშვილი და გილაური საქმეს ჩამოცილებულნი არ არიან.
„პროკურატურას პარლამენტი კი არ აკონტროლებს, არამედ პირიქით. პროკურატურიდან პარლამენტის სხდომის კონტროლი ხდება. მათ შესაბამის პრეს-მდივნად ბესელია ჰყავთ ქცეული, რომელსაც მასალები გადასცეს. პროკურატურა ყველა სივრციდან გასულია და ეს არის ყაჩაღური დაჯგუფება, რომელიც ყოველგვარი ფარგლებს გარეთ მოქმედებს. ვინ მიიყვანა ომის გმირი და ოფიცერი სიკვდილამდე, ამაზე პასუხისმგებლობა უმრავლესობას დაეკისრება“, - აღნიშნა თარგამაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „ნაციონალურ მოძრაობა“ პოპულიზმში დაადანაშაულა და დაანონსა, რომ თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით, კომიტეტის საგანგებო სხდომა დღეს გაიმართებოდა, რომელსაც პროკურორის პირველი მოადგილე დაესწრებოდა.
უმრავლესობის წევრის ინფორმაციით, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურასთან შეთანხმებით, სხდომაზე ვიდეომასალის ჩვენებაც მოხდებოდა.
„სამწუხაროდ, ნაციონალებმა არაკვალიფიურად და არადროულად დააყენეს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. კომისიის შექმნის საკითხი მაშინ დგება, როცა გამოძიება ჩიხში შედის, ან სრულ ნდობას კარგავს. ძალიან ბევრი ფაქტობრივი მასალა არსებობს და გამოძიების დასრულებამდე, საკითხის წამოჭრა ნაციონალების მხრიდან პოპულიზმია“, - განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატების გარდა, თათუხაშვილის საკითხზე განცხადებები პროკურატურაშიც გაკეთდა და გამოძიების საქმეში არსებული გარემოებები გასაჯაროვდა. ბადაშვილის უწყების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არ არის დასრულებული და ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რომელიც აჩვენებს სურათს თუ რა გახდა სიკვდილის მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ შალვა თათუხაშვილი დათა ახალაიას, კერძოდ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე პორკურატურის ერთ-ერთი მოწმე იყო. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 24 მარტს გავრცელდა. ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა შალვა თათუხაშვილის ცხედრის ფოტოსურათებიც გაავრცელა, რომელზეც დაზიანებები აღინიშნება. არსებული ინფორმაციით, შალვა თათუხაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. ოჯახის წევრების განცხადებით, მასზე, სასურველი ჩვენების მოპოვების მიზნით, გამომძიებლებისგან ზეწოლა განხორციელდა.