უკრაინის განსაცდელი და ახალი პოლიტიკური რეალიები (წერილი მეოთხე)

უკრაინის განსაცდელი და ახალი პოლიტიკური რეალიები (წერილი მეოთხე)

სადღეისოდ რუსეთს იმედი აქვს ჩინეთთან ურთიერთობის საგრძნობლად დათბობისა აშშ-ს სტრატეგიული მიზნების საზიანოდ და შუა აზიის რესპუბლიკებში ჩინეთის ზეგავლენის ერთგვარად გასანეიტრალებლად. ცხადია, რომ შუა აზიაში ამ მისთვის არასასურველ გავლენას რუსეთი ჩინეთთან მხოლოდ კეთილმეზობლური სამოკავშირეო ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში მოახერხებს.  მან ამ მიზნით უნდა გამოიყენოს შანხაის ორგანიზაცია და სხვა სტრუქტურები. ჩინეთთან უშუალო კონკურენციის გზას რუსეთი ვერ დაადგება. ამიტომ მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ამერიკის საგარეო პოლიტიკური ვექტორის მიმართულება (აზია-წყნარი ოკეანის აუზისაკენ) უცვლელი დარჩეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოისურვებს ჩინეთი რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას (თუნდაც სუბორდინაციის მკაცრი დაცვით). თუკი იმავდროულად აშშ-ს შეიარაღებული ძალები დატოვებენ რუსეთის მიმდებარე რეგიონებს ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში, რუსეთს გაუჩნდება მეტ-ნაკლებად რეალური შანსი საკუთარი ტერიტორიებისათვის უსაფრთხოების სარტყლის შემოვლებისა რაიმე ფორმით. სხვა შემთხვევაში ეს წამოწყება განწირული ჩანს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჩინეთი აუცილებლად და უპირობოდ შეეწინააღმდეგება უკრაინის დანაწევრებას, საკუთარ ტერიტორიაზე არსებული მსგავსი პრობლემების გამო ტიბეტსა და სინძიან-უიღურეთში.

რუსეთის პოლიტიკური აგრესია უკრაინაში უკიდურესად შეაშფოთებს ყაზახეთისა და ბელორუსიის ხელმძღვანელობას, ვინაიდან ამ ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასაც სერიოზული პრობლემები მოელის უკრაინის დაქუცმაცების სცენარის შემთხვევაში. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება ჩრდილოეთ ყაზახეთი და აღმოსავლეთ ბელორუსია (ვიტებსკისა და გომელის ოლქები). უკრაინის მძიმე ხვედრში ამ ქვეყნების მმართველები საკუთარი ქვეყნების სავალალო ბედს განჭვრეტენ და რადიკალურად გადახედავენ საკუთარ  პოლიტიკურ კურსს (აქამდე ოფიციალურად ევრაზიულს).

მაშასადამე, თუკი რუსეთი ნამდვილად წავა უკრაინის ტერიტორიულ დაქუცმაცებაზე და ამ ტერიტორიების რუსეთის სახელმწიფოში ოფიციალურ ინკორპორაციაზე, ეს ნიშნავს შემდეგს:

1. მას მოუწევს ქმედება კონსოლიდირებული დასავლეთის პირისპირ და მკაცრი სანქციების პირობებში;

2. რუსეთის უშუალო სიახლოვეს გაჩნდება დესტაბილიზაციის დიდი სივრცე (რუსეთ-უკრაინის საზღვართან);

3. მას გაურთულდება ურთიერთობა ჩინეთთან და შუა აზიის სახელმწიფოებთან;

4. მან საბოლოოდ უნდა თქვას უარი ევრაზიულ კავშირზე და სადავო ტერიტორიების ინკორპორაციის პრობლემურ და სახიფათო სცენარზე გადავიდეს. ამ სცენარის ცხოვრებაში გატარება ნაკლებად მოსალოდნელი ჩანს. თუმცა, ცხადია რომ ამ სცენარის ამოქმედების შემთხვევაში რუსეთი ცხინვალის რეგიონს მომენტალურად მიიერთებს, ხოლო მოგვიანებით, აფხაზეთსაც.

ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში ყველაფერი ნათელია და ზედმეტი კომენტარი საჭირო არ არის. აფხაზეთთან მიმართებაში კი რუსეთს დასჭირდება გარკვეული დრო „დამოუკიდებლობის პარტიის“ მოსათოკად და ინკორპორაციის ოპერაციის უმტკივნეულოდ ჩასატარებლად. თუმცა თუ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გავითვალისწინებთ, ამ მიზნის დროულად მიღწევა მას არ უნდა გაუჭირდეს. ვფიქრობთ, რომ ამ განზრახვით ის ეფექტურად გამოიყენებს რაულ ხაჟიმბას  და მის დაჯგუფებას. როგორც ჩანს დასავლეთიც მეტ-ნაკლებად შესაძლებლად მიიჩნევს მოვლენათა ამგვარ განვითარებას. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ გაეროს მიერ აფხაზეთის ფინანსური დახმარება და შესაბამისი განცხადებები.

ასე რომ რუსეთისათვის ვითარება რთული იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ქვეყანა მიაღწევს თავის მიზანს უკრაინის ტერიტორიულ დანაწევრების თაობაზე. ყველა შემთხვევაში რუსეთს სერიოზული და სახიფათო (უპირველეს ყოვლისა მისთვის) არჩევანის გაკეთება მოუწევს. თუმცა შეიძლება დავსვათ რიტორიკული შეკითხვა: ვისთვის იქნება იოლი შემნილი მდგომარეობა?

პოლიტიკური გროტესკი და სადღეისო რეალობა

რუსეთის სისუსტე და იმავდროულად სხვებისთვის სახიფათო ქცევის წესი იმაშია, რომ ისტორიული პროცესების მთელი სირთულე და ცხოველმყოფელობა მას პრინციპში ერთ არგუმენტზე დაჰყავს - ჩემი თოფი შენსაზე უფრო გრძელია, ამიტომაც უპირობოდ უნდა დამემორჩილო. ამის შემდეგ კი რუსულ ელიტას გულწრფელად უკვირს - ასეთ რკინის არგუმენტს როგორ ვერ ხედავთო. სიტუაციის პოლიტიკური და ადამიანური აბსურდულობის ნათელსაყოფად ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ პოლიტიკურ გროტესკს თავისი უცნაური ლოგიკაც აქვს (ყველა ნამდვილი გროტესკის მსგავსად) და ეს ლოგიკა ასეთია - რუსეთს სევასტოპოლის სამხედრო ბაზაზე კონტიგენტის ზღვრული ოდენობა (დაახლოებით 20 000-იანი გარნიზონის განლაგების უფლებით) თავის დროზე მთლიანად არ შეუვსია. როცა რუსთა 2 000-მა კოლონამ უკრაინის საზღვარი გადალახა და სევასტოპოლისკენ დაიძრა, ფორმალურად რუსეთს ეს შეთანხმება  არ დაურღვევია. მერე რა, რომ „აღშფოთებულმა“ ჯარისკაცებმა მოახდინეს შესაბამისი სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება. ეს რუსეთის კი არა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ბრალია. ამ ქვეყანამ ხომ ძალით დაამხო კანონიერად არჩეული  პრეზიდენტი და, მაშასადამე, თავად დაუდო სათავე  არეულობას. სინამდვილისა და ფანტასტიკის ასეთი უცნაური, შემზარავი ნარევი არის სწორედ გროტესკი. იგი ლიტერატურასა და ხელოვნებაშიც რთული მოვლენაა და მასში გარკვევა სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს (ხელოვნებაში გროტესკის არსის გახსნას დიდი ძალღონე შეალია ცნობილმა ქართველმა მოაზროვნემ ზურაბ კაკაბაძემ და ძალზე წარმატებითაც).

ისტორიამ საკმარისად შემოგვინახა რეალპოლიტიკური გროტესკის მაგალითები და სულაც არ არის საჭირო მისი შეუფასებლობა. ხშირად, ძალიან ხშირად, ის იმარჯვებს კიდეც ანდა სერიოზულ ზიანს აყენებს ცხოვრებას. როდესაც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ხელმძღვანელობის და მისი მეთაურის არაადეკვატურობის გამო, მას სამედიცინო ან ფსიქოლოგიური დასკვნა კი არ მოუცია, არამედ სავსებით რეალურ პოლიტიკურ საფრთხეზე მიუთითა.

პოლიტიკური გროტესკის  კიდევ ერთი ნიშანი არის მისი მიდრეკილება აგრესიისა და ძალისმიერი მოქმედებისაკენ. რაც უფრო მეტია სახელმწიფოს მოქმედებაში გროტესკული ელემენტები, მით უფრო მოსალოდნელია, რომ იგი ნაკლებ ანგარიშს გაუწევს რეალობას და ძალისმიერ სცენარებს აამოქმედებს. სწორედ ასეთ ქვეყნად გვევლინება ამ ეტაპზე რუსეთი. ეს გარემოება რამდენჯერმე ზრდის უკრაინის კრიზისის საფრთხეებს.

უკრაინის კრიზისის ფარული საფუძვლები

ჩვენი წერილის ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იყო გვეჩვენებინა, რომ უკრაინაში შექმნილი დრამატული ვითარების საფუძვლები მრავალმხრივია. იგი მოიცავს როგორც თავად უკრაინაში შექმნილ ვითარებას (როცა ქვეყანაში არ იყო გამომუშავებული კონსენსუსი პოლიტიკური ცხოვრების მაგისტრალური ხაზის შესახებ), ისე თავად ამ ქვეყნის მმართველი ჯგუფის სერიოზულ შეცდომებს (როგორც ქვეყანაში შექმნილი ვითარების შეფასების თვალსაზრისით, ისე მოქმედების მეთოდებსა და წესების არჩევანის აზრით). უკრაინული პრეცედენტის შექმნაში ლომის წილი მიუძღვის რუსეთის აქტიურ ზეგავლენას უკრაინის ხელისუფლებაზე უშუალოდ ვითარების დაძაბვისწინა პერიოდში. კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა აიღო რუსეთმა უკრაინაში ძალისმიერი სცენარის ჩართვით. შექმნილი ვითარების გამო სერიოზულია კონკრეტულად ევროკავშირის და საერთოდ დასავლეთის პასუხისმგებლობაც.

ამჯერად, ჩვენ შევეცდებით პასუხი გავცეთ ერთ ძალზე მნიშვნელოვან შეკითხვას, რომელზედაც ნაწილობრივ ზემოთაც მივანიშნეთ. ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ უკრაინაში არ არსებობდა კონსენსუსი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური არჩევანის გარშემო (დასავლეთი თუ ევრაზიული კავშირი?). მაგრამ ეს მსჯელობა მთლად კორექტული არ არის. უკრაინულ საზოგადოებაში არსებობდა ერთი პოლიტიკურად მკვეთრად არტიკულირებული არჩევანი, რომლის გარშემოც უკრაინის მოქალაქეები აპირებდნენ კონსოლიდაციას: ევროკავშირი - კი, NATO - არა. მაშ რატომ აღმოჩნდა შეუძლებელი კონსოლიდაცია ამ დევიზის ირგვლივ? იმიტომ, რომ ისტორიის ამ ეტაპზე თავად ეს ალტერნატივა არარელევანტური აღმოჩნდა. რა არის ამის მიზეზი და რა შედეგები მოჰყვება მას?

ცხადია ამ გარემოების ერთი უმთავრესი მიზეზი არის რუსეთის აგრესიული პოლიტიკა. იგი ფაქტიურად შეუძლებელს ხდის ევროპულ არჩევანს იზოლირებულად, ატლანტიკური არჩევანის გარეშე. მაგრამ მარტო ამ გარემოებაზე მითითება საკმარისი არ არის. ყოველივე ზემოთქმულს არანაკლებ განაპირობებს ევროკავშირის სისუსტეც. აქ საქმე მხოლოდ იმ შეცდომებში კი არ არის, რომელიც ამ გაერთიანებამ დაუშვა უკრაინის მიმართ. უაღრესად მნიშვნელოვანია ისიც, რომ უმთავრეს საკითხებზე (მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის მიმართ პოლიტიკის თვალსაზრისით) კონსენსუსი თვით ამ გაერთიანების შიგნით არ არის და, როგორც ჩანს, აქამდე არც ყოფილა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროკავშირს თავად აკლია კონსოლიდაცია და ერთიანი პოზიცია არა აქვს უმთავრეს პრობლემებთან დაკავშირებით. რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობაც ევროკავშირს უყურებს არა როგორც სერიოზულ დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშეს, არამედ როგორც აშშ-სა და NATO-ს ფორპოსტს. ამიტომაც მასთან აქვს ინტენსიური ეკონომიკური ურთიერთობა, თუმცა როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკურ აქტორს მას სერიოზულად არ განიხილავს და მართალიც არის ამაში.

ამ მიზეზითაც არის, რომ რუსეთში გააქტიურებულია ყველა პოლიტიკური და სტრატეგიული ფობია. მას არ სჯერა, რომ არსებობს ევროპული არჩევანი როგორც ასეთი, იზოლირებულად NATO-ს გარეშე და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა ეს ვითარება საქვეყნოდ ცხადი გახადოს. ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინული ეპოპეა შეუძლებელს ხდის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას ნეიტრალიტეტის პირობით. ამ ქვეყანაში ბოლო დროს შექმნილი ვითარება ნეიტრალიტეტს როგორც ნორმალურ ევროპულ არჩევანს სპობს, ამ ეტაპზე მაინც.

ეს გარემოება ძალზე სამწუხაროა თავად ევროკავშირისათვის. მაგრამ ამასაც რომ თავი გავანებოთ, ეს ნიშნავს, რომ უკრაინული ეპოპეის შემდეგ გარდაქმნები ევროპულ სივრცეში უმეტესწილად ძალისმიერ სცენართან იქნება დაკავშირებული. ამიტომ, ვფიქრობთ, შეცდომას უშვებს ყველა ის ანალიტიკოსი და პოლიტიკოსი, ვინც ვითარების დამშვიდების შესაძლებლობას უკრაინის ნეიტრალიტეტში ხედავს. ნეიტრალიტეტი თავისთავად, სამხედრო კომპონენტის გარეშე, ამ ეტაპზე შეუძლებელი ჩანს. ფინეთის მაგალითი (რომელიც საფუძვლად უდევს ე.წ. ფინეთიზაციის პროექტს და რომელსაც ემხრობიან ისეთი ავტორიტეტები, როგორებიც არიან ზ.ბჟეზინსკი და ჰ.კისინჯერი) კორექტული არ უნდა იყოს, ვინაიდან ნეიტრალიტეტის მისაღწევად ამ ქვეყანას დასჭირდა რუსეთთან ორი (!) ომი (თანაც მეტ-ნაკლებად წარმატებული). ამ ომში ფინეთმა დაკარგა საკუთარი ტერიტორიის მოზრდილი ნაწილი (როგორც ეხლა ჩანს, სამუდამოდ), და ესეც არ იქნებოდა საკმარისი, მეორე მსოფლიო ომი რომ არ განვითარებულიყო იმ ისტორიული სცენარით, რომელიც რეალიზებულ იქნა (და ეს სცენარი სულაც არ იყო ფინეთზე დამოკიდებული).

სხვათა შორის, ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი თანამოაზრეები, რომლებიც 2008 წლის ომთან დაკავშირებით ფინეთის მაგალითზე აპელირებდნენ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ამ ქვეყნის მიერ ტერიტორიების დაკარგვაზე და მისი მხრიდან ამ ფაქტის აღიარებაზე მიუთითებდნენ. ანალოგია საკმაოდ იოლად საცნობი და მრავლისმეტყველი იყო (სწორედ ეს არის ფინეთიზაციის რეალური პოლიტიკური ფასი).

ასე, რომ უკრაინული კონსოლიდაციის ფორმულის (NATO - არა, ევროკავშირი - კი) არაქმედუნარიანობა  ნაკლებად არის თავად უკრაინის ბრალი. ეს დასავლეთის სერიოზული შეცდომების ბრალი უფროა. ეხლა კი ვითარება იმგვარია, რომ დიდია ძალისმიერი სცენარების ამოქმედების ხვედრითი წილი და მაშასადამე, მნიშვნელობაც. შესაძლოა, სწორედ ეს არის ერთერთი სერიოზული გეოპოლიტიკური დასკვნა, რომელიც უკრაინული მოვლენებიდან უნდა გავაკეთოთ.

შექმნილი ვითარების დაძაბულობის დონის გასათვალისწინებლად უნდა მივუთითოთ კიდევ ერთ სამხედრო-პოლიტიკურ გარემოებაზე, რომელიც აშკარა გახდა სწორედ უკრაინული კრიზისის პირობებში. 1994 წლის ბუდაპეშტის შეთანხმების შესაბამისად, უკრაინის მიერ ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ, აშშ, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი გამოვიდნენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტორად. 2014 წლის თებერვალ-მარტის მოვლენების შემდეგ რუსეთმა, იმ არგუმენტით, რომ ბუდაპეშტის ეს ხელშეკრულება რატიფიცირებული არ ყოფილა, უარი განაცხადა მის შესრულებაზე. შექმნილი ვითარება ნათელს ხდის, რომ სამხედრო-სტრატეგიული არგუმენტის გარეშე ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული არ არის. თანაც გამოთქმა „სამხედრო-სტრატეგიული არგუმენტი“ უპირატესად ბირთვულ ქოლგას გულისხმობს. თავი რომ დავანებოთ პრესტიჟის საკითხებს (რუსეთმა საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო აშშ და დიდი ბრიტანეთი. აჩვენა, რომ ეს ქვეყნები ვერ ასრულებენ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპისა და მსოფლიო უსაფრთხოების გარანტიებს), ცხადი გახდა, რომ ნეიტრალიტეტი, როგორც პოლიტიკური და, თუ გნებავთ ფილოსოფიური პრინციპი, ქვეყნებისათვის შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. უნდა ვაღიაროთ, რომ სავსებით გამართლებული აღმოჩნდა ის მიდგომები, რომელსაც იყენებენ ჩრდილოეთ კორეა და ირანი. მართლაც სახელმწიფოები, რომლებიც ბირთვულ ქოლგას სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით ვერ მოიპოვებენ, შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა ცდილობდნენ დამოუკიდებლად გადადგან სერიოზული ნაბიჯები ამ მიმართულებით. სხვა გამოსავალი არ ჩანს.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს შექმნილი ვითარება ძალიან მოგვაგონებს ევროპაში 20-ე საუკუნის 30-იანი წლების მეორე ნახევარისთვის შექმნილ ვითარებას, როცა ცხადი გახდა, რომ ვერსალის სისტემა კლასიკური ფორმით ვეღარ შენარჩუნდებოდა და დაიწყო მოქმედება ამ სისტემის მშვიდობიანი რეკონსტრუქციისათვის. მაშინ ეს მცდელობა კრახით დასრულდა. დღეს ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს 1989-92 წლებში შექმნილი საერთაშორისო სისტემის შეცვლის პროცესი. დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ იგი მშვიდობიანად დასრულდეს, თუმცა ალბათ კარგად ახსოვს ძველი გაკვეთილებიც. რუსეთი არ არის უკეთეს მდგომარეობაში. საკუთარი სიტყვა ჯერ არ უთქვამთ ჩინეთს და სხვა ქვეყნებს. ვნახოთ რა მოხდება.

სხვადასხვა ისტორიულ, გეოპოლიტიკურ, ეთნოპოლიტიკურ და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორთა გამო სწორედ უკრაინა აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელმაც გვაუწყა ევროპაში (და შესაძლოა, მსოფლიოში) გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციების ახალი, გაცილებით უფრო რთული და ფეთქებადსაშიში ეტაპის დაწყება.

ჩვენ კიდევ ერთხელ მივუთითებთ, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ყველაზე იმედისმომცემი მომენტი არის უკრაინელი ხალხის მიერ არჩეული თავშეკავება და მშვიდი მოქმედების სტრატეგია. მთავარი დილემა, რომლის გადაწყვეტას დომინანტური მნიშველობა ექნება მოვლენათა შიდაუკრაინული  განვითარებისათვის, შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: ეყოფა კი უკრაინელ ხალხს ძალა მოგვევლინოს ერთიან, შეკრულ ერად, რომელმაც გააკეთა თავისი პოლიტიკური არჩევანი და ამ ლაიტმოტივზე შექმნას ეროვნული თავისუფლების სიმფონია. რა მსხვერპლზე არის წამსვლელი ეს ხალხი ამ რთულ გზაზე. ვინ და რამდენად ეფექტურად გაუწვდის მას ხელს ამ გადამწყვეტ მომენტში და როგორი იქნება სამყარო ამ გზის გავლის შემდეგ.

ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდება ის მსხვერპლი, რომელიც ორმა ქართველმა გაიღო კიევის ქუჩებში. ეს ორი შეწირული სიცოცხლე გაცილებით უფრო მეტს გააკეთებს ახალი უკრაინისა და საქართველოს მეგობრობისათვის, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება, რომლის მიღებაც საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციამ ერთობლივად მაინც ვერ მოახერხა.