ვარშავაში საგანგებო ნომრის ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნა

ვარშავაში საგანგებო ნომრის ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნა

დღეს, პოლონეთის ქალაქ ვარშავაში, საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიური კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებიან. ყოველწლიური კონფერენცია ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, დემეტრიოს პიროსმა, გახსნა.

„მნიშვნელოვანია, საქართველოს „112“-ის მონაწილეობა საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიურ კონფერენციაში. წელს საქართველოს დელეგაციას წილად ხვდა უპირატესობა, წარდგეს კონფერენციის მონაწილე 44 ქვეყნის წინაშე, როგორც ერთ-ერთი სპიკერი ქვეყანა. ასევე, აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნის სტენდის გვერდით განთავსებულია საქართველოს „112“-ის წარმომადგენლობითი სტენდი. სტენდი საშუალებას აძლევს კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას, გაეცნოს ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ პრომო მასალასა და სამუშაო პროგრამას (ERC), რომელშიც მუშაობენ „112“-ის ოპერატორები.“ - განაცხადა გახსნითი სიტყვით გამოსვლისას დემეტრიოს პიროსმა.

ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1999 წელს შეიქმნა ბრიუსელში. ასოციაციის მიზანია, ევროპის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების  ერთიანი  ნომრის - 112-ის დანერგვა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ეფექტური მუშაობისთვის ხელის შეწყობა. 2013 წლის 3 სექტემბრიდან საქართველოს „112“ ამ ორგანიზაციის წევრია.