„ომარია, ღუზის ჩაშვება არ დაგავიწყდეს, ღუზის!“

„ომარია, ღუზის ჩაშვება არ დაგავიწყდეს, ღუზის!“

რას გეუბნებათ, სახელი და გვარი ომარ ნიშნიანიძე? - ალბათ არაფერს, მაგრამ ის საქართველოს პარლამენტის წევრია, რომელიც კანონებს არც ამზადებს, არც კითხულობს და მერვე მოწვევის პარლამენტში მისი დანიშნულება დაძაბულობის შექმნა, კულუარების გამომზეურება და ნაციონალების გამოწვევაა.

პარლამენტის ტრიბუნასთან „ამხტარ-დამხტარი“ ნიშნიანიძე შეიძლება ვინმეს ნანახი ჰყავდეს, მაგრამ მისი იდეა, რომ ქუთაისი საპორტო ქალაქი უნდა გახდეს, მხოლოდ ქუთაისელებმა იციან. ასევე ქუთაისელებმა იციან ისიც, მის მიერ ინიციატივის გაჟღერებას თუ რა მოჰყვა - ერთ-ერთი ტელევიზიიდან სახლში მისულ ნიშნიანიძეს მეზობელმა გადმოსძახა „ომარია, ღუზის ჩაშვება არ დაგავიწყდეს, ღუზის!“.

ომარ ნიშნიანიძემ ღუზის ჩაშვება და საპრეზიდენტო არჩევნების დროს, თერჯოლაში მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბში საკუთარი კადრების დასაქმება ვერ შეძლო, მაგრამ მას კარგად გამოუვიდა კოალიციიდან კულუარების გამოტანა და დავით საგანელიძის გაკიცხვა. ნიშნიანიძე უმრავლესობის ლიდერს იმის გამო დაუპირისპირა, რომ ის თერჯოლაში გიორგი მარგველაშვილის შტაბის ხელმძღვანელად არ დანიშნა.

15 ივნისს თვითმართველობის არჩევნებია დანიშნული და ეტყობა, ომარ ნიშნიანიძეს შტაბის ხელმძღვანელობის სურვილი ისევ გაუჩნდა, რადგან ბოლო პერიოდში ის „ჭიქაში ქარიშხლის“ მოწყობით არის დაკავებული. კომიტეტებში, სადაც ქვორუმის პრობლემაა და კვოტა აკლიათ, იქ ომარ ნიშნიანიძე ჩნდება და თუ მას თვალსაწიერში ნაციონალი მოხვდა, მის გამოწვევას იწყებს. ნაციონალები რომ გასაკიცხები და გასაკრიტიკებლები არიან, ამაში ნოვაცია არაფერია, მაგრამ გააჩნია იმას, ომარ ნიშნიანიძე დავი-დარაბას რისთვის ტეხს. მხოლოდ თავის გამოჩენის და პრესაში მისი სახელის და გვარის გაჟღერების მიზნით. მართალი გითხრათ, for.ge ომარ ნიშნიანიძის დახასიათებით თავს არ შეუწუხებდა, მისდა სამწუხაროდ, რომ არა ერთი ინციდენტი.

დღეს, პარლამენტში გია გაჩეჩილაძე აკაკი ბობოხიძეს დაუპირისპირდა და მათ შორის კამათი სხდომათა დარბაზის გარეთ გაგრძელდა. „მწვანეთა პარტიის“ ლიდერის დაცვის მიზნით, კონფლიქტურ ადგილზე ნიშნიანიძე გაჩნდა. დეპუტატებს შორის არსებულ დაძაბულობას მედია იღებდა, რასაც გაჩეჩილაძის გაღიზიანებული რეპლიკა „მოვიდნენ ესენი“ მოჰყვა. არადა, რამდენიმე წუთის წინ, გაჩეჩილაძე მედიას თავს იმის გამო დაესხა, რომ მას როგორც თბილისში მერობის კანდიდატს არ მოიხსენიებენ. გაჩეჩილაძეს არც ნიშნიანიძე ჩამორჩა და მედიის მისამართით აღნიშნა „ამათ ხომ, მარტო სეირი უნდათ“. ნიშნიანიძის რეპლიკას for.ge გამოეხმაურა და მიმართა „თავად დეპუტატები, რას აკეთებენ პარლამენტში?“. ჩვენი კითხვის საპასუხოდ ნიშნიანიძე დარბაზისკენ გაემართა და კარებში შევლამდე, შეურაცხმყოფელი სიტყვა „წადი შენი...“ მოგვაძახა.

იქედან გამომდინარე, რომ სხდომათა დარბაზში შესვლის უფლება დეპუტატის გარდა არავის აქვს, for.ge ნიშნიანიძეს კაბინეტში ორჯერ ესტუმრა და მას პასუხი მოსთხოვა იმაზე - შეურაცხმყოფელი სიტყვა იყო თუ არა ჩვენი მისამართით ნათქვამი.

ომარ ნიშნიანიძე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თავდაპირველად, თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დააყენა, შემდეგ კი მოხსნა და სიაში ბიძინა ივანიშვილმა ჩასვა, ირწმუნება, რომ მისი რეპლიკა ხათუნა გოგორიშვილს ეკუთვნოდა.

„თქვენ რატომ მოგმართავდით, ამ ფორმით? გიცნობთ და პატივს გცემთ! ხათუნა გოგორიშვილს მივმართე და თქვენ არაფერ შუაში ხართ!“, - მოგვიგო ნიშნიანიძემ, რომელსაც კაბინეტში ორჯერ ვესტუმრე და ორივეჯერ ერთი და იმავე კითხვა დავუსვი - ვის ეკუთვნოდა მისი რეპლიკა.

ნიშნიანიძე ირწმუნება, რომ მე მიცნობს, პატივს მცემს და შეურაცხყოფას არ მომაყენებდა, მაგრამ თავად თუ არის პატივსაცემი ადამიანი და თან დეპუტატი, მაშინ, როდესაც რეპლიკა ჩვენი მისამართით ისროლა, მოგვიანებით უარყო, რადგან სხდომათა დარბაზში, ის როგორც უმრავლესობის წევრებმა, ასევე ნაციონალებმა ჩადენილის გამო გაკიცხეს და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.

და ბოლოს, სამწუხარო ის არის, რომ ომარ ნიშნიანიძის მსგავსი ჩვენს პარლამენტში კიდევ რამდენიმე დეპუტატი მოიძებნება. ისინი ხალხის - ჩვენს ხარჯზე ჯიბეებს ისქელებენ და სანაცვლოდ არაფერს აკეთებენ.