დანაშაულის რეალური ზრდა თუ ესკალაციის მცდელობა

დანაშაულის რეალური ზრდა თუ ესკალაციის მცდელობა

შელაპარაკების ნიადაგზე მკვლელობა წერეთლის გამზირზე, ახალგაზრდის დაჭრა, მოზარდის გაუპატიურების მცდელობა ბათუმში, ფიზიკური დაპირიპირების შემთხვევები, აფთიაქის ძარცვა დიდ დიღომში, პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურის ცემა, - ეს ბოლო 10 დღის განმავლობაში მომხდარი იმ კრიმინალური ფაქტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მედიასაშუალებებმა გააშუქეს. თუმცა, ქვეყანაში დანაშაულის ზრდაზე ან შემცირებაზე მხოლოდ ამ ფაქტებით საუბარი ძნელია, რადგან ბოლო კვირების და თვეების დანაშაულის სტატისტიკის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.

პოლიტიკოსების, სამართლებრივ საკითხთა ექსპერტების და უფლებადამცველების ნაწილი კი კრიმინოგენური ფაქტების გახშირების კონტექსტში ქვეყანაში დაძაბულობის შესაძლო ესკალაციაზე საუბრობს და კონკრეტული შიდა და გარე ძალების ინტერესებზე აკეთებს აქცენტს.

„გარკვეულ გამოცოცხლებებსა და გარკვეულ ფიზიკურ შეხლა-შემოხლას ვხედავთ სხვადასხვა თემის გარშემო. გაცილებით მეტი ყურადღება გვმართებს ახლა, რადგან ეს შეიძლება არ იყოს ინდივიდუალური მოვლენები და ფაქტები და შეიძლება ერთიანი ჯაჭვის რგოლებთან გვქონდეს საქმე“, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა.

დეპუტატის ცემამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე საქართველოში კონტროლირებადი ქაოსის შექმნაზე წერდა „ობიექტივის“ ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი. იგი სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ ვარაუდობს და ხელისუფლებას მეტ ყურადღებას ურჩევს.

„სწორედ ნაცები ქმნიან დღეს ქვეყანაში კონტროლირებად ქაოსს. უფრო სწორად, იწყებენ ამ ქაოსის შექმნას. ბოლო 1 წელია ემზადებიან. მწვანე აანთეს. გადავიდნენ მოქმდებაზე, რაც ქვეყნაში პატარ-პატარა კოცონების დანთებას გულისხმობს. ე.წ. რუსული ორიენტაციის არასამთავრობოებიც ამ მიზნით შექმნეს. ვიღაცამ ხომ უნდა იყვიროს, რომ პუტინი მაგარი კაცია და საქართველო რუსეთს უნდა შეუერთდეს. ისე ვის ეჩხუბონ? ხელისუფლება აშკარად ნატოსა და ევროკავშირის მომხრეა“, - აღნიშნავს ირმა ინაშვილი.

პროვოკაციების დაგეგმავასა და პროვოკაციული ფაქტების გახშირებაზე საუბრობს უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძეც და ნათქვამის დასტურად პრორუსული და ანტირუსული აქციების მონაწილეებს შორის დაპირისპირების გახშირებულ ფაქტებს ასახელებს.

„ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტი, არსობრივად, რა თქმა უნდა, არის დასაგმობი და სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს ვანდალური აქტი დროულად უნდა გამოიძიონ. მეორე მხრივ, გამოძიება არ უნდა გამორიცხავდეს, რომ შესაძლოა, თავად „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევდეს ხელს მსგავსი ტიპის პროვოკაციული ქმედების ინსცენირება. ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ბოლო დროს პრორუსული და პროდასავლური ძალების ურთიერთდაპირისპირების საკმაოდ ხელოვნურად დადგმულ სცენებს, რაც არის გულისამრევი. ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ხელოვნურად ხდება კონკრეტული თემების გარშემო ახალგაზრდების დარაზმვა, რომლებიც ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. ეს ყველაფერი მიუღებელია და ხელისუფლებისგან სათანადო ყურადღებას საჭიროებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე.

სამართლებრივ საკითხთა ექსპერტი კახა კახიშვილი კი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინალური შემთხვევების ზრდა, შესაძლოა, რამდენიმე ფაქტორს უკავშირდებოდეს.

„მხოლოდ მშრალი ფაქტებით ვერ ვისაუბრებთ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაციის გამწვავების ტენდენციაა, თუმცა, პროცესებს რამდენადაც ვაკვირდები, ბოლო პერიოდში, სიტუაცია ამ მხრივ გაუარესდა, რასაც ლოგიკური ახსნაც შეიძლება ჰქონდეს. ობიექტური ჭეშმარიტებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, როდესაც ფართო ამნისტიის შედეგად გამოდიან ადამიანები ციხიდან, შესაძლებელია, კრიმინალური ფაქტების ზრდა მათმა გააქტიურებამაც გამოიწვიოს. მეორე მიზეზი შესაძლოა იყოს მძიმე სოციალური პირობები და აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტორი - თუ მხოლოდ იმას დავეყრდნობით, რომ ტელევიზიაში ბოლო დღეებში კრიმინალური შემთხვევის მეტი ფაქტი გამოჩნდა, უნდა გავითვალისწინოთ ტელევიზიაში მოქმედი ტექნოლოგიები - შესაძლოა, წლების განმავლობაში „ვერ ხედავდნენ“ და ახლა „დაინახეს“, - განუცხადა for.ge-ს კახა კახიშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომ ქვეყანაში სიტუაციის გამწვავება შესაძლოა მიზანმიმართულად ხდებოდეს, თავად ხელისუფლების დასადასტურებელია და შესაბამისმა ორგანოებმა მსგავსი ფაქტები სათანადოდ უნდა გამოიძიონ.

„თუ ვინმეს მიზანმიმართულად სურს იმის წარმოჩენა, რომ ხელისუფლება სიტუაციას ვერ აკონტროლებს, ეს თავად ხელისუფლებამ უნდა დაადასტუროს გამოძიების შედეგად. ამგვარ ჯაჭვს და ასეთი ტიპის მოქმედებებს ჰქვია დანაშაულებრივი მოქმედებები და ამას სჭირდება გამოძიება.

საქართველოში მუდმივად არის საფრთხე, რომ დესტაბილიზაციის პირობებში ვიღაცამ მიაღწიოს პოლიტიკურ ამოცანას და შედეგს, ან დასახოს კონკრეტული პოლიტიკური გეგმები. ამიტომაც, ჩემი აზრით, ყოველთვის საჭიროა ფრთხილი დამოკიდებულება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს კონტროლის, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნების ყველა ბერკეტი გააჩნია ხელისუფლებას და, სწორედ, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში სიმშვიდე“, - განმარტავს კახა კახიშვილი.

ექსპერტი აცხადებს, რომ სახელისუფლებო ბერკეტები იძლევა საშუალებას, ზუსტად გაანალიზდეს როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეები და ქვეყანაში ამისთვის სპეციალური სამსახურებიც არსებობს.