ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრ ჟანინ ჰენნის-პლასხარტთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს და თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. გამოთქვეს იმედი, რომ სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი გახდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოში განხორციელებული ვიზიტის გამო. მან მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის ცალსახა მხარდაჭერისთვის.
საუბარი შეეხო ნიდერლანდების სამეფოს მხრიდან საქართველოსადმი დახმარების მნიშვნელობას ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიც არის: კანონის უზენაესობის განმტკიცება და ადამიანთა უფლებების პატივისცემა, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობა, სამშვიდობო პროცესების განმტკიცების ხელშეწყობა, მმართველობის გაუმჯობესება, სიღარიბის დაძლევა.
როგორც შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ნიდერლანდების სამეფო საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობით ერთ-ერთი ლიდერია.
შეხვედრას დაესწრნენ ნიდერლანდების სამეფოს დელეგაციის წარმომადგენლები: პოლიტიკურ საქმეთა დირექტორი ვიმ ბარგერბოსი, შტაბის უფროსის თანაშემწე საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის სფეროში, ბრიგადის გენერალი ტოინ ბოიკერინგი, სპიკერი საშა ლოუჰოფი, საზღვაო ძალების მაიორი ვოუტერ დე იონგი, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰანს პოლ მარია ჰორბახი, საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი რობერტ გერდესი. საქართველოს მხრიდან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში შოთა ღვინერია.