„საქართველოსთვის პროგრესის ანგარიშის მომზადება ივნისამდე გაგრძელდება“

„საქართველოსთვის პროგრესის ანგარიშის მომზადება ივნისამდე გაგრძელდება“

ბრიუსელში, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის საქართველოსთან ურთიერთობას განიხილავენ. ამ შეხვედრაზე მთავარი თემები იქნება ნატო-ს უკრაინისადმი მხარდაჭერა და ალიანსის რუსეთთან ურთიერთობები. ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. 

ბრიუსელში, საქართველო-ნატო-ს კომისიის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საუბარი იქნება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და იმ პერსპექტივებზე, რომელიც საქართველოს აქვს ნატო-ს მომავალი სამიტისთვის.

პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ამბობს, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც წევრობის ვალდებულებებსა და მოვალეობებს იკისრებს, შეძლებს წვლილის შეტანას ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში.

„აშშ-ის ამოცანაა მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მიმართულებით მუშაობა, ასევე, პლანეტის ყველაზე ძლიერი ალიანსის ძალისხმევის გამოყენება მსოფლიოს გარშემო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნატო დღეს ძლიერია იმ საერთო ფასეულობებით, რომელსაც ყველა მისი წევრი იზიარებს“, - განაცხადა ჯონ ქერიმ.

გეოპოლიტიკური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე განმარტავს, რომ ნებისმიერი მსგავსი შეხვედრა განიხილება როგორც ერთი მოსამზადებელი ნაბიჯი უელსის სამიტისათვის. რადგან, მისი თქმით, მართლაც, რომ უელსის სამიტისთვის საქართველო ელოდება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელმაც ადეკვატურად უნდა შეაფასოს ის ძალისხმევა, რეფორემი და წინსვლა, რომელიც განახორციელა საქართველომ ალიანსთან დაახლოებისათვის.

„ეს უნდა იყოს ის გზავნილი, რომელიც მოგვცემს საშუალებას უფრო მეტად დავუახლოვდეთ ალიანსს და ჩვენი ურთიერთობა გადავიდეს რეალურად თანამშრომლობის ახალ საფეხურზე. ძნელია საუბარი იმაზე რა დაერქმევა ამას, გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, თუ ამას ეწოდება სხვა სახელი.

მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცა ახალი ინსტრუმენტი საქართველოს ნამდვილად სჭირდება და ჩემი ინფორმაციით, ამ თემაზე მსჯელობა მიმდინარეობს ალიანსში. მხოლოდ და მხოლოდ განმეორება იმ ჩანაწერის, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაკეთდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება“, - აცხადებს ფხალაძე.

მისი თქმით, ბრიუსელში, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც ალიანსის საქართველოსთან ურთიერთობას განიხილავენ, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი თქმით, იქ განიხილება უსაფრთხოების ფართო სპექტრი, მათ შორის ის, თუ რა ბედი შეიძლება ეწიოთ ასპირანტ სახელმწიფოებს.

„აქ არის საქართველო და ის სამი ქვეყანა, რომელსაც მიღებული აქვს მაპი. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკრებაა, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. მართლა იმედი მაქვს, რომ ჩვენი დიპლომატია ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოიყენებს. მითუმეტეს იმ ფონზე, რაც ხდება დღეს უკრაინაში.

არის რეალური საფრთხეები, არა მხოლოდ უკრაინის მიმართ, არამედ სხვა ქვეყნების მიმართ, რომლებმაც გადაწყვიტეს თავიანთი გზა დაუკავშირონ ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს, განახორციელონ იგივე, რაც ხდება უკრაინაში. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა გადაწყვეტილებაზე ჩამოყალიბდება ალიანსის წევრი ქვეყნები საქართველოსთან მიმართებაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ ნატო არის ერთსულოვანი იმაში, რომ საქართველოსთვის არ იქნება საკმარისი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გამეორება.

ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, არის გარკვეული მოლოდინები ნატო-ს სამიტიდან, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული კონტრიბუცია და დემოკრატიის კონსოლიდირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები შესაბამისად შეფასდება ნატო-ს სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.

„როგორც ცნობილია, ძალიან მკაფიოდ გაცხადდა, რომ ივნისამდე გაგრძელდება პროგრესის ანგარიშის მომზადება ასპირანტი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის და ივნისში მინისტერიალზე მოხდება პროგრესის ანგარიშის განხილვა, სადაც მაღალი ალბათობით მიიღება გადაწყვეტილებები და საქართველოს საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, თუ რა იქნება შემდგომი, პრინციპულად ახალი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას ასახავს.

უაღრესად მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნატო არის ერთსულოვანი იმაში, რომ საქართველოსთვის არ იქნება საკმარისი ბუქარესტის, ჩიკაგოს  სამიტის გადაწყვეტილების გამეორება. უნდა მოხდეს ახალ, პრინციპულ გადაწყვეტილებაზე ჩამოყალიბება, რაზეც მიმდინარეობს მუშაობა ნატო-ს შიგნით“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

სამხრდო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ამბობს, რომ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე იქნება მკაფიო გზავნილი და საუბარი იმაზე, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ნატოში უახლოეს ხანში.

„იმ შემთხვევაში, თუ ეს პერსპექტივა გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურის ან სხვა მოსაზრების გამო იწელება, იმ პერიოდში როგორ მოხდება საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ანუ როგორ უნდა მოხდეს რუსეთის აგრესიის გაჩერება? აშშ-ის დაზვრევის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია ხდება ცხინვალის რეგიონში, მართალია, მსხვილმასშტაბიან კონფრონტაციაზე არაა საუბარი, მაგრამ რაკი ზრდა შეინიშნება, ეს უკვე არის ინდიკატორი იმისა, რომ რაღაცა ხდება.

ის, რომ საქართველოსგან თავდასაცავად რუსეთს სამხედროების ზრდა არ სჭირდება, ფაქტია. ეს მანიშნებელია იმისა, რომ საქართველოს უსაფრთხოება ძალიან მყიფეა და შესაბამისად, ახლა იქნება ევროპული ქვეყნების განცხადება ერთი მხრივ, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას და გვერდში დაუდგებიან მას. მაგრამ უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ, რაში გამოიხატება ეს მხარდაჭერა. ყველაზე მარტივი საქართველოს უსაფრთხოებისთვის არის საქართველოს ნატოში გაწევრიანება. დღეს ეს იქნებოდა ადეკვატური ნაბიჯი ევროპისგან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი თავდგირიძემ.