ნარმანიას გასაიდუმლოებული 41-52 პროცენტიანი რეიტინგი

ნარმანიას გასაიდუმლოებული 41-52 პროცენტიანი რეიტინგი

თვითმმართველობის არჩევნებამდე 75 დღეა დარჩენილი, თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დავით ნარმანიას პიროვნული რეიტინგი კი გასაიდუმლოებულია. მმართველი გუნდის კულუარებში აცხადებენ, რომ IRI-ის კვლევებით, ინფრასტრუქტურის მინისტრს 52 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აღნიშნავენ, რომ ნარმანიას რეიტინგი 41-42 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

იქედან გამომდინარე, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები საჯარო არ არის, პარტიული რეიტინგებით პოლიტიკურ წრეებში მანიპულირებენ, მაგრამ შესაძლოა, ამას წერტილი IRI-მ დაუსვას და პარტიული მონაცემები გაასაჯაროვოს.

სანამ, 19 თებერვლიდან 13 მარტამდე პერიოდში ჩაატარებული კვლევის შედეგები დღის სინათლეს ნახავს, საზოგადოებას მსჯელობა კვლევის იმ ნაწილზე შეუძლია, რომელიც უკვე ცნობილია.

კერძოდ, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობისთვის მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის მერი თბილისელი იყოს.

კითხვაზე - რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის თბილისის მერი იყოს თბილისელი? - გამოკითხულთა 35% ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, 24 პროცენტისთვის - ამას არ აქვს მნიშვნელობა, 22 პროცენტისთვის ეს საკითხი ნაწილობრივად მნიშვნელოვანია, 18 პროცენტისთვის კი საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი არ არის.

15 ივნისამდე, დავით ნარმანიას პიროვნული მაჩვენებელი თუ რამდენით გაიზრდება, ან პირიქით შემცირდება, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ პოლიტიკურ წრეებში მეორე ტურის ჩატარებაზე უკვე საუბრობენ.

ნაციონალი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ დავით ნარმანიას დაბალი რეიტინგი აქვს და ის 50 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. მისი თქმით, დავით ნარმანიას რეიტინგის გამო, ხელისუფლება აგონიაშია.

„დავით ნარმანიას დაბალი რეიტინგი აქვს. ის ბარიერს ვერ გადალახავს და ამას კვლევა ადასტურებს. ხელისუფლებას დღევანდელი მოქმედებები სწორედ იმისთვის სჭირდება, რომ ემოციური ფონი შექმნას და ამომრჩეველმა გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე მიიღოს, მაგრამ ეს მოსახლეობისთვის უკვე კარგად ნაცადი ხერხია“, - აღნიშნავს ვაშაძე, რომლის პათოსსაც იზიარებს ლევან ბეჟაშვილი.

for.ge-სთან საუბარში კანონმდებელი აღნიშნავს, რომ დედაქალაქის მცხოვრებთა 35 პროცენტი მერად „კარენოი“ თბილისელის დანიშვნას კი არ ითხოვს, არამედ ისინი ივანიშვილის მიერ ნარმანიას წარდგენის წინააღმდეგ გამოდიან.

ბეჟაშვილის მოსაზრებით, კვლევა აჩვენებს, რომ მეორე ტურის ალბათობა ძალიან მაღალია.

„როგორც ჩანს, მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ დავით ნარმანია რელევანტური არ იქნება. მეორე ტურის ალბათობა მაღალია, რადგან ტენდეცია დაიხატა, რომ ნარმანიას ის მხარდაჭერა არ აქვს, რაც მას გამარჯვების საშუალებას მისცემდა. გარდა ამისა, ხელისუფლების მიმართ დაპირებების შეუსრულებლობის გამო ნეგატივი მატულობს და ეს თვითმართველობის არჩევნებამდე რადიკალიურ ხასიათს მიიღებს“, - აღნიშნავს ბეჟაშვილი.

ოპონენტებისგან განსხვავებით, მმართველი გუნდი დავით ნარმანიას წარმატებაში დარწმუნებულია.

for.ge-სთან საუბარში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ დავით ნარმანიას გამარჯვების გასაღები მისი პიროვნული თვისებები იქნება.

დეპუტატის თქმით, პიროვნების რეიტინგს აბსოლიტური სიზუსტით ვერცერი კვლევა ვერ ასახავს და გარკვეული მიახლოებითი სურათი იქმნება.

„კითვაზე - გირჩევნიათ თუ არა დედაქალაქის მერი წარმომავლობით თბილისელი იყოს? შეიძლება მეტი პროცენტის ადამიანებს თბილისელი მერი სურდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თბილისის ამომრჩეველი არ იქნება იმდენი, რამდენიც ნარმანიას გამარჯვებისთვის არის საკმარისი. მისი პიროვნული თვისებები იქნება გარანტია იმისა, რომ მან გაიმარჯვოს. თბილისელი მერი გვყავდა და ვნახეთ, როგორ ხარჯავდა ის საბიუჯეტო თანხებს“, - დასძინა ბესელიამ, რომლის პოზიციაზეც დგას გუგული მაღრაძე.

კანონმდებელი მიიჩნევს, რომ პროვინციალიზმი უნდა დამთავრდეს.

„საქართველოს რომელ კუთხეშიც არ უნდა დაიბადო, თბილისის პრობლემების გაგება არ გაგიჭირდება. მითუმეტეს ნარმანიას, რომელსაც თბილისში ცხოვრების სტაჟი აქვს. მთავარია, რომ ნარმანიას გამცოდილება და ნდობა აქვს. თბილისელი მერები ვნახეთ და მათი საქმეებიც ვიცით“, - განუცხადა for.ge-ს მაღრაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ნარმანიას პროცენტულ მონაცემებს არ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ მისთვის ცნობილი წინასწარი მონაცემებით, შეიძლება, ნარმანიამ 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახოს.

„არის მონაცემები, რომ შეიძლება მან 50 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბარიერს გადალახავს. აქტიური წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა და საზოგადოებრივი აზრი კიდევ შეიცვლება“, - დასძინა ვოსლკიმ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტის გამოკითხვაში 3 992 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა და ცდომილება 1,5 პროცენტს შეადგენს.