„კმარა, ქალბატონო ჩიორა, კმარა!“

„კმარა, ქალბატონო ჩიორა, კმარა!“

ზურაბ ადეიშვილის მიერ დამკვიდრებული მანკიერი ტრადიცია დარღვეულია - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგა.

თუ წლების განმავლობაში, ზურაბ ადეიშვილი საკანონმდებლო ორგანოს არაფრად აგდებდა და პარლამენტში მოხსენებით საკუთარ მოადგილეს თინა ბურჯალიანს გზავნიდა, დღეს, უწყებას იუსტიციის მინისტრი თავად ესტუმრა და ყურადღება დაგეგმილ პროექტებსა და გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა, რომელიც ორი საათის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ჩიორა თაქთაქიშვილის ბოიკოტით დასრულდა.

ოპოზიციონერი იუსტიციის მინისტრმა გაანაწყენა, რომელმაც თაქთაქიშვილს წინამორბედის „საგმირო საქმენი“ შეახსენა. თავის მხრივ, ნაციონალმა მინისტრს ბოლო წელიწადნახევაში მომხდარი სისხლის სამართლის საქმეებზე პასუხისმგებლობა დააკისრა.

გამოსვლისას თაქთაქიშვილი დაინტერესდა ერევა თუ არა სისხლის სამართლის საქმეებში თეა წულუკიანი და თუ არ ერევა მაშინ, საქმეებზე რატომ არ დგას შედეგი?!

„თათუხაშვილი, ფერტენაძე და მაისურაძე იმ სისტემას შეეწირნენ, რომლის სათავეშიც თქვენ დგახართ! არგუმენტები, რომ სისხლის სამართლის საქმეებში ვერ ჩაერევით, მიუღებელია. პროკურორების - ძნელაშვილისა და გილაურის მიმართ შენიშვნას არ აფიქისირებთ, არადა, ისინი თათუხაშვილის წამებაში არიან მხილებულნი. ვერ მივიღებ პასუხს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არევით!“, - მიმართა თაქთაქიშვილმა წულუკიანს, რომელსაც მთავრობის წევრმა იურიდიული განათლება დაუწუნა.

მინისტრის შეფასებით, თაქთაქიშვილის ფუნქცია ნულამდე იყო დაყვანილი და მას აზრების გამოთქმის საშუალება ახალი ხელისუფლების პირობებში მიეცა.

„ვინ გისმენდათ ადრე? - საკუთარი ხელისუფლება არ გისმენდათ! კმარა ქალბატონო ჩიორა, კმარა! თქვენ რომ გისმენთ ძალიან გული მწყდება, რადგან არც კანონი იცით, არც კონსტიტუცია წაგიკითხვათ, არც ის იცით, რომ კანონებს მინისტრები არ წერენ. კანონი თქვენ მიიღეთ, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის მინისტრს ინდივიდუალურ სისხლის სამართლის საქმეში ჩარევა ეკრძალება. აქ შინაგან საქმეთა მინისტრი მოვა და კითხვები მას დაუსვით, მაგრამ მანამდე კანონი წაიკითხეთ“, - განაცხადა თაქთაქიშვილის საპასუხოდ წულუკიანმა, რომელმაც ოპოზიციონერს შეახსენა, რომ ზურაბ ადეიშვილი, რომელიც მისი თქმით, შექმნილი პოლიტიკოსი იყო, პარლამენტს კანონის მიღებას უბრძანებდა, მოგვიანებით კი, „საკანონმდებლო მაცნეში“ მიიჭრებოდა და გამოქვეყნებულ კანონებს ხელით ასწორებდა.

მინისტრის კრიტიკას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მოთმინებით შეხვდა, თუმცა, თაქთაქიშვილი იუსტიციის სახლთან დაკავშირებით, წულუკიანის რეპლიკამ ისევ აღაშფოთა.

კერძოდ, გიორგი თევდორაძე, რომელიც თეა წულუკიანმა შეაქო, დაინტერესდა - თბილისში, სანაპიროზე მდებარე იუსტიციის სახლის ჭერიდან რამდენი გიფსოკარდონი ჩამოვარდა. ოპოზიციონერის საპასუხოდ მინისტრმა აღნიშნა, რომ მან რაოდენობა არ იცის, თუმცა, დასკვნის მიხედვით ცნობილია, რომ „ბევრი ჭანჭიკები აკლია“. თაქთაქიშვილის გაღიზიანება სწორედ ჭანჭიკების ხსენებამ გამოიწვია, მან მინისტრი „ჭანჭიკებზე ღლაბუცში“ დაადანაშაულა და სხდომა ბოიკოტის ნიშნად დატოვა.

ოპოზიციონერის განაწყენების მიუხედავად, თეა წულუკიანმა გამოსვლა განაგრძო და რეფორმებზე ისაუბრა.

მინისტრის ცნობით, იუსტიციის სამინისტრომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში სახელმწიფოებრივი განვითარება შეუქცევადი პროცესი გამხდარიყო. მისი განმარტებით, 18 თვის განმავლობაში, მთავარი აქცენტი ადამიანის უფლებებზე გაკეთდა.

„იუსტიციის სამინისტრო განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპის გადახედვას, იურიდიული დახმარების ინსტიტუციურ რეფორმას, საპროცესო გარიგების ინსტიტუტის გარდაქმნას, განაჩენის აღსრულების გადავადების ახლებური მექანიზმების დანერგვას, დაცვის მხარის უფლებების ზრდას, სასამართლოში მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დამკვიდრებას“, - განაცხადა წულუკიანმა, რომლის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში, წინა ხელისუფლების პერიოდში გადაგზავნილ 90-ზე მეტ საქმეზე, მორიგება მოხდა.

მთავრობის წევრის განმარტებით, ყოფილი ხელისუფლების დროს, სტრასბურგში საქმეები იყო გაგზავნილი წამების, მკვლელობების, არაადამიანური მოპყრობის კუთხით.

„კონკრეტულ მსხვერპლებთან მიწევს მუშაობა იმისათვის, რომ მათი უფლებები აღდგეს. 2008 წელს, სტარსბურგში გაგზავნილ მხოლოდ ერთ საქმეზე მორიგდა ჩემი წინამორბედი მსხვერპლთან, 2009 წელს - ორ საქმეზე, 2011 წელს - ორ საქმეზე, 2012 წელს, ჩემი მისვლის შემდეგ - ხუთ საქმეზე, ხოლო მთლიანად 2013-2014 წლებში დღემდე, ძველ საქმეებზე, რომელიც სტრასბურგში წინა ხელისუფლების პერიოდში გაიგზავნა, მორიგება 90-ზე მეტ საქმეზე მოხდა. ეს ნიშნავს იმას, რომ წინა ხელისუფლების მსხვერპლებს, რომლებმაც რკინის ქალამნები ჩაიცვეს და სტასბურგამდე იარეს, სანამ სტასბურგი მიიღებდა გადაწყვეტილებას, აქვე აღვუდგინეთ უფლებები“, - განაცხადა მინისტრმა, რომელმაც დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.

წულუკიანის თქმით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე მუშაობა მიმდინარეობს და იუსტიციის სამინისტრო არაერთ სიახლეს გეგმავს საარბიტრაჟო სამართლის, სანოტარო სამართლის, ადამიანის უფლებების სტრატეგიის კუთხით.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, თეა წულუკიანმა ანტინარკოტიკული საბჭოსა და ტრეფიკინგის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტრეფიკინგის ფაქტების გამოძიება 40 პროცენტით არის გაზრდილი, განაჩენი კი ხუთჯერ არის დამდგარი. ასევე მინისტრმა პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო იყო პირველი სახელმწიფო უწყება, რომელმაც ყოფილ პატიმრებს დახმარების მიზნით სხვადასხვა სერვისი შესთავაზა, რითაც მათ საშუალება მისცა, საზოგადოებას სრულუფლებიან წევრებად დაბრუნებოდნენ.

საბოლოო ჯამში, როგორც მოსალოდნელი იყო, მინისტრის მოხსენებით კმაყოფილი უმრავლესობა დარჩა, უმცირესობა - უკმაყოფილო. სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ მინისტრის ანგარიში არაადეკვატური იყო და ის თითქოს საქართველოში არ ცხოვრობს. ოპონენტისგან განსხვავებით კი, ეკა ბესელია მინისტრის გამოსვლით და პარლამენტში მისვლით კმაყოფილი დარჩა.